“ბიძინა ივანიშვილი დღესაც არის დე-ფაქტო სანქციების ქვეშ, თუმცა ვერც ეს დე ფაქტო სანქციები ვერ აიძულებს მას, გადადგას ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი” – ირაკლი კობახიძე

ბიძინა ივანიშვილი დღესაც არის დე-ფაქტო სანქციების ქვეშ, თუმცა ვერც ეს დე-ფაქტო სანქციები ვერ აიძულებს მას, გადადგას ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, სანქციების საკითხით შანტაჟი არ არის აქტუალური.
“რაც შეეხება ნიუ-იორკში ვიზიტს. ვიზიტი ხორციელდებოდა გაეროს ფორმატში და ამ ვიზიტს ჰქონდა თავისი ვიწრო მიზანი. რაც შეეხება კომუნიკაციას, ჩვენ გვქონდა ელჩის მეშვეობით კომუნიკაცია, მომავალშიც მზად ვართ, რომ გავაგრძელოთ ელჩის მეშვეობით კომუნიკაცია. რაც შეეხება სანქციებს, ჩვენთვის საერთოდ არ არის ეს საინტერესო თემა. თუ ვინმესთვის შეიძლება პრაქტიკული კუთხით, ფინანსური კუთხით აქტუალური იყოს სანქციები, ეს არის ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ის არის დღესაც დე-ფაქტო სანქციების ქვეშ, თუმცა ვერც ეს დე-ფაქტო სანქციები ვერ აიძულებს მას, უკვე ორ წელიწად ნახევარია, გადადგას ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი. შესაბამისად, ვერავითარი ფორმალური სანქციებით ბიძინა ივანიშვილს ვერ დააშანტაჟებ. სხვა მიმართულებითაც არ არის აქტუალური ასეთი შანტაჟი. აქედან გამომდინარე, ვიღაცეებმა რამდენიც არ უნდა ისაუბრონ სანქციებთან დაკავშირებით, ჩვენთვის ეს არის არასერიოზული და არ არის საინტერესო. ღირსების საქმეა, როდესაც გაშანტაჟებენ ფინანსური საკითხებით და ამ კუთხით შეიძლება იყოს საინტერესო“, – განაცხადა პრემიერმა.
დამისახელეთ ერთი მაგალითი, როცა ბიძინა ივანიშვილი დიდი ფულის ფასად საქართველოს ინტერესებს დაუპირისპირდა – მხოლოდ ავადმყოფ და უტიფარ თავში შეიძლება დაიბადოს აზრი, რომ ივანიშვილი ფულის გადასარჩენად საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ იმოქმედებს, – ეს განცხადება მედიასთან “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.
ვოლსკის თქმით, არ არსებობს სანქცია, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ისეთ ნაბიჯს გადაადგმევინებს, რაც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს დაუპირისპირდება.
„დამერწმუნეთ, როგორც არა ერთ ადამიანს, შესაძლებლობა ჰქონდა ნებისმიერ გარიგებაზე წასულიყო და თავისი ფინანსური რესურსებით სიცოცხლის ბოლომდე ოჯახთან ერთად საკმაოდ წყნარად იცხოვრებდა, მაგრამ მისი რესურსის უშველებელი ნაწილი საქართველოს ეკუთვნის. მას საქართველოს იქეთ არც ინტერესი ჰქონია და არც საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ გადაუდგამს ნაბიჯი. ამის საპირისპიროდ ძალიან ბევრი მაგალითის ჩამოთვლა შემიძლია”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.