ბიძინა ხედავ ? გიახლოვდებიან”-ოპოზიცია ფარცხალაძის დასანქცირებას ეხმიანება

აშშ-მა ივანიშვილის რჩეული პროკურორი დაასანქცირა, გაგრძლება იქნება , – წერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში
ხაბეიშვილის თქმით, სია გრძელია და დარწმუნებულია, რომ საქართველოს ყველა მოღალატე, პუტინის მოკავშირე აუცილებლად აგებს პასუხს.
“2022 წლის მაისში, მას შემდეგ, როცა უკვე გამოკვეთილი იყო ივანიშვილისა და მისი კრიმინალური, რუსული პარტიის პუტინისტური მისწრაფებები, ვთქვით და დავიწყეთ მუშაობა ოლიგარქებზე, რომლებიც პუტინს ეხმარებიან ომში და რუსულ ეკონომიკაში ასხამენ მილიარდებს. ივანიშვილის გარემოცვაში გამოვკვეთეთ, თავად პუტინის ხელდასმული ბორენკა და კიდევ 5 ოლიგარქი. მალევე უკრაინამ, ზელენსკიმ ყველა ეს პირი დაასანქცირა. მას შემდეგ, წელიწადზე მეტი გავიდა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ამ 6 – დან ერთი, ბოტასების ქურდი, ივანიშვილის რჩეული პროკურორი დაასანქცირა. ცხადია, გაგრძელება იქნება და ბევრად უფრო საინტერესო, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. მახსოვს, 2022 წლის მაისში გაკვირვებით და ცოტათი ირონიულად კითხულობდნენ, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები : მართლა გგონიათ, რომ დაასანქცირებენ თქვენს მიერ დასახელებულ პირებს ? დიახ, დიახ ასე იქნება და არის! სია გრძელია და დარწმუნებული ვარ, საქართველოს ყველა მოღალატე, პუტინის მოკავშირე აუცილებლად აგებს პასუხს, ბიძინა ხედავ ? გიახლოვდებიან”, – წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.
დროას ლიდერი ელენე ხოშტარია აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებით, “აშშ-მა ამხილა ქართული ოცნება საქართველოში ანტიდასავლური და პრორუსული სპეცოპერაციების ჩატარებისთვის”.
ხოშტარიას შეფასებით, ფარცხალაძის სანქცირება არის “ძალიან სერიოზული გაფრთხილება ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს”.
“ფარცხალაძე კერძოდ კონკრეტულად არის დასანქცირებული რუსეთ-უკრაინის ამ საშინელ, სისხლიან ომში რუსეთის დახმარების გამო. ამ დოკუმენტში ცალკე თავად არის გამოყოფილი რუსეთის მავნებლური გავლენა საქართველოში, სადაც ფარცხალაძე, პირდაპირ მონაწილეობს რუსეთის FSB-ს სპეცოპერაციაში, FSB-ს თანამშრომელთან ერთად, იმისთვის, რომ საქართველოში საზოგადოებრივი და პოლიტიკური აზრი შეცვალოს რუსეთის სასარგებლოდ, ანუ გავლენა მოახდინოს საქართველოს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ აზრზე რუსეთის სასარგებლოდ, ანტიდასავლური რიტორიკა, რომელიც ჩვენთვის კარგად ცნობილია.
ეს სანქციები სცდება მხოლოდ ფარცხალაძის პიროვნებას, რომელიც თავისთავად არის ერთ-ერთი გამოჩენილი ივანიშვილის კრიმინალი, მაფიოზი, მფარველი, რუსეთის და საქართველოს მოქალაქეობის ერთდროულად მქონე, რომელმაც რუსეთის მოქალაქეობა ომის დაწყების შემდეგ მიიღო, ამასთანავე, ეს არის მთლიანად ქართული ოცნების მხილება საქართველოში ანტიდასავლური და პრორუსული სპეცოპერაციის ჩატარებისთვის. ეს არის ძალიან სერიოზული გაფრთხილება ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, რომლებიც ხელს უწყობენ რუსეთს ამ სისხლიან ომში და რომლებიც არიან ბიძინა ივანიშვილის უშუალო მმართველობის მფარველობის ქვეშ”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
“ქართველმა ხალხმა ამ ლაქის ჩამოსარეცხად, ივანიშვილი და მისი კლანი უნდა ჩამოაცილოს ხელისუფლებას”, – ასე ეხმაურებიან “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებას.
“გვინდა გამოვეხმაუროთ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას დასანქცირდეს ოთარ ფარცხალაძე, ივანიშვილის პირადი ოლიგარქი, ივანიშვილის პროკურორი, ოდიოზური ფიქურა, რომელთა მიმართაც ცალსახა აზრია ჩამოყალიბებული საქართველოს საზოგადოებაში და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებში და ამან თავისი გამოხმაურება ჰპოვა, ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებაში”, – ამბობს ლევან ბეჟაშვილი.
ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით კი, ეს გადაწყვეტილება რუსეთის მოქალაქეებს უზღუდავს შესაძლებლობას, დაეხმარონ რუსეთის მთავრობას, აწარმოოს ომი უკრაინაში.
”ამერიკის მთავრობის ეს გადაწყვეტილება მოიცავს 70-ზე მეტ იურიდიულ და ფიზიკურ პირს და მათ შორის ბიძინა ივანიშვილის ოჯახის კლანის წევრის ოთარ ფარცხალაძეს. ეს გადაწყვეტილება მიმართულია იმისკენ, რომ შეიზღუდოს რუსული კომპანიების და რუსეთის მოქალაქეების უნარი, რომ დაეხმარონ რუსეთის მთავრობას, აწარმოოს ეს სისხლისმღვრელი ომი უკრაინაში, რომელსაც უკვე მოჰყვა ძალიან ბევრი ადამინის მსხვერპლი ” – ამბობს ჭიაბერაშვილი.
აშშ-მა დააწესა ახალი სანქციები, რომლების მიზანია, აღარ მოხდეს ადრე დაწესებული იმ სანქციებისთვის თავის არიდება, რაც რუსეთს საშუალებას აძლევს, ხელი მიუწვდებოდეს უკრაინაში ომის წარმოებისთვის საჭირო დასავლურ ტექნოლოგიებზე.
აშშ-მა 14 სექტემბერს განაცხადა, რომ აწესებს სანქციებს 150-ზე მეტი იურიდიულ და კერძო პირის მიმართ რუსეთიდან თურქეთამდე, არაბთა გაერთიანებულ საამიროებამდე და საქართველომდე, რათა შეეცადოს, აღიკვეთოს არსებული სანქციებისთვის თავის არიდება და კრემლის წვდომა ტექნოლოგიაზე, ფულსა და ფინანსურ არხებზე, რომლებიც ასაზრდოებს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ომს უკრაინაში.
ოთარ ფარცხალაძე, ყოფილი გენერალური პროკურორი
ასევე ნახეთ
ოთარ ფარცხალაძეს აშშ-მა სანქციები დაუწესა
სანქციების ეს პაკეტი სახელმწიფო დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს მხრიდან ერთ-ერთი ყველაზე დიდია. ის მიმართულია კერძო პირების და კომპანიების წინააღმდეგ სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის ნატოს წევრ თურქეთში, რომლებიც რუსეთისთვის დასავლური ტექნოლოგიის მიყიდვას ახორციელებენ, რაც შესაძლოა, მისი საომარი ძალისხმევის გასაძლიერებლად იყოს გამოყენებული.
სანქციების ამ პაკეტში მოხვდა, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში მოხსენიებულია, როგორც ქართველი-რუსი ოლიგარქი. როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტშია ნათქვამი ოთარ ფარცხალაძეს სანქციები უწესდება რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის, მენეჯმენტის საკონსულტაციო სექტორში მუშაობისთვის თუ საქმიანობისთვის.