მნიშვნელოვანისიახლეები

ბიძინა ივანიშვილი ხვალ პრემიერობის კანდიდატს დაასახელებს-ერთი დღე „ქართული ოცნების” პარტიულ ყრილობამდე

ახალი მთავრობა ქვეყანას სავარაუდოდ ერთ კვირაში უკვე ეყოლება

ერთი დღე „ქართული ოცნების” პარტიულ ყრილობამდე -ღარიბაშვილის შემცვლელს ბიძინა ივანიშვილი დაასახელებს. სწორედ ხვალისთვის დაგეგმილ შეხვედრაზე უნდა დაასახელოს ოფიციალურად “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ, პრემიერმინისტრობის კანდიდატი და ის, დასამტკიცებლად, პოლიტსაბჭოს წარუდგინოს.

“ქართული ოცნების” VIII ყრილობა 14:00 საათზე, სასტუმროში “პარაგრაფ თბილისში” ჩატარდება.
ერთადერთი კანდიდატი, რომელიც ახალ პრემიერად განიხილება ირაკლი კობახიძეა. ყრილობაზევე მოხდება მთავრობის უკვე ყოფილი მეთაურის “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ დანიშვნაც.

ხვალინდელი ყრილობის შემდეგ უნდა გახდეს ცნობილი, რა ცვლილებები იქნება მინისტრთა კაბინეტში. მოსალოდნელია, რომ ყრილობაზე პარტიაში სტრუქტურულ ცვლილებებს განიხილავენ და დაამტკიცებენ.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ რამდენიმე დღის წინ დაადასტურა, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად განიხილება პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, რომელსაც პოლიტსაბჭოს დასამტკიცებლად პარტიის საპატიო თავმჯდომარე წარუდგენს.

რაც შეეხება “ქართული ოცნების” თავმჯდომარის თანამდებობას, მას შემდეგ რაც ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა, განაცხადა, რომ პოლიტსაბჭოსგან მიიღო შეთავაზება, “ქართული ოცნების” თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავოს.
პირველი თებერვლის შემდეგ, პროცესები უკვე საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლებს. სამთავრობო პროგრამას ჯერ კომიტეტები და ფრაქციები განიხილავენ, შემდეგ კი, დასკვნასთან ერთად, უგზავნიან ბიუროს, რომელმაც, პრემიერისა და მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებისთვის, პარლამენტში გასამართი სხდომის თარიღი უნდა განსაზღვროს. მთავრობის დასამტკიცებლად, საჭიროა დეპუტატთა უმრავლესობის, ანუ 76 კანონმდებლის მხარდაჭერა. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტს ნდობის გამოცხადებისთვის 2 კვირის ვადა აქვს, ახალი მთავრობა ქვეყანას, სავარაუდოდ, ერთ კვირაში უკვე ეყოლება.

მსგავსი პოსტები

Back to top button