“ბევრმა რესპუბლიკამ თან წაიღო რუსი ხალხის ნაჩუქარი მიწები”
რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ საბჭოთა კავშირიდან გასვლისას, ბევრმა რესპუბლიკამ, “ტრადიციულად რუსული მიწები” თან წაიღო.
ტელეარხ „როსია 1“-ის პროგრამაში „მოსკოვი. პუტინი. კრემლი“, რომელიც ეთერში 21 ივნისს გავიდა, ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ საბჭოთა კავშირის შექმნის დროს, მის შემადგენლობაში შესულმა ბევრმა რესპუბლიკამ „უზარმაზარი რაოდენობით რუსული მიწები“ და „ტრადიციულად, ისტორიულად რუსული ტერიტორიები“ მიიღო.
პუტინის განცხადებით, საბჭოთა კავშირის დაშლის დროს, ეს რესპუბლიკები უნდა გასულიყვნენ იმით, რითიც მოვიდნენ და თან არ უნდა წაეღოთ „რუსი ხალხის საჩუქარი“.
პუტინს არ დაუკონკრეტებია, რომელ რესპუბლიკებს და რომელ მიწებს გულისხმობს და მხოლოდ ის თქვა, რომ საბჭოთა კავშირის შექმნისას, ხელშეკრულებაში გაწერილი იყო გასვლის უფლება, მაგრამ არ იყო გაწერილი პროცედურები.
პუტინმა ისევ გაიმეორა, რომ 2014 წელს, რუსეთთან ყირიმის შეერთება ნახევარკუნძულის მოსახლეობის დემოკრატიული არჩევანი იყო. „ყირიმი ყოველთვის ჩვენი იყო, იურიდიული თვალსაზრისითაც კი.” – განაცხადა პუტინმა.
მოგვიანებით, პუტინის ეს განცხადება მისმა პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განმარტა.
“რუსეთს თავის მეზობლებთან ტერიტორიული პრეტენზიები არ გააჩნია.” – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ „როსია 1“-ისთვის მიცემული ინტერვიუს კომენტირებისას განაცხადა.
„არა, რუსეთს თავის მეზობლებთან არანაირი ტერიტორიული პრეტენზია არ გააჩნია.” – აღნიშნა პესკოვმა.