მნიშვნელოვანისიახლეები

პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნაზე კენჭისყრა ჩავარდა, ოცნებამ რეგისტრაცია არ გაიარა

კვორუმის არარსებობის გამო, პარლამენტის პლენარული სხდომა, სადაც სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს განიხილავდნენ, კენჭისყრების გარეშე დასრულდა.

უმრავლესობის გადაწყვეტილებით, მათ კენჭისყრისთვის რეგისტრაცია არ გაიარეს, რაც უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ქართველი მოსამართლეების მიმართ “სოლიდარობის აქტად” შეაფასა. სხდომაზე რეგისტრაცია მხოლოდ 51 – მა დეპუტატმა გაიარა.

“ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, არ გავიაროთ რეგისტრაცია კენჭისყრამდე. ეს არის სოლიდარობის აქტი ქართველი მოსამართლეების მიმართ“, – განაცხადა კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ კენჭისყრა სხვა საკითხებთან ერთად ხვალ გაიმართება.

6 აპრილს საპარლამენტო ოპოზიციამ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა, სადაც იმ კორუფციულ საქმეებს შეისწავლიან, რაზეც საუბარია მოსამართლეების სანქცირების წერილში.
უმრავლესობის გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად ამ გადაწყვეტილებას ტაშიც დაუკრეს.

როგორც ცნობილია, დღევანდელ სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად დაგეგმილი იყო სასამართლო სისტემაში კორუფციისა და სხვა დარღვევების შემსწავლელი საორგანიზაციო კომისიის შექმნა.

საუბარია პარლამენტში ჯერ კიდევ ივნისის თვეში ინიცირებული დადგენილების პროექტის დამტკიცებაზე, რომელიც სწორედ სასამართლოსთან დაკავშირებით სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს. აღნიშნული პროექტი პარლამენტში „რეფორმების ჯგუფმა“ დააინიცირა.

საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი პარლამენტში, აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის სანქცირების შემდეგ გააქტიურდა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კორუფციისთვის სანქციები დაუწესა მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს. სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აღნიშნავს, რომ მათ, როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესმა წევრებმა, ბოროტად გამოიყენეს საკუთარი თანამდებობები.

სანქცირებასთან დაკავშირებით აშშ აცხადებს, რომ ჰქონდათ სანდო ინფორმაცია, რის თანახმადაც, მოსამართლეები ბოროტად იყენებდნენ საჯარო თანამდებობას კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობით. მათი თქმით, ეს აზიანებდა სასამართლო და საჯარო პროცესს, მოსამართლეების მიმართ უკანონო სარგებლის შეთავაზებით ან ზეწოლით, რათა მიეღოთ მათი პოლიტიკური მოკავშირეების სასარგებლო გადაწყვეტილებები და ახდენდნენ მოსამართლეთა დანიშვნებით მანიპულირებას, პირადი სარგებლის მიღების მიზნით.

ამას გამოეხმაურა ერთ-ერთი სანქცირებული მოსამართლე, ლევან მურუსიძე და განაცხადა, რომ “არა უშავს”. მისი თქმით, ამ ფაქტს “როგორმე გადაიტანს”.

ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები სასამართლო სისტემის პრობლემებზე მუდმივად საუბრობენ და მიუთითებენ, რომ არსებობს მოსამართლეთა ე.წ. კლანი, რომელთა წევრებად სწორედ აშშ-ის მიერ სანქცირებულ პირებს მოიაზრებენ. მათ არაერთხელ მოითხოვეს აღნიშნული მოსამართლეების პერსონალური სანქცირება.

ამ საკითხზე კომენტარი გაკეთებული აქვს ე.წ კლანის წევრს, ლევან მურუსიძესაც – მისი აზრით, ერთ-ერთი რიგითი მოსამართლეა, რომელიც საქმეებს იხილავს და პოლიტიკურ საკითხებზე კომენტარს არ აკეთებს. რაც შეეხება სანქცირების შესახებ კითხვას, მურუსიძემ ამას თავის დროზე ლექსით უპასუხა.

მსგავსი პოსტები

Back to top button