კულტურამნიშვნელოვანიმოზაიკა

ბექა ადამაშვილი ლიტერატურული პრიზის მფლობელი გახდა.

მწერალი ბექა ადამაშვილი 2019 წლის ევროპის ლიტერატურული პრიზის მფლობელი გახდა. ის პირველი ქართველი ავტორია, ვინც აღნიშნული ჯილდო მოიპოვა.

გამარჯვებულის გამოვლენამდე, სპეციალურმა ჟიურიმ, აპრილში, კონკურსის ფინალისტები დაასახელა. შერჩეული 9 ავტორიდან, „შორტ ლისტში“ მხოლოდ სამი მოხვდა: ბექა ადამაშვილი, ლუკა ბაქანიძე და ივა ფეზუაშვილი.

ბექა ადამაშვილი – „ამ რომანში ყველა კვდება“

„ევროკავშირის ლიტერატურული პრიზის მოპოვება (თუკი გამოვტოვებთ იმ ნაწილს, რამდენად სასიხარულო ამბავია ეს ჩემთვის, რაც, ალბათ, ამ წინადადების გარეშეც ნათელი იქნებოდა) რამდენიმე რამის გამოა მნიშვნელოვანი: ეს ნიშნავს წიგნის პოპულარიზაციას მთელს ევროპაში, მონაწილეობას სხვადასხვა ლიტერატურულ ფესტივალზე, თარგმანს ან ნაწილობრივ თარგმანს ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე და ზოგადად, დაინტერესებას (იმედია) ევროპული გამომცემლობების მხრიდან.  განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ საქართველოდან პირველი გამარჯვებული აღმოვჩნდი, რადგან ჩვენი ქვეყანა, წელს, პირველად ჩაერთო  კონკურსში“, – ამბობს ბექა ადამაშვილი.

2019 წელს პრიზის მოსაპოვებლად 14 ქვეყნიდან იბრძოდნენ: ავსტრია, ფინეთი, საფრანგეთი, საქართველო, უნგრეთი, ირლანდია, იტალია, ლიეტუვა, რუმინეთი, პოლონეთი, საბერძნეთი, სლოვაკეთი, დიდი ბრიტანეთი და უკრაინა. წელს, კონკურსში, საქართველო და უკრაინა პირველად მონაწილეობდნენ, მიუხედავად იმისა, რომ პრემია უკვე მეთერთმეტე წელია, გაიცემა.

გამარჯვებული კონკურსანტები თოთხმეტსავე მონაწილე ქვეყანაში გამოვლინდა, თითოეული ჯილდოს სახით, 5 000 ევროს მიიღებს. მათი ტექსტები, ერთ კრებულად, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე გამოიცემა.

მსგავსი პოსტები

Back to top button