მნიშვნელოვანისიახლეები

ბიძინა ივანიშვილი რეალურად პანიკაშია- ბარიერგადალახული ოპოზიციის მორიგი აქცია დაიწყო

“არა რუსულ არჩევნებს!” -ბარიერგადალახული ოპოზიცია დღეს მორიგ აქციას მართავს. საპროტესტო მსვლელობა ორი ლოკაციიდან – მეტროსადგურ “სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და მეტროსადგურ “მარჯანიშვილიდან” იწყება.

დღევანდელი აქციის ორგანიზატორები ოპოზიციური პარტიები: “კოალიცია ცვლილებისთვის”, “ძლიერი საქართველო” და “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” არიან. მათ უერთდებიან სტუდენტები, სამოქალაქო სექტორი და მოქალაქეები. აქცია-მსვლელობის მონაწილეების განცხადებით, პროტესტი არის უწყვეტი, სხვადასხვა დღეს, სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა ადგილას. მათი თქმით მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორებმა დაინახონ უკმაყოფილება, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოება 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გამოთქვამს.

ადგილზე აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ ბანერი – „გაიღვიძე საქართველო“, ასევე საქართველოს, ევროკავშირისა და უკრაინის დროშები.

შეკრებილები ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, ასევე, ცესკოს ადმინისტრაციის თანამშრომლების გადადგომაც არის.
ადგილზე უკვე იმყოფებიან „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობისა“ და კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები და წევრები.

მარჯანიშვილის მოედანზე იმყოფება ”ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე.

“ეს არის ხელისუფლება, რომელსაც ნორმალური, სხვადასხვა ქვეყნის ცივილური ლიდერები ხელს არ ჩამოართმევენ. მთელი ძალაუფლება უნდა იყოს ხალხის ხელში, მთელი პროტესტი უნდა გადმოვიდეს ხალხის ხელში, თუ გვინდა, რომ ჩვენს ქვეყანას მივცეთ ძლიერი მომავალი და თავისუფლების განცდა”, – ამბობს მამუკა ხაზარაძე.
მსვლელობის მონაწილეების განცხადებით, მათი მიზანია საერთაშორისო პარტნიორებს დაანახონ სად დგას ქართული საზოგადოება.

როგორც კი ხალხის ძალას იგრძნობენ, იმ წუთას პანიკაში ვარდებიან, ბიძინა ივანიშვილი რეალურად პანიკაშია – თუ დავდგებით ერთად და კიდევ უფრო მეტნი უნდა ვიყოთ, ეს პროტესტი შედეგს გამოიღებს,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს მარჯანიშვილის მოედანზე განუცხადა, საიდანაც საპროტესტო მსვლელობა უნდა გაიმართოს.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, წარმატება ახლა ხალხის ხელშია.

„როგორც კი ხალხის ძალას იგრძნობენ (ახლა კარგად გრძნობენ, რომ ეს პროტესტი არ გაჩერდება), იმ წუთას პანიკაში ვარდებიან. ბიძინა ივანიშვილი რეალურად პანიკაშია, რადგან დარჩა რის ამარა – მთავრობის, რომელიც ტერორისტების გვერდით მდგომია – „ჰამასის“, „ჰეზბოლას“; ეს არის ხელისუფლება, რომელიც პირდაპირ ილაშქრებს შეერთებული შტატების წინააღმდეგ (მინდა, მათ ანაკლიის ჩაგდებული პროექტი გავახსენო). შეერთებულ შტატებში ის პრეზიდენტი მოვიდა, რომლის სახელმწიფო მდივანი, მაიკლ პომპეო ანაკლიის პროექტის მშენებლობას უჭერდა მხარს და პირდაპირ ამბობდა, რომ ჩინეთი და რუსეთი საქართველოს მეგობრები არ არიან. უნდა გავიხსენოთ, სად ვდგავართ. ვდგავართ ისტორიის გასაყარზე. წარმატება მხოლოდ ჩვენს ხელშია. თუ დავდგებით ერთად (კიდევ უფრო მეტნი უნდა ვიყოთ), ეს პროტესტი შედეგს გამოიღებს. ამ ისტორიულ მომენტს ვერ გავუშვებთ ხელიდან, რომ საქართველო გავიყვანოთ სამშვიდობოს, სტაბილურ, მშვიდობიან გარემოში, რასაც ევროპა ჰქვია“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ წააგო არჩევნები, ვიდრე შეუძლიათ, რომ გახდნენ მთავარი ოპოზიციური პარტია, მანამდე მოიქცნენ ღირსეულად და რაციონალურად, თორემ მერე ვერანაირი ოპოზიციური პარტიაც ვერ იქნებიან და საერთოდ პარტიაც ვერ იქნებიან, თუ წითელ ხაზებს გადაკვეთენ – ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ სამშობლოს, მოპარული არჩევნები არ იმუშავებს,- ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ოპოზიცია პარლამენტში შესვლას არ აპირებს და აღნიშნა, რომ კარვების აქცია უახლოეს მომავალში გააქტიურდება.

„რეალურად ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია დღეის მონაცემებით არის ჩვენი კოალიცია. თუმცა ეს ჩვენ არ გვაკმაყოფილებს, ჩვენ, ოპოზიციამ, ჯამში მოვუგეთ „ქართულ ოცნებას“ და აუცილებლად ვიქნებით ხელისუფლებაში და „ქართული ოცნება“, ალბათ, იმ დროისთვის იქნება ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია. მთავარია ის, რომ ჩვენ გვაქვს სერიოზული გეგმები და ჩვენი ამოცანაა, რომ მარტო ჩვენ არ მივიღოთ გადაწყვეტილებები, ვგულისხმობ პარტიაში და ჩვენს კოალიციაში, არამედ ყველა იყოს ჩართული – ყველა რეგიონიდან მოსული დელეგატი იყო ახლა პოლიტსაბჭოსი, ყველამ ერთმანეთს გავუცვალეთ ჩვენი დამოკიდებულებები, დავაჯამეთ არჩევნები, როგორ მოგვპარეს არჩევნები და ასევე, რა ვითარებაა რეგიონებში იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები რეალურად ტოტალურად გაყალბდა. გეგმის მიხედვით მიდის ყველაფერი. ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ სამშობლოს, მოპარული არჩევნები არ იმუშავებს!

მინდა მივმართო ყველას, ვინც ენდო ოპოზიციურ სპექტრს, აბსოლუტურად არანაირი შანსი არ არსებობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გადატეხოს რამენაირად ის დამოკიდებულება, რომელიც არის ჩვენს დასავლელ პარტნიორებში. ყველამ იცის, რომ არჩევნები გაყალბდა, ყველამ იცის, რომ ლეგიტიმაცია ამ პარლამენტს არ აქვს და არც ექნება. ჩვენ, მაგალითად, დღეს, ასევე, ვილაპარაკეთ იმაზე, რომ პარლამენტში არავინ არ შევდივართ, კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ ეს ერთმანეთს. აუცილებლად იქნება საჯარო განცხადება, ლეგიტიმაცია ვერ ექნება პარლამენტს, რომელიც გაყალბებული არჩევნებით მოვიდა და სადაც ოპოზიცია უბრალოდ არ შედის და ეს დასავლეთმა ძალიან კარგად იცის. მთავარია, ჩვენ თვითონ დავიჯეროთ ჩვენი ძალა და ის, რომ შეცვლა შეგვიძლია, მიუხედავად იმისა, თუ რას აკეთებს „ქოცური“ პროპაგანდა. „ქოცური“ პროპაგანდა რომ იყოს წარმატებული, ისინი არჩევნებს მოიგებდნენ გაყალბების გარეშე. ვერ მოიგეს, გააყალბეს უზარმაზარი ოდენობით, შესაბამისად, ის, რაც არ მუშაობს, ვერ იმუშავებს ვერც ახლა. კარვების აქცია კი არ დამთავრებული, კარვები მოაქვთ და მოაქვთ ჩვენს ოფისში და არა მხოლოდ ჩვენს ოფისში. ამას ნახავთ როდისთვის უნდა ელოდოთ. არის ემოციური აქციები და არის მეორე მხარე, რომელიც ცივი გონებით იგეგმება- მე უფრო მეორე მხარეში ვმონაწილეობ, მაგრამ ხედავთ, რომ ჩვენი ლიდერები ვართ განფენილი ყველა მიმართულებით“, – განაცხადა გვარამიამ.

ოპოზიციის ლიდერები დაზუსტებით არ ამბობენ, რა არის დღევანდელი აქციის საბოლოო ლოკაცია და სამოქმედო გეგმა.

როგორც პარტია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ფორმულასთან თქვა, არჩევნების საკითხზე პარალელურად ორი მიმართულებით უნდა იმუშაონ და ერთ-ერთი საერთაშორისო დონეზე მუშაობას გულისხმობს.

“დღესდღეობით ჩვენ ვხედავთ, რომ არ არჩევნებს არ აქვს საერთაშორისო ლეგიტიმაცია და ივანიშვილს ძალიან გაუჭირდება საერთაშორისო წნეხის ფონზე ხელისუფლების უზურპაციის გაგრძელება, მოუწევს აუცილებლად დათმობაზე წასვლა. არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნება აუცილებელია”, – თქვა ბოკუჩავამ მსვლელობის დროს.

ოპოზიციური პარტიების, “კოალიცია ცვლილებისთვის”, “ძლიერი საქართველოსა” და “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაორგანიზებული მსვლელობა, სავარაუდოდ, გმირთა მოედანზე დასრულდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button