ბიუჯეტი 200 მილიონი ლარი-რესპუბლიკურის ბაზაზე ახალი საავადმყოფოს მშენებლობა 36-დან 48 თვემდე გაგრძელდება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, რატომ გახდა აუცილებელი რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე ახალი საავადმყოფოს აშენების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
როგორც აზარაშვილმა განაცხადა, დღეს არსებული პირობებით, სხვადასხვა კვლევის შედეგების მიხედვით, დღეისთვის კლინიკა სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს.
„2022 წლიდან აქტიურად დავიწყეთ კლინიკებში სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა. მათ შორის, გახსოვთ, რომ 2024 წლის ბოლომდე კლინიკებს ვალდებულება აქვთ საერთაშორისო აკრედიტაციის, ასევე სხვადასხვა მიმართულებით შემოვიტანეთ სტანდარტები და აქტიურად ვახორციელებთ ამ სტანდარტებზე მონიტორინგს. საერთო ჯამში, ეს ყველაფერი, კიდევ სხვა ბევრ რეფორმასთან ერთად, მიგვიყვანს იქამდე, რომ ქვეყანაში იყოს მაღალი დონის სამედიცინო მომსახურება. სწორედ აქედან გამომდინარე, უნდა მიგვეღო გადაწყვეტილება რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით.
ძალიან ბევრი, ხუთი სხვადასხვა დამოუკიდებელი წყაროს მიერ მომზადებული დასკვნების მიხედვით, სამწუხაროდ, რესპუბლიკურ საავადმყოფოს დღეისთვის არანაირი სტანდარტის დაკმაყოფილება არ შეუძლია. ასევე გვაქვს ბოლო დასკვნა სამხარაულის ეროვნული ბიუროსგან, დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, რამდენად იქნებოდა შესაძლებელი არსებული შენობის რეაბილიტაცია, მასზე დანახარჯების გაწევა და საერთაშორისო სტანდარტებში მოქცევა. ისინი მუშაობდნენ დამოუკიდებელ საერთაშორისო მაკრედიტებელ კომპანიასთან ერთად, რომელიც, ამავდროულად, იყო ჩვენი კონსულტანტი, თუ როგორი საერთაშორისო სტანდარტის უნდა იყოს ახალი კლინიკა. დასკვნის მიხედვით გამოიკეთა, რომ ყველა საჭირო და აუცილებელი სამუშაოების შემთხვევაში, რომელიც ჩასატარებელია, კლინიკის რეაბილიტაცია არახარჯეფექტური და მიზანშეუწონელი იქნებოდა. შედეგად, ჩვენ შემოთავაზებული გვაქვს ორი შენობის გარკვეული ნაწილის დატოვება, ძირითადი სამკურნალო კორპუსი რაც არის, იქ ახალი, თანამედროვე სტანდარტების, თანამედროვედ აღჭურვილი სამედიცინო ცენტრის აშენება. იქნება 500 საწოლზე გათვლილი და ყველა ის მიმართულება თუ პროფილი ექნება, რაც მრავალპროფილური კლინიკისთვის აუცილებელია.
რამდენიმე დღის წინ, ძლიერი ქარის დროს რესპუბლიკური საავადმყოფოს ფასადმა დაიწყო ცვენა, კონსტრუქცია არის საკმაოდ ამორტიზებული. სამხარაულის ეროვნული ბიუროსგან გვაქვს კიდევ ერთი დამატებითი დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ გადაუდებლად აუცილებელია, საჭიროა აღნიშნული ფასადის დემონტაჟი. შესაბამისად, მთავრობაზე მივიღეთ თანხმობა, რომ არსებული ფასადის სადემონტაჟო სამუშაოებს დავიწყებთ“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
ამასთან, აზარაშვილის განცხადებით, პროექტის ბიუჯეტი დაახლოებით 200 მილიონ ლარს შეადგენს.
„ახალი კლინიკის მშენებლობასთან დაკავშირებული პროექტის ტენდერი აუცილებლად უნდა იყოს სრულიად საერთაშორისო, რადგან საერთაშორისო გამოცდილება მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ისტორიული და მნიშვნელოვანი კლინიკის მშენებლობის, შექმნის პროცესში. ჩვენი ვარაუდით, სამუშაოები დაახლოებით 36-დან 48 თვემდე გაგრძელდება. პროექტის ბიუჯეტი, აღჭურვა, აშენება რემონტის ჩათვლით, იქნება დაახლოებით 200 მილიონი ლარი. თანხის ნაწილი მობილიზებული იქნება ჩვენი სახსრებიდან, ნაწილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან და საჭიროების შემთხვევაში, დონორები მზად არიან, ჩაერთონ როგორც აღჭურვის, ასევე მშენებლობის ნაწილში. ჯერ ასეთი საჭიროება არ იკვეთება“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს უპრეცედენტო და ღირსეული პირობები შესთავაზეს.
„ვფიქრობ, მნიშვნელოვანია თანამშრომლებისთვის კონკრეტული შეთავაზების გაკეთება, რომელიც ძალიან მკაფიო და უპრეცედენტოა. მათ დღეს ჩვენი სამინისტროდან თანამშრომლები გააცნობენ კონკრეტულ შეთავაზებებს. სხვადასხვა შეთავაზებაა, რომელიც მოიაზრებს, სურვილის შემთხვევაში, ერთიანად თორმეტი თვის კომპენსაციის გადახდას ან დასაქმებას, სულ მცირე, იმავე პოზიციაზე სხვა კლინიკაში და ოთხთვიანი კომპენსაციის გადახდას. თანამშრომელს თუ სურს, დაელოდოს უკეთეს შეთავაზებას, ბოლო სამი თვის საშუალო შემოსავლის მიხედვით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში, ვიდრე თანამშრომელი არ დაიწყებს სადმე მუშაობს, გავაგრძელებთ კომპენსაციის გადახდას. შეთავაზებული პირობები საკმაოდ ღირსეული, უპრეცედენტოა. ამ ისტორიული პროექტის განხორციელებაში მათაც თავიანთი წვლილი უნდა შეიტანონ. რამდენიმე თვის წინ თანამშრომელთა ნაწილი სახელმწიფო კლინიკებში უკვე გადავანაწილეთ, წარმატებით მუშაობენ, მაგალითად, რუხის კლინიკაში, სადაც მთლიანად მიმართულებები ააწყვეს და გვიდგანან გვერდით. ამიტომ მნიშვნელოვანია, ამ პროექტის განხორციელების ნაწილში ჩვენ გვერდით იყვნენ და ერთად გავაკეთოთ საშვილიშვილო საქმე“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და იმ კომპენსაციებზე საუბრობს, რომლებსაც რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს შენობის დანგრევის შემდეგ შესთავაზებენ.
მათივე ცნობით, მნიშვნელოვანია, რომ კლინიკაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის უფლებები სრულად იქნება დაცული.
უწყება ირწმუნება, რომ “რესპუბლიკური საავადმყოფოს თითოეული თანამშრომელი უზრუნველყოფილი იქნება დასაქმების ალტერნატიული შეთავაზებით, თუ ღირსეული კომპენსაციით”.
სამინისტროს შეთავაზებები თანამშრომლებს:
• ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც მხოლოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოშია დასაქმებული, კომპენსაციის სახით, ერთჯერადად, 12 თვის ხელფასით იქნება უზრუნველყოფილი.
• თუ კლინიკის თანამშრომელი სხვა დაწესებულებაშიც მუშაობს კომპენსაციის სახით, 4 თვის ხელფასს მიიღებს.
• სამედიცინო პერსონალი, რომელიც 12 თვიან კომპენსაციაზე უარს განაცხადებს, ჯანდაცვის სამინისტრო, სხვა სამედიცინო კლინიკაში, იგივე პოზიციაზე დასაქმებასა და 4 თვის ხელფასის ოდენობით კომპენსაციას შესთავაზებს.
• სამედიცინო პერსონალი, რომელიც არ მუშაობს სხვა დაწესებულებაში და სამინისტრო, ალტერნატიულ სამსახურს ვერ შესთავაზებს, უწყება, 3 წლის განმავლობაში, დასაქმებამდე, ყოველთვიურ სახელფასო ანაზღაურებას გადაუხდის.
“აღნიშნულ საკომპენსაციო პაკეტს, ჯანდაცვის სამინისტრო, რესპუბლიკური საავადმყოფოს თითოეული თანამშრომელს შესთავაზებს.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ თანამშრომელთა ნაწილი, სამინისტროს ჩართულობით, სხვადასხვა, სახელმწიფო კლინიკაში უკვე დასაქმდა”- აცხადებენ სამინისტროში.
რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალმა საავადმყოფოს დანგრევის შესახებ გადაწყვეტილება დღეს გაიგო. ხელისუფლებას ექიმებისთვის არაფერი უთქვამს იმის შესახებ, რომ კლინიკის შენობას ანგრევენ. გადაწყვეტილება რამდენიმე საათის წინ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი. ექიმები უკმაყოფილებას ვერ მალავენ და ამბობენ, რომ სამსახურს არ დატოვებენ.
“დღეს გავიგეთ, არაფრის დიდებით არ დავთმობთ, ასე არ წავალთ. არც ერთი თანამშრომელი არ ეთანხმება ამ მდგომარეობას”…
“რას ვეთანხმებით, ვრჩებით უმუშევრები, რა უნდა დავეთანხმოთ, ჯერ არაფერი არ მიგვიღია [შემოთავაზება]” აცხადებენ თანამშრომლები.
როგორც ირკვევა შენობის დანგრევის შესახებ არც რესპუბლიკურის ხელმძღვანელობა იყო საქმის კურსში და მთავრობის გადაწყვეტილებაზე მათაც მედიისგან გაიგეს.
„რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან” დაკავშირებულ სამომავლო გეგმებსა და კომპენსაციების საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები კლინიკის თანამშრომლებს მას შემდეგ შეხვდნენ, რაც მთავრობის სხდომაზე შენობის დემონტაჟისა და ახალი კლინიკის მშენებლობის საკითხზე განკარგულება მიიღეს.
შეხვედრის შემდეგ აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თეა თავართქილაძემ განაცხადა, რომ შეხვედრა კლინიკის თანამშრომელთა უმეტეს ნაწილთან გაიმართა. „თანამშრომლების მხრიდან განკარგულების მოსმენა მწვავე იყო”, – თავართქილაძემ კლინიკის პერსონალის რეაქცია მედიას გააცნო. მისი თქმით, სამინისტროს მიერ წარმოდგენილი კომპენსაციის პაკეტი თანამშრომლებთან ნაწილობრივ განიხილეს. ამჟამად „რესპუბლიკურ საავადმყოფოში” 650-მდე თანამშრომელი მუშაობს. თავართქილაძისთვის უცნობია, მას შეეხება თუ არა კომპენსაციასთან დაკავშირებული წინადადება.
შენობის დემონტაჟისა და ახალი კლინიკის მშენებლობის თემაზე კი თეა თავართქილაძემ განაცხადა: „საქართველოს და თბილისს ესაჭიროება მაღალკვალიფიციური სახელმწიფო კლინიკა. მე ვარ მისი აშენების მომხრე”.
სამინისტროს პროექტის მენეჯერმა ნინო კვერნაძემ „რესპუბლიკური საავადმყოფოს” პერსონალთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ „რესპუბლიკური საავადმყოფოს” თანამშრომლებს გააცნეს ყველა იმ კომპენსაციის მოცულობა, რაზეც სამინისტრომ იმუშავა ბოლო ერთი თვის განმავლობაში. კვერნაძის განცხადებით, საკომპენსაციო პაკეტი გაცილებით მეტია იმისგან, რასაც „შრომის კოდექსი“ ითვალისწინებს (ძირითადად, ორი თვე).
„იმ თანამშრომლისთვის, რომელიც მხოლოდ „რესპუბლიკურ საავადმყოფოში” მუშაობს, განსხვავებული პაკეტია შეთავაზებული, ხოლო ის, ვინც სხვაგანაც მუშაობს – განსხვავებული. ეს ეხება როგორც სამედიცინო პერსონალს, ასევე ადმინისტრაციულს”, – თქვა მან.
ნინო კვერნაძის ინფორმაციით, „რესპუბლიკური საავადმყოფოს” თანამშრომლებს ასეთი საკომპენსაციო პაკეტი შესთავაზეს:
იმ შემთხვევაში, თუ პირი თავიდანვე უარს იტყვის, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან გააგრძელოს რაიმე ტიპის შრომითი ხელშეკრულება, მას მიეცემა 12 თვის ხელფასის ოდენობით კომპენსაცია;
თუკი პირი სხვა სამსახურშიც მუშაობს, მას მიეცემა მხოლოდ ოთხი თვის კომპენსაცია;
თუ პირი უარს იტყვის 12-თვიან ანაზღაურებაზე, მას საშუალება მიეცემა, სხვა ტოლფასი თანამდებობა აირჩიოს სახელმწიფო კლინიკაში. ასეთ შემთხვევაში მას მიეცემა ოთხი თვის კომპენსაცია;
თუ დასაქმებული უარს აცხადებს მიმდინარე პოზიციის დატოვებაზე და მას ვერ შესთავაზეს ტოლფასი სამსახური, ამ შემთხვევაში განიხილება 3-წლიანი ხელშეკრულების შენარჩუნება ყოველთვიური ხელფასით, თუმცა აუცილებლად განიხილება დასაქმების შესაძლებლობა და სანამ არ დასაქმდება, მიეცემა ხელფასი;
ტოლფასი სამსახური გულისხმობს შინაარსობრივად იმავეს, თუმცა ის გეოგრაფიულად პირისთვის რამდენად მისაღები იქნება, ეს უკვე ინდივიდუალური მოლაპარაკების საგანია;
„რესპუბლიკურ საავადმყოფოს” შესაძლოა, ზოგიერთ კლინიკასთან შედარებით მაღალი ხელფასები ჰქონდეს, იმიტომ რომ თავის დროზე ეს დადგენილებით იყო გათვალისწინებული. ამიტომ, ახალ პოზიციაზე შეთანხმებისთანავე ადამიანი მიიღებს 4-თვიან კომპენსაციას;
პერსონალს 90 დღე აქვს არჩევის საშუალება.
პერსონალთან შეხვედრას ესწრებოდა ბექა ფერაძე, შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელი. ის კლინიკის პერსონალისთვის შეთავაზებულ კომპენსაციას უპრეცედენტოს უწოდებს.
„’შრომის კოდექსის’ მიხედვით განსაზღვრულია გარკვეული პროცედურები, რაც უნდა განახორციელოს ორგანიზაციამ, როდესაც ხდება სამუშაო პროცესის შეჩერება ან დასაქმებული პერსონალის გათავისუფლება. ამ შემთხვევაში, კანონმდებლობის მიხედვით არის ერთი და ორი თვე. უპრეცედენტოა, რასაც სახელმწიფო [„რესპუბლიკურ საავადმყოფოში”] მედპერსონალს სთავაზობს: საუბარია ოთხ თვეზე, ერთ წელსა და რიგ შემთხვევაში 3-წლიან კომპენსაციაზე”, – განაცხადა ფერაძემ. მან დაამატა, რომ შრომის ინსპექცია მაქსიმალურად ჩართული იქნება პროცესში, რომ თითოეული ადამიანის უფლებები დაცული იყოს.
22 იანვარს საქართველოს მთავრობის სხდომაზე ოთხი საკითხი განიხილეს. როგორც ადმინისტრაცია იუწყება, მათ შორის იყო ყოფილი “რესპუბლიკური საავადმყოფოს” შენობის დემონტაჟისა და მის ადგილზე ახალი, მრავალპროფილური კლინიკის მშენებლობის საკითხი (მთავრობის განკარგულების პროექტი „შპს აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ახალ პროექტთან დაკავშირებით რიგი საკითხების განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“). პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილი სხვადასხვა სახელმწიფო კლინიკაში უკვე დასაქმდა, ნაწილი კი დასაქმდება.
პრემიერის თქმით, იგეგმება „რესპუბლიკური საავადმყოფოს” შენობის დემონტაჟი და ახალი კლინიკის მშენებლობა
„პირადად მინისტრის კოორდინაციით, “რესპუბლიკური საავადმყოფოს” თანამშრომელთა ნაწილი სხვადასხვა სახელმწიფო კლინიკაში უკვე დასაქმდა, ნაწილი დასაქმდება და გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ არცერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის გარეშე და ყველა იქნება უზრუნველყოფილი დასაქმების ალტერნატიული შეთავაზებით თუ უპრეცედენტო ღირსეული კომპენსაციით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ჯანდაცვის სამინისტრო შენობის სადემონტაჟო პროექტისა და კლინიკის საპროექტო სამუშაოების შესყიდვის პროცედურებს იწყებს.
მთავრობის სხდომის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა: „ჩვენ მთავრობაზე ავიღეთ დღეს თანხმობა და დავიწყებთ არსებული ფასადის დემონტაჟის სამუშაოებს, ასევე ახალი კლინიკის მშენებლობასთან დაკავშირებული ტენდერის გამოცხადების ღონისძიებებს. ეს ტენდერი უნდა იყოს აუცილებლად საერთაშორისო, რადგანაც საერთაშორისო გამოცდილება მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ასეთი ისტორიული და მნიშვნელოვანი კლინიკის მშენებლობის და შექმნის პროცესში“.
„რესპუბლიკური საავადმყოფოს” შენობის დანგრევის საკითხზე მთავრობის გეგმას თავდაპირველად ექიმების პროტესტი მოჰყვა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეებსა და „რესპუბლიკური საავადმყოფოს” ექიმებს შორის პირველი შეხვედრა 2023 წლის მარტში გაიმართა. ექიმები ითხოვდნენ, რომ მთავრობა კლინიკის რეკონსტრუქციის იდეაზე შეჩერებულიყო ან ახალი შენობა უკვე არსებული კლინიკის გვერდით აეშენებინათ, მშენებლობის დასრულებამდე კი მათ ჩვეულებრივ ემუშავათ.
ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა, იგივე „რესპუბლიკური“, 1973 წელს გაიხსნა. ეს არის 24-საათიანი, მრავალპროფილური საავადმყოფო, რომელსაც 2008 წელს გადაუდებელი დახმარების ფუნქციაც დაემატა. საავადმყოფოში ოცზე მეტი მიმართულებით ემსახურებიან პაციენტებს, რასაც ლაბორატორიაც ემატება.
დღეს, 22 იანვარს, ცნობილი გახდა, რომ თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობას დაანგრევენ.