მნიშვნელოვანისიახლეები

მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში გადაიყვანეს

მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში გადაიყვანეს. სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, პენიტენციური სამსახურის მანქანები, რომლებიც გვიან ღამით რუსთავის ციხის ტერიტორიაზე შედიან.

ციხის მიმდებარედ შეკრებილი არიან სამოქალაქო აქტივისტები, “ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მხარდამჭერები. ადგილზე იმყოფება მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველი ნიკა გვარამიაც, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად შესვლის ნებართვას ელოდება.

არსებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში წუხელ გადაიყვანეს. აღნიშნულთან დაკავშირებით პენიტენციურ სამსახურს განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

ეკა ხერხეულიძის და ლევან ხაბეიშვილის ხმა

რუსთავის ციხეში გადაყვანამდე გორის ჰოსპიტალში მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულა. საბა ბრაჭულის ინფორმაციით, სააკაშვილი თავს კარგად არ გრძნობს და დამატებით სპეციალისტებთან შეხვედრას მოითხოვს.

ომბუდსმენის წარმომადგენლის თქმით, როგორც მას ექსპრეზიდენტმა უთხრა, – ბოლო დღეებში მას სამი ჰიპერტენზიული კრიზი ჰქონდა და 27 დეკემბერს ახალი დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა ბრაჭულმა დიაგნოზის გახმაურებისგან თავი შეიკავა.

საბა ბრაჭულის ხმა

მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, შოთა თუთბერიძე აცხადებს, რომ მათ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ.

“ჩვენ გადაყვანის შესახებ არაფერი არ ვიცოდით. უფრო მეტიც ოფიციალური, დადასტურებული ინფორმაცია ამ დრომდე არ გვაქვს. პენიტენციურ სამსახურში დიდი ხანია ჩვენს ზარებს არ პასუხობენ, თუმცა, პირადად მე დარწუნებული ვარ, რომ გადაიყვანეს.
ეს არ არის კანონზე ან რაღაც ტიპის ლოგიკურ მსჯელობაზე დაფუძნებული გადაწვეტილება, ეს არის უბრალოდ ბოღმიანი, შეშინებული ადამიანების აგონიური ქცევა,” – აღნიშნა შოთა თუთბერიძემ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში გადაიყვანეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button