მნიშვნელოვანისიახლეები

ბიძინა ივანიშვილს ემუქრებიან იმიტომ რომ მან ქვეყანაში დააბრუნა დემოკრატია

პარლამენტის ვიცე-სპიკერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს ემუქრებიან იმიტომ, რომ მან ქვეყანაში დააბრუნა დემოკრატია და ქვეყნის მართვა ინსტიტუტებით და არა კლანურად და იმ ფარული ჩრდილოვანი ინტერესებით, როგორც ამას აკეთებდა წინა ხელისუფლება.

“მინდა პირდაპირ ვთქვა რა სანქციებით და რისთვის ემუქრებიან ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ემუქრებიან იმიტომ, რომ მან ქვეყანაში დააბრუნა დემოკრატია, ადამიანის უფლებების დაცვა და ქვეყნის მართვა ინსტიტუტებით და არა კლანურად და არა იმ ფარული ჩრდილოვანი ინტერესებით, როგორც ამას აკეთებდა წინა ხელისუფლება, როდესაც ქვეყნის ინტერესები, მოქალაქე არ იყო მთავარი, არამედ მთავარი იყო ის, თუ რა სჭირდებოდათ მათ და რა დავალებები ჰქონდათ მიღებული,” – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, “ბოლო პერიოდში კვლავ გააქტიურდა და არ წყდება საუბრები ბატონ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებასთან დაკავშირებით. როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ რადიკალური ოპოზიცია, მათი ლობისტები და სატელიტები ამ თემას კვლავ ააქტიურებენ.”

მისივე თქმით, სწორედ იმიტომ ებრძვიან ბიძინა ივანიშვილს, რომ მან ქვეყნის მართვა გახადა ინსტიტუციონალიზებული.

“სწორედ ეს დაამთავრა საქართველოში ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და დააბრუნა ქვეყნის ინტერესების და მოქალაქის საუკეთესო ინტერესებით ქვეყნის მართვა და ქვეყნის მართვა გახადა ინსტიტუციონალიზებული. ამისთვის ემუქრებიან ამ ადამიანს, რომელიც პრაქტიკულად დღეს, ევროპის შუაგულში, ერთ-ერთი ყველაზე დიდი და რეპუტაციულად ყველაზე სანდო ბანკის მიერ არის პრაქტიკულად დასანქცირებული, მას არ ეძლევა საშუალება, რომ საკუთარი ქონება და ფინანსები განკარგოს,” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა, საქართველოს, რომ არ უღალატა და არ დაჰყვა გარკვეული ძალების ნებას, რათა დაბრუნებულიყო პოლიტიკაში და ქვეყანა ჩაერთო ომში, ამისთვის ცდილობენ მის დასჯას და მის მიმართ დაწესებულია კონკრეტული დე ფაქტო სანქციები,-ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ ბიძინა ივანიშვილის მიმართ განხორციელებულ ფაქტობრივ სანქციებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მდინარაძის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილის მიმართ დე ფაქტო სანქციები მას შემდეგ დაწესდა, რაც უკრაინაში ომი დაიწყო და საქართველო ამ ომში არ ჩაერთო. მისივე თქმით, ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ მან სამშობლოს არ უღალატა.

“ფაქტობრივი, დე ფაქტო სანქციები ბიძინა ივანიშვილის მიმართ უკვე დაწესებულია და ეს სანქციები შეეხება ორ მილიარდ დოლარს. დამატებით კითხვაზე, თუ რატომ ხდება ეს- იმიტომ, რომ სამშობლოს არ უღალატა. ეს არის ყველაზე მოკლედ და რეალური პასუხი, რომელიც გამომდინარეობს იმ ინფორმაციებიდან, რაც არა მხოლოდ ჩვენ, არამედ თქვენც, ჟურნალისტებმაც, საზოგადოებამაც უკვე კარგად იცის. უამრავი ახალი ამბავი გავრცელდა იმასთან დაკავშირებით, რა მეთოდებით ხდება დაბლოკვა ამ თანხების და ეს ხდება მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო და საქართველო ამ ომში არ ჩაერთო,”- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან ზეწოლა გრძელდება და ამის მიზეზი ყველასთვის ნათელია. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის კომენტირებისას განუცხადა, ყველაზე დიდი შეტევის ობიექტი ბიძინა ივანიშვილია.

“ეს ზეწოლა გრძელდება, რა განცხადებებსაც ვისმენთ ბოლო თვეების განმავლობაში. ყველამ ვიცით, რა ამის მთავარი მიზეზი, რატომ ხდება. ჩვენ აბსოლუტურად ღიად განვაცხადეთ, რომ არ ვუერთდებით სანქციებს, რადგან არ გვინდოდა დაგვეზიანებინა ჩვენი ქვეყანა, არ გვინდოდა დაგვეზიანებინა საკუთარი ხალხი, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა. როგორ შეიძლება, შევუერთდეთ სანქციებს, როცა დარწმუნებული არ ვართ იმაში, რომ ამით რუსეთს დავაზიანებთ? პირიქით, საკუთარ თავს დავიზიანებთ, ეს იქნებოდა ხარაკირი. იგივეა ე.წ. მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით. ჩვენ ხომ გამოვიარეთ ეს ყველაფერი, ხომ გადავიხადეთ მძიმე საფასური, ხომ ვიცით, რამხელა უბედურება მოაქვს ომს, რამხელა უბედურება და ზიანი მოგვაყენა 2008 წელმა. ამიტომ, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი არის მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ამ ადამიანზე არის ყველაზე მეტი შეტევა. როგორც იცით, მას თანხები ყოველგვარი კანონის გვერდის ავლით გაუჩერეს შვეიცარიაში, ვერანაირი ახსნა-განმარტება ვერ მოიძებნა, თუ რატომ ხდება ეს ყველაფერი, თუმცა ჩვენთვის, საზოგადოებისთვის ყველაფერი ცხადი და ნათელია,” – განაცხადა კახა კალაძემ.

ბიძინა ივანიშვილს ნამდვილად ვერ დააშანტაჟებენ ფინანსური სანქციებით, რომ ქვეყნის და ხალხის საწინააღმდეგოდ რაღაც არასწორი ნაბიჯი გადადგას – ბიძინა ივანიშვილის ფენომენს არ იცნობენ

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილზე ყველაზე მეტი შეტევაა და მას თანხები ყოველგვარი კანონის ავლით გაუჩერეს. რაც შეეხება კითხვას, თუ რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ბიძინა ივანიშვილის ფორმალურმა დასანქცირებამ, კალაძე ამბობს, რომ ეს უშედეგო იქნება.

“შედეგები – არაფერი. რა სურვილიც აქვთ მათ, რისთვისაც დგამენ ამ ნაბიჯებს, რატომაც აკეთებენ ამას, შედეგს ვერ მოიტანს, იმიტომ რომ არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს. ბიძინა ივანიშვილს ნამდვილად ვერ დააშანტაჟებენ თანხებით, ფინანსური სანქციებით, რათა მან არასწორი გადაწყვეტილება მიიღოს, არასწორი ნაბიჯი გადადგას ქვეყნის, ხალხის საწინააღმდეგოდ. ბიძინა ივანიშვილის ფენომენს არ იცნობენ და ეს არის სამწუხარო რეალობა,” – განცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button