“[ბესელია] წავიდა გუნდის და გუნდურობის პრინციპის წინააღმდეგ”
“ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს, რომ ეკა ბესელიას იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადადგომის საკითხი ჯერ კიდევ ზაფხულში განიხილებოდა.
შესაბამისად, ივანიშვილისთვის უცნობია, რატომ დაუკავშირა ბესელიამ მისი გადადგომა მოსამართლეობის კანდიდატების საკითხს.
ამასთან, როგორც ივანიშვილი საკუთარ განცხადებაში განმარტავს, ბესელიასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის პოზიცია უკავშირდებოდა იმ სირთულეებს, რომლებმაც მმართველ გუნდში 2017 წელს იჩინა თავი და რომლებიც პოლიტიკაში მისი დაბრუნების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად დაასახელა – ეს იყო გუნდურობის დეფიციტი.
“ამ კონტექსტში, სამწუხაროა, რომ ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში, სრულიად სხვა საფუძვლით მიღებული გადაწყვეტილება ეკა ბესელიამ მოსამართლეების არჩევის საკითხს დაუკავშირა. კიდევ უფრო გაუგებარია ის გადაწყვეტილებები, რომლებიც მან თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ მიიღო – რამდენიმე დღის განმავლობაში პარლამენტის ბიუროსთვის განცხადების არწარდგენით, აგრეთვე პარლამენტის რეგლამენტის უხეში დარღვევის გზით გედევან ფოფხაძის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ არჩევით, იგი წავიდა გუნდის და გუნდურობის პრინციპის წინააღმდეგ.
გუნდის მიმართ ამგვარი დამოკიდებულების გათვალისწინებით, სრულიად ბუნებრივია, რომ დღის წესრიგიდან მოიხსნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ ეკა ბესელიას არჩევის საკითხი“, – აცხადებს ივანიშვილი.
პარტიის თავმჯდომარის განცხადებას დღესვე, პარიზიდან უპასუხა ეკა ბესელიამ.
“რაც შეეება ამ განცხადებას, რაც გავრცელდა პარტიის თავმჯდომარის სახელით, ორშაბათს ვისაუბრებ და ნათელს მოვფენ ყველაფერს!!!” – აცხადებს ბესელია.
დღესვე, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გედევან ფოფხაძიც გამოეხმაურა. მოისმინეთ გედევან ფოფხაძის ხმა.