მნიშვნელოვანისიახლეები

ბიძინა ივანიშვილმა “პროცესებისგან ხელები“ დაიბანა და ირაკლი კობახიძეს “საბელი დაუგრძელა”-შეფასებები ოპოზიციაში

მოღალატეთა ჯგუფის თავმჯდომარედ კობახიძის არჩევა, მოსალოდნელიც იყო – ივანიშვილს ძალიან შეზღუდული აქვს ადამიანების­ წრე, რომლებსაც შეუძლია ენდოს ქვეყნის ღალატის საკითხში , – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძის არჩევასთან დაკავშირებით განაცხადა.

ბარამიძის თქმით, “ქართული ოცნების” წევრები დამარცხდებიან და ყველაფრისთვის აგებენ პასუხს.

“ამავდროულად, ისიც ჩანს, რომ ხავსს ეკიდებიან, თითქოს აშშ-ში კვლავ კობახიძის და ივანიშვილის ჭკუაზე გაივლის ვინმე და “მეგობარი აქტი” არ იქნება მიღებული და ხელმოწერილი ტრამპის მიერ. როგორც მიიღო კონგრესის ქვედა პალატამ “მეგობარი აქტი”, ისე მიიღებს სენატიც ამ აქტს და პრეზიდენტი ტრამპიც მოაწერს ხელს. მას შემდეგ, რაც ეს მოღალატეთა ბანდა დამარცხდება ქართველ ხალხთან, ყველა კარგად დავინახავთ თუ როგორ აგებენ პასუხს იმ ყველაფრის გამო, რასაც სჩადიან ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის წინააღმდეგ”, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

ბიძინა ივანიშვილი ახლა დგება პოზიციაში, საიდანაც ის მანევრის საშუალებას იძენს სამი მიმართულებით: შიდა პოლიტიკური გაგებით, “მოგენატრებათ ბიძინა”, დასავლეთის მიმართულებით, თუ აქ განუკითხაობა დაიწყო, ერთადერთია, რომელსაც შეუძლია პროცესი შეაჩეროს და რუსეთის მიმართულებით, რადგან რუსეთიც დაინახავს, რომ კობახიძეზე ფსონის დადება სრული სიგიჟეა , – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა “ქართული ოცნების” დღევანდელ ყრილობასთან და მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა.

ხუხაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა “პროცესებისგან ხელები“ დაიბანა და ირაკლი კობახიძეს “საბელი დაუგრძელა”.

“დღევანდელი სცენარი არ არის რაღაც განსაკუთრებული, ეს მოსალოდნელი იყო და, პრინციპში, ყველაფერი კანონზომიერად განვითარდა. ვფიქრობ, რომ ბოლო დღეებში კობახიძის დაჯგუფება ცდილობდა, რომ რაღაცნაირად ჩაეთრიათ ამ თემაში ბიძინა ივანიშვილი და არწმუნებდნენ მას, რომ გამხდარიყო თავმჯდომარე. მე ასე ვფიქრობ, გამომდინარე იქიდან, რომ მათ ეშინიათ სრული პასუხისმგებლობის აღების მიმდინარე პროცესზე. ისინი ხვდებიან, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის ერთგვარი ტაქტიკური თამაში მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რომლის ფინალშიც კარგი არაფერი ელოდებათ კობახიძესა და მის ამფსონებს.

ჩვენ შევდივართ ახლა ძალიან რთულ პერიოდში, როდესაც ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, საკანონმდებლო იქნება თუ სხვა, კონკრეტული, სისტემური რეპრესიებია გასატარებელი როგორც პარტიული კლასის მიმართ, ასევე სამოქალაქო საზოგადოების მიმართ იქნება ეს თუ მედიის მიმართ – ეს პროცესი არის ძალიან მაღალი რისკის შემცველი და ხვდებიან ახლა ეს ბიჭები, რომ ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, დისტანცირება მოახდინოს ამ პროცესისგან და გარკვეული მანევრის საშუალება შეიძინოს იმისთვის, რომ წარმატების შემთხვევაში, თუ მოახერხა ამ დაჯგუფებამ ავტორიტარული რეჟიმის დამყარება, ამ შემთხვევაში ბენეფიციარი ისევ ბიძინა ხდება, რადგან სისტემა მასზეა დაშენებული და თუ წარუმატებელი იქნა, განსაკუთრებით ამ შემთხვევაში სჭირდება ბიძინას მანევრი – გადაგვარჩინოს კობახიძის დესპოტური რეჟიმისგან ანუ “მოგენატრებათ ბიძინა” სპეცოპერაცია ჩაატაროს. შესაბამისად, მასთან აფილირებული კადრები საერთოდ გაჰყავს სისტემიდან მეთოდურად (ერთადერთი, გომელაური დატოვა და რაღაც პერიოდის შემდეგ გომელაურიც გაიწევა), ბუნებრივია, ის კონტროლს ძალაუფლებაზე არ დაკარგავს.

ბიძინა ივანიშვილმა ამ პროცესზე ხელები დაიბანა და საბელი დაუგრძელა კობახიძეს, მე დარწმუნებული ვარ, მისთვის დამახასიათებელია. ამით ივანიშვილი, ერთის მხრივ, სავაჭროს ხსნის დასავლეთთან იმიტომ, რომ დასავლეთს მშვენივრად ესმის, რომ აქ თუ განუკითხაობა დაიწყო, ერთადერთი ადამიანი, ვისაც ამ გაუგებარი ხალხის დაოკება შეუძლია, ბიძინა ივანიშვილია, ანუ ის მოთხოვნადი შეიძლება გახდეს დასავლეთში.

რუსებისთვის ბევრად უფრო კომფორტულია კობახიძე, როგორც ორშაურიანი პროდუქტი – ძალიან იაფი ჯდება. ბიძინა ძვირი ჯდებოდა იმიტომ, რომ მას თავისი ამბიციები აქვს. თუ კრიზისი შევიდა ძალიან რთულ ეტაპზე, რუსებიც მიხვდებიან, რომ კობახიძე ჰაერშია და არაფრის მაქნისია, ისევ ბიძინას უნდა ჩაუვარდნენ მუხლებში, რომ სტაბილურობა რაღაცნაირად აღადგინოს”, – განაცხად ხუხაშვილმა.

როგორც პოლიტოლოგმა განმარტა, ივანიშვილი მიმართავს პოლიტიკაში აპრობირებულ სქემას, რომლითაც ავტორიტეტდაცემულ პოლიტიკოსს წინა პლანზე მასზე უარესი ფიგურა გამოჰყავს, რათა შემდგომ საზოგადოება ამ ფიგურისგან გადაარჩინოს. ხუხაშვილის თქმით, ეს ბევრ ოპოზიციურად განწყობილ ადამიანს მოულბობს ივანიშვილის მიმართ გულს.

“ირაკლი კობახიძე პასუხისმგებლობას ყოველთვის ისხლეტდა. ბიძინა ახლა ამ მანევრს უზღუდავს, ის უკან ვეღარ გადაუგდებს პასუხისმგებლობას ბიძინას იმიტომ, რომ სრული პასუხისმგებლობა მასზე იქნება და როდესაც კობახიძის ჩარეცხვის მომენტი დადგება, ორივე შემთხვევაში, გინდა წარმატებული იყოს და წარმატების პიკზე წასული პრემიერები ჩვენ ამ ქვეყანაში ბიძინას ხელით გაშვებული გვინახავს და თუ წარუმატებელი იქნა ანუ კრიზისი თუ კიდევ უფრო მძაფრ ფაზაში გადავიდა, ეს “მოგენატრებათ ბიძინა” ჩარეცხავს და ის ამით გარკვეულწილად ძალიან ბევრი, მათ შორის, ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების გულსაც მოიგებს – “გადაარჩენს” საქართველოს მოსახლეობას კობახიძის დესპოტური რეჟიმისგან – ასეთი ფაქტები ჩვენ ამ ქვეყნის უახლესი ისტორიის განმავლობაში უკვე გვინახავს. შევარდნაძეს რომ დაუჩოქეს. იცით, რა ხალხმა დაუჩოქა? შევარდნაძე რომ ეჯავრებოდათ. ეს იყო პერიოდი, როდესაც შევარდნაძის სახელის ხსენებაც კი ზიზღს იწვევდა საქართველოში, მაგრამ შეიქმნა მოცემულობა, როდესაც შევარდნაძის წასვლა კიდევ უფრო დიდ უბედურებას ნიშნავდა. ეს არის ტექნოლოგია, რომელიც პოლიტიკაში ხშირად გამოიყენება – არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ხვდებიან, რომ მათი ავტორიტეტი ძალიან ეცემა, ამ დროს ქმნიან თავისზე უარეს ფიგურას, ის გამოჰყავთ წინა პლანზე, მერე იმისგან გადაარჩენენ საზოგადოებას და ამით გარკვეულ რეაბილიტაციას ახდენენ – ეს პოლიტტექნოლოგიურად აბსოლუტურად მიღებული სქემაა”, – აღნიშნა ხუხაშვილმა.

„ქართული ოცნების“ ყრილობა და ახალი თავმჯდომარის არჩევა არაფერს ცვლის – ბიძინა ივანიშვილი ამ ვერტიკალის თავშია, ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ მიბმულია მოსკოვთან, რუსულ სპეცსამსახურებთან, – ასე გამოეხმაურა „ლელო – ძლიერი საქართველოს” წევრი, თაზო დათუნაშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძის არჩევას.

მისივე მტკიცებით, პროცესი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ იმართება.

„ქართული ოცნების” ყრილობა და ახალი თავმჯდომარის არჩევა არაფერს ცვლის. ბიძინა ივანიშვილი ამ ვერტიკალის თავშია, ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ მიბმულია მოსკოვთან, რუსულ სპეცსამსახურებთან. ის ცენტრალიზებულად მთელ ვერტიკალს მართავს. მის შემდეგ რა ხდება, ასეთ ჰიპერცენტრალიზებულ სისტემაში, საერთოდ საინტერესო არ არის. ამის პარალელურად, მის ქვემოთ მთელი ძალაუფლების კონსოლიდაცია კობახიძის ხელში ხდება, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს, სანამ ბიძინა ივანიშვილი უცვლელ ადგილას რჩება და ისევ საპატიო თავმჯდომარეა. პროცესი მის მიერ იმართება, პოლიტიკას ის წყვეტს, ეს ოლიგარქატის მთელი არსია”, – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button