ბეირუთი – “ხალხს სურს რეჟიმის ჩამოცილება”
ბეირუთის ცენტრალურ მოედანზე ათასობით ადამიანი საპროტესტო აქციას მართავს. ისინი 4 აგვისტოს დამანგრეველი აფეთქების შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ და პროტესტს უცხადებენ ხელისუფლებას, რომელიც, მათი თქმით, თავისი უმოქმედობით, ქვეყანას რთულ მდგომარეობაში აყენებს.
ადგილობრივი მედიის თანახმად, დემონსტრაციაზე ადამიანები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ჩავიდნენ. ისინი მომხდარ ტრაგედიაზე პასუხისმგებელი პირების დასჯას მოითხოვენ. არაერთი მოქალაქე სვამს კითხვას, რატომ ვერ აიცილა მთავრობამ პორტში დასაწყობებული, შემდგომ კი, აფეთქებული ნივთიერებიდან მომავალი საფრთხე, რომლის არსებობის შესახებაც ცნობილი იყო.
“სამი დღის მანძილზე ქუჩების ნანგრევებისგან წმენდის შემდეგ, დროა, საშუალება მივცეთ ჩვენს ბრაზს, გამოთავისუფლდეს და დაისაჯონ ისინი.” – აცხადებს ერთ-ერთი დემონსტრანტი სააგენტო AFP-სთან საუბრისას.
ბეირუთის წამებულთა მოედანზე მოქალაქეთა რიცხვის ზრდასთან ერთად, ისმის რევოლუციური შეძახილები, მათ შორის, – “ხალხს სურს რეჟიმის ჩამოცილება”. აღნიშნული ლოზუნგი ქვეყანაში გასული წლის ოქტომბერში დაწყებული მასშტაბური ანტისამთავრობო დემონსტრაციებისას იყო პოპულარული. მაშინ მთავრობა გადადგა, თუმცა კრიტიკოსთა აზრით, მხოლოდ სახეები შეიცვალნენ, პოლიტიკური სისტემა კი, ისეთივე დარჩა.
აქციის დაწყებამდე შეტაკებები იყო ლიბანის პარლამენტთან, რომელიც მთავარ მოედანთან ახლოს მდებარეობს. სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა აქციის მონაწილეთა დასაშლელად, რომელთა ნაწილიც საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარედ აღმართული ბარიერების გადალახვას ცდილობდა. პროტესტის მონაწილეთა ნაწილი პოლიციას ქვებით იგერიებდა.
4 აგვისტოს ტრაგედია ქვეყანას ისედაც მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე დაატყდა თავს: ლიბანი ეკონომიურ კრიზისშია, განიცდის ელექტროენერგიისა და სასმელად ვარგისი წყლის პრობლემას. ვითარება ახალმა კორონავირუსმაც გააუარესა, რომლის შემთხვევებმაც ისევ ზრდა დაიწყო.
ბოლო მონაცემებით, ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქების შედეგად 160-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი, დაშავებულია 4 000. Reuters-ის ინფორმაციით, ნიდერლანდების ელჩის მეუღლე, რომელიც აფეთქების დროს დაშავდა, დღეს გარდაიცვალა. ტრაგედიის დროს, 55 წლის ჰედვიგ უოლმანს მოლერი მეუღლესთან ერთად, სახლში იმყოფებოდა.
ბეირუთის პორტში მასშტაბური აფეთქება 4 აგვისტოს მოხდა, რასაც ასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა ათასზე მეტი ადამიანი.
ლიბანის მთავრობამ უკვე თქვა, რომ პორტში მდებარე ნაგებობაში, სადაც აფეთქება მოხდა, 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატი 6 წლის მანძილზე, უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე იყო განთავსებული. სააგენტო პირველადი გამოძიება სწორედ დაუდევრობის ვერსიაზე მუშაობს. დაკავებულია 16 ადამიანი. ხელისუფლება პირობას დებს, რომ დამნაშავეები დაისჯებიან.
აფეთქებამ მთელი ქალაქი შეძრა: დაზიანდა მომხდარის ეპიცენტრიდან რამდენიმე კილომეტრით დაშორებული შენობებიც, ახლომდებარე ნაგებობები კი, მთლიანად დაინგრა. ქალაქის გუბერნატორის თანახმად, უსახლკაროდ დარჩა 300 000 ადამიანი.
ქალაქის ქუჩებში მობილიზებულია უამრავი მოხალისე, რომლებიც ქუჩებს ნანგრევებისაგან და ნამსხვრევებისაგან წმენდენ.
ამონიუმის ნიტრატის ზემოაღნიშნული მარაგი ბეირუთში 2013 წელს მოხვდა, მას შემდეგ, რაც ლიბანის დედაქალაქის პორტში მოლდოვის დროშის ქვეშ მცურავი გემი დააკავეს. ის საქართველოდან, კერძოდ, ბათუმის პორტიდან, აღნიშნული ნივთიერებით დატვირთული გავიდა და მოზამბიკისკენ მიემართებოდა.
ბეირუთის პორტში გაჩერებისა და ტექნიკური ინსპექციის შემდეგ, კრიტიკული შეუსაბამობების გამო, გემს მოგზაურობის გაგრძელების საშუალება არ მისცეს, მალევე კი, ის მფლობელებმა მიატოვეს. როგორც Shiparrested.com წერს, ბორტზე ნივთიერების დატოვების თანმდევი რისკების ფონზე, ის ჩამოტვირთეს და პორტის საწყობებში განათავსეს.
მიუხედავად პირველადი გამოძიების მიმართულებისა, ქვეყნის პრეზიენტი აღნიშნავს, რომ მომხდარის მიზეზი დადგენილი ჯერ არ არის და “არსებობს შესაძლებლობაც, ეს იყოს საგარეო ჩარევა, ბომბის, რაკეტის ან სხვა საშუალებით”.