ანალიტიკაეკონომიკა

ბიზნეს კლიმატი გაუმჯობესებას განაგრძობს – რას აჩვენებს BAG ინდექსი

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის BAG ინდექსის 2021 წლის მეოთხე კვარტლის კვლევის თანახმად, კვლავ გრძელდება წინა კვარტლებში დაწყებული პოზიტიური დინამიკა – გამოკითხულმა კომპანიებმა თავიანთი მიმდინარე მდგომარეობა და მომდევნო ექვსი თვის მოლოდინი ისევ დადებითად შეაფასეს.

2021 წლის მეოთხე კვარტალში,  წინა კვარტალთან შედარებით, ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის მაჩვენებელი დამატებით 8 ქულით გაუმჯობესდა და 18.8 ქულა შეადგინა. ხოლო ბიზნესის მოლოდინმა, 5 ქულიანი ზრდის შედეგად, 49.8 ქულას მიაღწია. შედეგად, ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 33.8 ქულას უტოლდება, რაც გაუმჯობესებულია როგორც წინა, მესამე კვარტალთან შედარებით, ასევე წლიურ ჭრილშიც.

მთლიანობაში, უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წლის განმავლობაში, ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი უმჯობესდება და ეტაპობრივად უახლოვდება პრეპანდემიურ მდგომარეობას. BAG ინდექსის ფარგლებში, ბიზნეს კლიმატის პრეპანდემიურ მდგომარეობას 2019 წლის IV კვარტლის კვლევა ასახავს, როდესაც  ბიზნეს კლიმატი 40 ქულას აღემატებოდა.

კვლევის ფარგლებში, გამოკითხული კომპანიები ოთხ სექტორში ერთიანდება: ვაჭრობა, მომსახურება, მრეწველობა და მშენებლობა.

2021 წლის განმავლობაში ვაჭრობის, მრეწველობისა და მომსახურების სექტორებში ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი ოთხივე კვარტალში დადებითია. განსხვავებული მდგომარეობა იყო  მშენებლობის სექტორში, სადაც 2021 წლის პირველ ნახევარში ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი უარყოფითი იყო, თუმცა 2021 წლის III და IV კვარტლებში მაჩვენებელი დადებითია და, 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმჯობესდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button