მნიშვნელოვანისიახლეები

კახეთში გრიპის უფასო ვაქცინაციის კვირეული დაიწყო

კახეთში, ერთი კვირის განმავლობაში გრიპზე ვაქცინაცია უფასო იქნება.

ჯანდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, კანონით განსაზღვრული სამიზნე ჯგუფების გარდა, გრიპის ვაქცინით, ყველა მსურველი და მშობლის თანხმობით, 18 წლამდე ასაკის პირებიც აიცრებიან.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, აქციის მიზანი, ვაქცინაციის პროცესში ყველა ფენის ჩართვაა.

” მინისტრის ბრძანება უკვე ძალაშია და ყველას შეუძლია ამ კამპანიით ისარგებლოს. ჩვენი მიზანია, ვაქცინა სრულად გაიხარჯოს და ყველა ფენა იყოს ჩართული. მინდა გითხრათ, რომ ვაქცინის ოთხმოცი პროცენტი უკვე გახარჯულია, ამიტომ ყველას ვურჩევ მიაკითხოს სამედიცინო დაწესებულებებს და ჩაიტაროს გრიპზე აცრა. სეზონი უკვე დაწყებულია და ოთხკომპონენტიანი ვაქცინა, საიმედოდ დაგვიცავს”- განაცხადა ხიზანიშვილმა, რადიო ჰერეთთან.

გრიპზე უფასო ვაქცინაციის კვირეული 15 ნოემბრამდე გაგრძელდება.

„ნებისმიერი მსურველი მომსახურებას ვაქცინაციის პროცესში ჩართულ 400-მდე სამედიცინო დაწესებულებაში მიიღებს. იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ 200 000 დოზა „სანოფი პასტერის“ წარმოების ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრმა ვაქცინაცია სექტემბრის ბოლოს დაიწყო. პირველ ეტაპზე მომსახურება დაავადების გართულების მომატებული რისკის მქონე პირებმა მიიღეს. 15 ნოემბრამდე კი ვაქცინაცია ნებისმიერი მსურველისთვის უფასო იქნება“,- აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

ვაქცინა დასაშვებია, ყველა ასაკის მოქალაქის მათ შორის ჩვილებისათვის, 6 თვის ასაკიდან.

გრიპის ოთხკომპონენტიანი ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება ყველა სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც კოვიდ – 19-ზე აცრა ტარდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button