ბიბილოვი “გენერალური პროკურორის” შეცვლაზე უარს ამბობს და გადადგომას არც თავად აპირებს
რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა „პარლამენტს“ ე.წ. გენერალური პროკურორის თანამდებობიდან ურუზმაგ ჯაგაევის გათავისუფლებაზე უარი უთხრა.
ადგილობრივ ტელეკომპანია „ირ“-თან ინტერვიუში ბიბილოვმა თქვა, რომ დეპუტატებს პასუხი 16 სექტემბერს გაუგზავნა. დე ფაქტო პრეზიდენტის განცხადებით, ჯაგაევის გათავისუფლების არანაირი კანონიერი საფუძველი არ არსებობს, რადგან მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა. ბიბილოვის თქმით, ინალ ჯაბიევის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება გრძელდება და ყველა დამნაშავე დაისჯება.
30 წლის ინალ ჯაბიევი 28 აგვისტოს, ცხინვალის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სავარაუდოდ, მისი სიკვდილი იზოლატორში ცემამ და წამებამ გამოიწვია. ჯაბიევი დე ფაქტო შს მინისტრ იგორ ნანიევის ავტომანქანაზე 17 აგვისტოს მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმაში იყო ეჭვმიტანილი.
ინალ ჯაბიევის გარდაცვალებას საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. დე ფაქტო პრეზიდენტი იძულებული გახდა, „მთავრობა“ დაეთხოვა, თუმცა, აქციები არც ამის შემდეგ შემწყდარა. დე ფაქტო პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა და ცხინვალში საპროტესტო აქციების მონაწილეებმა „გენერალური პროკურორის“, ურუზმაგ ჯაგაევის გადადგომაც მოითხოვეს. „პარლამენტის“ 25-მა წევრმა ბიბილოვს შესაბამისი მიმართვა 29 აგვისტოს გაუგზავნა.
ცხინვალში საპროტესტო აქციების მონაწილეები ანატოლი ბიბილოვის გადადგომასაც მოითხოვდნენ. ბიბილოვი აცხადებს, რომ მის გადადგომას 500 ადამიანი მოითხოვს. „მე პრეზიდენტად 500 ადამიანს არ ავურჩევივარ. პრეზიდენტი იქნება მანამ, სანამ არ დადგება მორიგი არჩევნები, რომელიც 2022 წელსაა დანიშნული.“ – თქვა ბიბილოვმა ცხინვალში 16 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.
ინალ ჯაბიევის გარდაცვალების გამო, დე ფაქტო შსს-ს 7 თანამშრომელია დაკავებული.