ბელარუსის მონაწილეობა უკრაინის წინააღმდეგ ომში ნაკლებად სავარაუდოა-ISW
უკრაინის ომის 300 დღე

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, როგორც ჩანს, ვერ მოახერხა ბელარუსის ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას დარწმუნება, რომ ის ჩაებას უკრაინის წინააღმდეგ ომში, წერს აშშ-ის ანალიტიკური ცენტრი ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW). ამას ირიბად ადასტურებს ის, რომ პუტინმა მინსკში გამართულ შეხვედრაზე მიიღო ლუკაშენკას თეზისები, ოღონდ ვერ დაარწმუნა ბელარუსის ლიდერი, ჩაესწორებინა ისინი. ISW-ს ექსპერტები კვლავაც მიიჩნევენ, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ბელარუსის მონაწილეობა ნაკლებად სავარაუდოა.
“ISW კვლავაც თვლის, რომ ბელარუსის შესვლა უკრაინასთან პუტინის ომში ნაკლებად სავარაუდოა. ის ფაქტი, რომ პუტინმა, როგორც ჩანს, მიიღო ლუკაშენკოს [საჯარო] თეზისები, მათ გამოსწორებაში ლუკაშენკოს დარწმუნების გარეშე, ირიბად ადასტურებს ამ შეფასებას”, – წერენ ანალიტიკოსები.
რუსეთის ფედერაციის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ადრე განაცხადა, რომ პუტინი არ აპირებდა, ლუკაშენკასთან შეხვედრისას განეხილა ე.წ. „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ ბელარუსის მონაწილეობის საკითხი. იგივე გაიმეორა პესკოვმა უშუალოდ ორი ლიდერის შეხვედრის წინ. ოღონდ ამჯერად რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის სიტყვები უფრო იმის მცდელობა იყო, რომ დაეფარა პუტინის სასოწარკვეთილი სურვილი, ომში ჩაეთრია ლუკაშენკა და ამაში ახალი აშკარა წარუმატებლობაო, შენიშნავენ ISW-ს ანალიტიკოსები.
“პუტინმა თქვა, რომ რუსეთი არ არის დაინტერესებული ვინმეს შთანთქმით, რაც გულისხმობს ბელარუსს. ეს განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც ლუკაშენკომ კიდევ ერთხელ დაადასტურა დამოუკიდებლობა და სრული სუვერენიტეტი 16 დეკემბერს, რაც თავდაცვით რეაქციას ჰგავს ლუკაშენკოს კომენტარებზე”, – ნათქვამია განცხადებაში.
18 დეკემბერს, ომის კვლევის ინსტიტუტმა განაცხადა, რომ კრემლი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინი იმიჯის გადარჩენას ცდილობს. ISW-ს თანახმად, პროპაგანდისტები ასევე ცდილობენ შეახსენონ რუს ხალხს, რომ პუტინი არა მხოლოდ სამხედრო ლიდერია, არამედ სამოქალაქო პირიც, რომელსაც მჭიდრო კავშირი აქვს ხალხთან.
ბელარუსის მიერ რუსეთისთვის უკრაინის წინააღმდეგ ომში დახმარების აღმოჩენის შემთხვევაში, ვაშინგტონი მინსკს დამატებით სანქციებს დაუწესებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა.
„აღმოუჩენს თუ არა ბელარუსი დამატებით მხარდაჭერას პუტინის ომს უკრაინაში, ეს არის ის, რასაც ჩვენ ძალიან ყურადღებით დავაკვირდებით. ამის პოტენციალს თუ ვიხილავთ, შესაბამისად მოვახდენთ რეაგირებას დამატებითი ზომების დასაწესებლად, რათა ლუკაშენკოს რეჟიმს პასუხი ვაგებინოთ იმისთვის, რაც არსებითად წარმოადგენს მის თანამონაწილეობას უკრაინის წინააღმდეგ პუტინის ომში“, – განაცხადა ნედ პრაისმა.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ასევე გამოეხმაურა ვლადიმერ პუტინის განცხადებას, რომ რუსეთი არ აპირებს ვინმეს შთანთქმას. ნედ პრაისმა აღნიშნულ განცხადებას ირონიის მწვერვალი უწოდა ლიდერისგან, რომელიც „მოცემულ მომენტში ცდილობს, ძალადობრივად შთანთქას მშვიდობიანი კარის მეზობელი“.