მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ბირთვული ჩრდილი ხელახლა გაჩნდა

მსოფლიო ბირთვული საფრთხის წინაშეა, – ეს განცხადება გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა ქალაქ ჰიროსიმას დაბომბვიდან 78-ე წლისთავზე გააკეთა. მისივე თქმით, ზოგიერთი ქვეყანა ისევ უგუნურად აჟღარუნებს ბირთვულ იარაღს.

გუტერეშის განცხადებით, მსოფლიოში იზრდება უნდობლობა და უთანხმოება და კვლავ ისმის საუბრები ბირთვულ ომზე.

„ბირთვული ჩრდილი, რომელიც მსოფლიოს ცივი ომის დროს დაადგა, ისევ გამოჩნდა და ზოგიერთი ქვეყანა კვლავაც უგუნურად აჟღარუნებს ბირთვულ იარაღს, იმუქრება ამ განადგურების საშუალების გამოყენებით“, – ნათქვამია გაერო-ს გენერალური მდივნის განცხადებაში.

გუტერეშმა მოუწოდა მსოფლიოს, სრულად უარი თქვას ბირთვულ იარაღზე. მისივე თქმით, ეს არის ერთადერთი გზა, რათა ბირთვული ომის საფრთხე გაქრეს.

იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში შეკრებილმა ოფიციალურმა პირებმა მსოფლიოს ლიდერებს მოუწოდეს “კონკრეტული ნაბიჯები” გადადგან ატომური ომის საფრთხის შესამცირებლად.

6 აგვისტოს ქალაქმა აღნიშნა 78-ე წლისთავი მას შემდეგ, რაც აშშ-მა პირველი ატომური ბომბი ჩამოაგდო, რასაც ქალაქში 140 000 ადამიანი შეეწირა. სამ დღეში მეორე ბომბი იქნა ჩამოგდებული ქალაქ ნაგასაკიში, და იაპონია 15 აგვისტოს დანებდა, რითაც დასრულდა მეორე მსოფლიო ომი.

ქალაქში გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ. ჰიროსიმამ ახლახან უმასპინძლა დიდი შვიდეულის (G7) სამიტს, სადაც კიდევ ერთხელ განაცხადეს ბირთვული განიარაღების პროცესის მიმართ ერთგულება და დაგმეს რუსეთის მხრიდან გამოთქმული მუქარა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში ატომური იარაღი იქნება გამოყენებული.

შეგახსენებთ რომ ქალაქი ჰიროსიმა 1945 წლის 6 აგვისტოს ამერიკულმა ძალებმა დაბომბეს. ქალაქ ნაგასაკისთან ერთად, ჰიროსიმა არის ერთადერთი ადგილი, სადაც ბირთვული იარაღი გამოიყენეს. შედეგად მხოლოდ ჰიროსიმაში დაიღუპა 70-და 100 ათასამდე ადამიანი, ხოლო ნაგასაკიში – 70 000. იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ბირთვული დასხივების შედეგად გარდაიცვალა, ნახევარ მილიონს აჭარბებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button