ანალიტიკამნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

ბეირუთში აფეთქება ბათუმიდან მიმავალ ტვირთს უკავშირდება

4 აგვისტოს ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში, პორტში მდებარე საწყობში მძლავრმა აფეთქებამ გაანადგურა პორტში მდებარე შენობები და 10 კილომეტრის რადიუსში დააზიანა ნაგებობები. ბოლო მონაცემებით, აფეთქების შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, 100 ადამიანი და დაშავდა 4000. საწყობში ამონიუმის ნიტრატი ინახებოდა, რომელიც რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთი გემიდან ამოიღეს.

https://www.youtube.com/watch?time_continue=42&v=pR88CECmTso&feature=emb_logo

2013 წლის 23 სექტემბერს ბათუმის პორტიდან მოლდოვის დროშის ქვეშ მცურავი გემი MV Rhosus მოზამბიკის ქალაქ ბეირის მიმართულებით გაემართა. მას 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატი გადაჰქონდა. დაუზუსტებელი ტექნიკური პრობლემების გამო, გემი ბეირუთის პორტში შეჩერდა. შემოწმების შედეგად, ლიბანის პორტში აღმოაჩინეს, რომ გემს ცურვის უფლება არ ჰქონდა. მისი მფლობელი იყო რუსი ბიზნესმენი იგორ გრეჩუშკინი. გრეჩუშკინი კვიპროსის მოქალაქეა. მისმა კომპანიამ, Teto Shipping Ltd-მ, რომელიც მარშალის კუნძულებზე 2012 წელს დაარეგისტრირა, 2014 წლის სექტემბერში არსებობა შეწყვიტა. გრეჩუშკინის კომპანიაში დასაქმებული მეზღვაურები ამბობდნენ, რომ კომპანია მათ ხელფასებს არ უხდიდა. 2013 წელს Rhosus სევილიაშიც დააკავეს 14 დღით.

ეკიპაჟის წევრების უმეტესობა უკრაინელი იყო. ბეირუთის პორტში დაკავების შემდეგ, როდესაც მფლობელმა გემის ბედით დაინტერესება არ გამოხატა და ეკიპაჟის წევრებს საკვების მარაგი გამოელიათ, ასევე იმის გამო, რომ ტვირთი საშიშ ნივთიერებას წარმოადგენდა, საქმეში უკრაინელი დიპლომატები ჩაერთნენ, თუმცა საიმიგრაციო კანონები ეკიპაჟის წევრებს გემის დატოვების საშუალებას არ აძლევდა. საბოლოოდ, საქმეზე სასამართლო განხილვა გაიმართა და ეკიპაჟის წევრებს გემიდან გადმოსვლის და სამშობლოში დაბრუნების უფლება მისცეს.

ამის შესახებ საქმეში მონაწილე მომლაპარაკებლები და ადვოკატები The Arrest News-ის 2015 წლის ოქტომბრის ნომერში წერდნენ.

ვინაიდან ამონიუმის ნიტრატის გემზე გაჩერება საფრთხეს შეიცავდა, ის ბეირუთის პორტის საწყობში გადაიტანეს და გემიც და მისი ტვირთიც აუქციონს ან შესაფერისი მეთოდებით განადგურებას ელოდებოდა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ტვირთის დასაწყობებისას და მას შემდეგ რამდენიმე წლის განმავლობაში, დაცული არ იყო სპეციალური ნორმები, რომელიც ამონიუმის ნიტრატის შენახვისას უნდა იყოს გათვალისწინებული.

ამონიუმის ნიტრატი გამოიყენება როგორც სასუქად, ასევე ასაფეთქებელი მასალის დასამზადებლად. 1995 წელს სწორედ ეს ნივთიერება გამოიყენეს ოკლაჰომა სიტიში ტერორისტული თავდასხმისას, რასაც 169 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბეირუთში აშშ-ს საელჩომ ლიბანის დედაქალაქის მოსახლეობას მოუწოდა, სახლებში დარჩნენ და ატარონ ნიღბები, რადგან აფეთქების შედეგად, სავარაუდოდ, მომწამლავი გაზი გამოიყო.

თუმცა ზოგიერთი ექსპერტი, მათ შორის აშშ-ს ალკოჰოლის, თამბაქოს, იარაღის და ასაფეთქებელი მოწყობილობების ბიუროს გამომძიებელი ენტონი მეი ამბობს, რომ ამონიუმის ნიტრატის აფეთქების შემთხვევაში წარმოქმნილი ღრუბელი ყვითელი შეფერილობის უნდა ყოფილიყო. ღრუბელი მოწითალო ფერის იყო, რაზე დაყრდნობითაც მეი ამბობს, რომ გამორიცხული არ არის, საწყობში ამონიუმის ნიტრატი მართლაც ყოფილიყო, თუმცა საქმე გვაქვს სხვა ნივთიერებასთანაც. მისივე თქმით, დაკვრითი ტალღა კილოტონიანი ატომური ბომბის აფეთქებისას უტოლდებოდა, თუმცა არავითარი მინიშნება არ არსებობს იმაზე, რომ აფეთქება რადიოაქტიურმა ნივთიერებამ გამოიწვია.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ლიბანელი ხალხის მიმართ თანაგრძნობა გამოხატა და ინციდენტს “შემზარავი თავდასხმა” უწოდა, თუმცა მალევე აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტში განაცხადეს, რომ არ არსებობს რაიმე მინიშნება იმაზე, რომ აფეთქების მიზეზი თავდასხმა გახდა. ამასვე ამბობენ ლიბანის ოფიციალური პირები. მათი თქმით, პირველი აფეთქება პორტში დასაწყობებულმა ფოიერვერკმა გამოიწვია. მეორე კი, მას შემდეგ მოხდა, რაც ცეცხლმა ფეთქებად ნივთიერებამდე მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს, გაეროში გამოსვლისას, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სწორედ ლიბანის პორტის სატელიტური ფოტოები წარმოადგინა და თქვა, რომ იქ დაჯგუფება ჰეზბოლა რაკეტებს ამზადებდა. მოგვიანებით მან თქვა, რომ გაეროში გამოაშკარავების შემდეგ, დაჯგუფებამ ამ ლოკაციებზე ოპერაცია შეწყვიტა.

ლიბანს დახმარება უკვე შესთავაზა ისრაელმა, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, თურქეთმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, იორდანიამ, ქუვეითმა, კატარმა, რუსეთმა და ესპანეთმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მომხდარ აფეთქებას სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება.

მთავრობის მეთაური მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს და ლიბანელ ხალხს გამძლეობასა და სიმტკიცეს უსურვებს.

„ღრმად დამამწუხრა ბეირუთში მომხდარმა გამანადგურებელმა აფეთქებამ, რომელმაც ათობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, დაშავდა ათასობით ადამიანი. გულითადად ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და მეგობრებს. ლიბანელ ხალხს გამძლეობასა და სიმტკიცეს ვუსურვებ გლოვის ამ მძიმე პერიოდში.” – წერია პრემიერ-მინისტრის ტვიტში.

მსგავსი პოსტები

Back to top button