ბელგიამ საფრანგეთს პარიზის ტერაქტების ორგანიზატორი გადასცა [Video]

2015 წლის ნოემბერში განხორციელებულ პარიზის ტერაქტებში მთავარი ეჭვმიტანილი – სალაჰ აბდესლამი საფრანგეთშია ექსტრადირებული – ბელგიის პროკურატურაზე დაყრდნობით იუწყება BBC.

ბელგიური მედიის მონაცემებით, ეჭვმიტანილის გადაცემის ოპერაცია კონფიდენციალობის მკაცრი დაცვით 27 აპრილს განხორციელდა.

ბელგიაში დაბადებული 26 წლის სალაჰ აბდესლამი, რომელმაც საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო, პარიზის ტერაქტების ერთ-ერთ ცოცხალ ორგანიზატორად ითვლება.

ადესლამი თვითონ არ უარყოფს, რომ აფეთქებების დროს პარიზში იმყოფებოდა. იგი 18 მარტს ბრიუსელის გარეუბანში დააკავეს. მისი დაკავებიდან 4 დღის შემდეგ ბრიუსელში აფეთქებათა სერია მოხდა, რის შედეგადაც 35 ადამიანი დაიღუპა, 300 კი მძიმედ დაშავდა. აბდესლამის ადვოკატი – სვენ მარი ამტკიცებს, რომ მისმა დასაცავმა პირმა ბრიუსელის ტერაქტების შესახებ არაფერი იცოდა.

აბდესლამთან ერთად პარიზის ტერაქტებში კიდევ 4 ეჭვმიტანილი დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 13 ნოემბერს საფრანგეთის დედაქალაქში ტერაქტების სერია მოხდა. 20 ნოემბრის მონაცემებით, აფეთქებებს 130 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 350 კი მძიმედ დაიჭრა.

მსგავსი პოსტები

Back to top button