BBC – ყირგიზეთში ხელისუფლება ოპოზიციამ ჩაიგდო ხელში
ყირგიზეთში ხელისუფლება ოპოზიციამ ჩაიგდო ხელში, ქვეყნის მოქმედ პრემიერ-მინისტრად კი პატიმრობიდან გათავისუფლებული ყოფილი პრემიერი, სადირ საფაროვი დანიშნეს, რომელიც 11-წლიან სასჯელს 8 წლის წინ ანტისამთავრობო აქციის დროს ერთ-ერთი რეგიონის გუბერნატორის გატაცებისთვის იხდიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მთავრობის შეცვლის მიზნით ყირგიზეთის პარლამენტმა ბიშკეკის სასტუმროში საგანგებო სხდომა გამართა.
ყირგიზეთის პრეზიდენტმა სოორონბაი ჟეენბეკოვმა BBC-სთან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ მზადაა პასუხისმგებლობა „ძლიერ ლიდერებს“ გადააბაროს. მისივე თქმით, დემონსტრანტების მიზანი არა არჩევნების შედეგების გაუქმება, არამედ მისი გადაყენება იყო.
ყირგიზეთში კვირას ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. დემონსტრანტები არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევდნენ და მისი შედეგების გაუქმებას მოითხოვდნენ. ისინი პარლამენტის, პრეზიდენტისა და მთავრობის შენობებში შეიჭრნენ. პატიმრობიდან გაათავისუფლეს ქვეყნის ექსპრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი და ყოფილი პრემიერი სადირ საფაროვი. გუშინ, ყირგიზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების შედეგები ბათილად ცნო. საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტებსა და სამართალდამცავებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 700-მდე კი – დაშავდა.