მნიშვნელოვანისიახლეები

ბიძინა ივანიშვილის შვილისთვის მნიშვნელოვანია ,,ქვეყანაში იყოს სამართალი,,-მისთვის „რუსულ პოლიტიკაზე საუბარი სასაცილოა“

ოჯახის სიწმინდის დღე ქვეყანაში უკვე 11 წელია აღინიშნება

„მე რიგითი ქართველი ახალგაზრდა ვარ“, – „აქ მოვედი, როგორც რიგითი ქართველი ახალგაზრდა“, – რამდენჯერმე გაიმეორა მილიარდერი ექსპრემიერის, აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის უმცროსმა ვაჟმა, ცოტნე ივანიშვილმა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ქვეყანაში იყოს სამართალი.

„აგრეთვე მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ ქვეყანაში იყოს სამართალი. ამას განაპირობებს სასამართლო და შესაბამისი სტრუქტურები. მე რიგითი ქართველი ახალგაზრდა ვარ, აქ მოვედი, როგორც რიგითი ქართველი ახალგაზრდა, რომ გამოვხატო ჩემი აზრი ოჯახის სიწმინდესთან დაკავშირებით, თქვენ რაზეც მეკითხებით, მათ განაპირობებს სასამართლო, ოფიციალური სტრუქტურები. თვითონ მამაჩემსაც ყველაზე მეტად სტკივა გული ქართველი ადამიანის წინააღმდეგ ძალადობაზე და ყველაზე მეტად უყვარს ქართველი ახალგაზრდები. როგორც უკვე გითხარით, აუცილებელია, ქვეყანაში იყოს სამართალი“, – განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.
ივანიშვილი დღეს, 17 მაისს, რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ კვლავ გამოჩნდა საჯაროდ – ამჯერად ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის საპირწონედ საპატრიარქოს მიერ დაფუძნებული „ოჯახის სიწმინდის დღის“ აღსანიშნავად.

პარლამენტთან ივანიშვილი რამდენიმე წუთით შეყოვნდა ჟურნალისტებთან.

მედიის კითხვაზე, რას ფიქრობს 2013 წლის მოვლენებზე – ლგბტ ადამიანებისა და მათი მხარდამჭერების მცირე ჯგუფზე საპატრიარქოს მრევლის თავდასხმასა და დევნაზე, – ცოტნე ივანიშვილმა თქვა:

„მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია განვასხვავოთ ტოლერანტობა პროპაგანდისგან და ხელოვნური მასიფიკაციისგან. შესაბამისად, ყველა უნდა გვიყვარდეს, ყველას უნდა ვცეთ დიდი პატივი, ვიყოთ ტოლერანტულები, მაგრამ მნიშვნელოვანია ჩვენი სარწმუნოება დავაყენოთ, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი რამ“.

„ძალადობას, თავისთავად, ვგმობ“, – თქვა მან, რაზეც ჟურნალისტებმა ჰკითხეს, – „როგორ დაგმეთ ძალადობა? თუნდაც ბოლო მოვლენებისას, – რუსული პოლიტიკის შედეგად ასობით ადამიანი ციხეში რომ ჩასვეს“.

„რუსულ პოლიტიკაზე საუბარი უკვე სასაცილო გახდა ჩემი აზრით“, – უპასუხა მან.

„ყველას თავისი აზრი აქვს. დამოუკიდებელ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ჩვენი აზრები შეიძლება განსხვავებული იყოს. დანარჩენს რაც შეეხება, ყველაფერს განაპირობებს სასამართლო და შესაბამისი სტრუქტტურები“, – თქვა ცოტნე ივანიშვილმა.

„მე რიგითი ქართველი ახალგაზრდა ვარ, არ მიმაჩნია რელევანტუროდ, მე გიპასუხოთ ამ შეკითხვაზე“, – დასძინა მან.

ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ცოტნე ივანიშვილის ჰკითხა: „მამათქვენს უთხარით, რომ გმობთ იმ ძალადობას, რაც სამართალდამცავებმა ქუჩაში გამოიჩინეს თქვენნაირი ახალგაზრდების წინააღმდეგ“?

„თვითონ ყველაზე მეტად სტკივა ქართველი ადამიანის წინააღმდეგ ძალადობაზე, თვითონ ყველაზე მეტად უყვარს ქართველი ახალგაზრდები, დამერწმუნეთ ამაში. ამის შემდეგ, ქვეყანაში აუცილებელი იყოს სამართალი და ამ ყველაფერს განაპირობებს შესაბამისი სტრუქტურები“, – განაცხადა ივანიშვილმა.

მას ჰკითხეს, ეშინია თუ არა მამამისს დასავლეთისგან სანქციების, რაზეც უპასუხა: „სიმპტოლურად მიმაჩნია, ოჯახის სიწმინდის დღეს რომ სანქციებზე მეკითხებით“.

ახსენა, რომ სტუდენტია, თუმცა კითხვაზე არ დაუზუსტებია, სად სწავლობს.

2024 წლის 27 დეკემბერს, შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა ცოტნე ივანიშვილის მამას, ბიძინა ივანიშვილს – „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს. სანქციები ეხება Credit Suisse-თან მის დავასაც.

„ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, „ქართულმა ოცნებამ“ წინ წასწია კრემლის ინტერესები და საქართველო ევროატლანტიკური ტრაექტორიის რელსებიდან გადაიყვანა, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება იმას, რასაც ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია და ქართველი ხალხი“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტმა.

ძალიან მნიშვნელოვანია, დავიცვათ ჩვენი ტრადიციები, პატივი ვცეთ ჩვენს მშობლებს, გვიყვარდეს ისინი და ჩვენი სამშობლო, ვიზრუნოთ მის ნათელ მომავალზე ჩვენი ტრადიციებისა და სულისკვეთების შენარჩუნებით, – ამის შესახებ ცოტნე ივანიშვილმა ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

„გილოცავთ სრულიად საქართველოს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს. მოგეხსენებათ, უძველესი ისტორია აქვს ჩვენს საყვარელ საქართველოს და ვფიქრობ, მისი ისტორიის განმავლობაში ეგზისტენციალური იყო, რომ შეენარჩუნებინა საკუთარი იდენტობა. მგონია, რომ ზუსტად ქართული იდენტობა დამყარებულია ჩვენს სარწმუნოებაზე, სულისკვეთებასა და ოჯახის სიწმინდეზე. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია, დავიცვათ ჩვენი ტრადიციები, პატივი ვცეთ ჩვენს მშობლებს, გვიყვარდეს ისინი და ჩვენი სამშობლო, ვიზრუნოთ მის ნათელ მომავალზე ჩვენი ტრადიციებისა და სულისკვეთების შენარჩუნებით.

ყოველთვის მქონდა ძალიან დიდი სურვილი ამ დღეზე დასწრების, სტუდენტი ვარ და სამწუხაროდ, ამ პერიოდში ძალიან დაკავებული ვარ ხოლმე. წელს განსაკუთრებით მომინდა, ჩემი თანატოლების გვერდით ვყოფილიყავი და ვეცადე, მოვსულიყავი. ყველაზე ღირებულად მიმაჩნია, ახალგაზრდებმა დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ძალიან ბევრ თანატოლს ვხედავ აქ. მგონია, რომ ზუსტად ჩვენი ოჯახის სიწმინდის, სარწმუნოების შენარჩუნებით, მშობლებისადმი სიყვარულის გამოხატვით უნდა ვიზრუნოთ ჩვენი საყვარელი სამშობლოს ნათელ მომავალზე. ამის დაფიქსირება ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, განვასხვაოთ ტოლერანტობა პროპაგანდისგან.

„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, განვასხვაოთ ტოლერანტობა პროპაგანდისგან და ხელოვნური მასიფიკაციისგან. შესაბამისად, თავისთავად ყველა უნდა გვიყვარდეს და დიდი პატივი ვცეთ. უნდა ვიყოთ ტოლერანტულები, მაგრამ აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი სარწმუნოება დავაყენოთ როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი რამ და შევინარჩუნოთ ის, რაც ყველაზე ძვირფასია ჩვენი იდენტობისთვის“, – განაცხადა ცოტე ივანიშვილმა.

17 მაისს საქართველოში ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღე აღინიშნება. სამღვდელოება და მრევლი დღეს 10 დიდ ქალაქში იკრიბება. ოჯახის სიწმინდის დღე ქვეყანაში უკვე 11 წელია აღინიშნება. ის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა 2014 წელს დააწესა.

მსგავსი პოსტები

Back to top button