,,ბიძინა პანიკაშია,,-ოპოზიცია პრეზიდენტის პროკურატურაში დაბარებას ეხმიანება
პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო და საქართველოს პრეზიდენტი გამოკითხვაზე დაიბარა
ბიძინა პანიკაშია, საქართველოს პრეზიდენტის შეშინებას პოლიტიზებული პროკურატურით ცდილობს, – ასე გამოეხმაურა კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე პროკურატურის მხრიდან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოკითხვაზე დაბარებას.
როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, “პრეზიდენტი და ქართველი ხალხი დღეს ეროვნულ და ევროპულ არჩევანს აკეთებს, ბიძინა და მისი კორუმპირებული მთავრობა კი რუსეთის და პუტინის მონა-მორჩილები არიან”.
“ბიძინა პანიკაშია, საქართველოს პრეზიდენტის შეშინებას პოლიტიზებული პროკურატურით ცდილობს. პრეზიდენტი და ქართველი ხალხი დღეს ეროვნულ და ევროპულ არჩევანს აკეთებს, ბიძინა და მისი კორუმპირებული მთავრობა კი რუსეთის და პუტინის მონა-მორჩილები არიან!
ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში ქართველი ხალხი გაიმარჯვებს პრეზიდენტთან ერთად. წინ ევროპისკენ, არცერთი ნაბიჯი უკან! ევროპული არჩევანი ეროვნული არჩევანია!”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
სალომე ზურაბიშვილი არის მართალი ქვეყნის ისტორიის და მომავლის წინაშე – მედვედევის მითითებით მისი პროკურატურაში დაბარება არის კომიკური, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან არის კუთხეში მომწყვდევა საკუთარი თავის, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, პროკურატურის მხრიდან გამოკითხვაზე დასაბარებელია ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის ღალატისთვის.
„ხაზგასმით გვინდა ვთქვათ, დღეს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ასრულებს ისტორიულ მისიას, საქართველოს კონსტიტუციის, სახელმწიფოებრიობის და ჩვენი ევროპული გზის დაცვის. დღეს სალომე ზურაბიშვილი არის ისეთი ძლიერი, როგორიც არასდროს. მას აქვს ხალხის მხარდაჭერა, ოპოზიციური პარტიების სრული მხარდაჭერა და უდიდესი საერთაშორისო მხარდაჭერა. რაც მთავარია, ის არის მართალი ქვეყნის ისტორიის და მომავლის წინაშე. ამიტომ მედვედევის მითითებით, ყველანაირი კომიკური დაბარება, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან არის კიდევ უფრო დასუსტება და კუთხეში მომწყვდევა საკუთარი თავის. პროკურატურის დასაბარებელია ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის ღალატისთვის. როდესაც მსოფლიოს ყველაზე მაღალი ტრიბუნებიდან, ბაიდენისგან, ევროკავშირისგან პირდაპირ გვესმის აბსოლუტურად მტკიცე პოზიცია, რომ ეს არჩევნები იყო გაყალბებული, არალეგიტიმური, ამ პირობებში ამასთან შეწინააღმდეგება არის უბრალოდ კომიკური,“ – განაცხადა ხოშტარიამ.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე, “საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164³-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით”, გამოძიება დაიწყეს.
მათი თქმით, გამოკითხვაზე იბარებენ პრეიზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.
“ცესკო-ს განცხადებისა და საჯარო სივრცეში მასმედიის მეშვეობით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უნდა ფლობდეს მტკიცებულებებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით, რის გამოც, კანონით დადგენილი წესით, საქართველოს პრეზიდენტი, მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, გამოკითხვის მიზნით დაბარებულია საგამოძიებო უწყებაში.
საქართველოს პროკურატურა ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას, როგორც ცესკო-ს მომართვაში მითითებული, ამავდროულად, საქართველოს პრეზიდენტის, ცალკეული პოლიტიკური პარტიებისა და სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლების მიერ გაჟღერებული ფაქტების შესწავლის მიზნით. მათ შორის, გამოძიების ფარგლებში გამოიკითხება ყველა ის პირი, რომელიც შესაძლებელია, ფლობდეს ინფორმაციას სავარაუდო, დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით”, – ნათქვამია განცხადებაში.
გუშინ, 29 ოქტომბერს ცესკო-მ გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები უწყებას “უსაფუძვლო ბრალდებებით ესხმიან თავს და რეპუტაციულ ზიანს აყენებენ”.
განცხადებაში ცესკომ მიმართა პროკურატურას, “გარემოებების დასადგენად, შეესაბამება თუ არა სიმართლეს პრეზიდენტის, პოლიტიკოსების განცხადებები”, დაიწყოს და აწარმოოს გამოძიება.