მნიშვნელოვანისიახლეები

ბიულეტენების ჩაყრისთვის საკრებულოს წევრს და მის ძმას თითო-თითო წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე მარნეულში ბიულეტენების ჩაყრის ბრალდებით დაკავებულ ძმებს თითო-თითო წლით მიუსაჯეს პატიმრობა. მათ რვა თვე უკვე მოხდილი აქვთ და საპატიმროში დარჩენილ ოთხ თვეს გაატარებენ.

გადაწყვეტილება მოსამართლე ვლადიმერ წითლაურმა გამოაცხადა დღეს, 20 ივნისს.

ინფორმაცია თავდაპირველად ადგილობრივმა სათემო რადიომ, „რადიო მარნეულმა“ გაავრცელა.

ბრალდებულები იყვნენ როვშან და ეთიბარ ისკანდაროვები.

როვშან ისკანდეროვი მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო, „ქართული ოცნების“ წევრი.
ისინი ბრალს არ აღიარებდნენ და ირწმუნებოდნენ, რომ გავრცელებული ვიდეოკადრები დამონტაჟებული იყო.

„მე არ მჭირდება გაყალბება“, – თქვა პირველ სასამართლოზე ისკანდიროვმა.

26 ოქტომბერს, დაახლოებით 12:30 საათზე, გავრცელდა ვიდეომასალა, რომელშიც ჩანდა, იმ დროს მედიისთვის უცნობი კაცი როგორ ყრიდა ყუთში ბიულეტენებს მარნეულის 69-ე უბანზე.

მალევე სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე (არჩევნების გაყალბების) მუხლით საქმის გამოძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ცესკომ კი იმ უბნის შედეგები გააუქმა.

ისკანდეროვები 31 ოქტომბერს დააკავეს.

მოსამართლე წითლაურის გადაწყვეტილებით, სასჯელის მოხდის ვადა დაკავების დღიდან აითვლება – ისინი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 2025 წლის 31 ოქტომბრამდე დარჩებიან.

მუხლი ორ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა.

არჩევნების დღეს, ამ საკითხზე ბრიფინგი გამართა პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ. მარნეულში, 69-ე უბანზე, ბიულეტენების ჩაყრა მან „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუკავშირა.
ისკანდაროვები სასამართლოს წინაშე წარდგენილნი იყვნენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, რაც არჩევნებთან დაკავშირებული დოკუმენტების განზრახ გაყალბებას ითვალისწინებს. აღნიშნული დანაშაული ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ინციდენტი 26 ოქტომბერს, არჩევნების დღეს, მოხდა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ჩაყარეს ათეულობით საარჩევნო კონვერტი საარჩევნო ყუთში. ბიულეტენების ჩაყრა როვშან ისკანდაროვს – სადახლოს გამგებელს – მიეწერება.

მსგავსი პოსტები

Back to top button