მნიშვნელოვანისიახლეები

ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა „რიყის დოქები“ გაყიდა

ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანია GLOBAL VICTORY TRUST-მა „რიყის დოქები“ გაყიდა. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, მისი მფლობელია შპს „რიყე დომ“.
განაცხადი საჯარო რეესტრში 2 მაისს შევიდა, ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენის შემდეგ კი ცვლილებები დღეს, 5 მაისს აისხა.

როგორც BPN-ი წერს, სამეწარმეო რეესტრიდან ჩანს, რომ „რიყე დომ“ 2025 წლის მარტში დარეგისტრირდა. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ ნ.გ.ბ“, ხოლო დირექტორია მიხეილ ტყეშელაშვილი. თავის მხრივ, შპს ,,ნ.გ.ბ.” – მესაკუთრე და დირექტორი თორნიკე კოპალიანია.

უძრავი ქონების რეესტრის მიხედვით, ახალმა მესაკუთრემ მისი ღირებულება განვადების წესით უნდა დაფაროს. „მყიდველს უფლება არ აქვს გამყიდველის თანხმობის გარეშე ნასყიდობის საფასურის გადახდამდე იპოთეკით დატვირთოს ნასყიდობის საგანი“,- აღნიშნულია ხელშეკრულებაში.

“რიყის დოქები გაიყიდა.

შემძენი შპს ,,რიყე დომ”
– დირექტორი მიხეილ ტყეშელაშვილი – ქართული ოცნების ,,დეპუტატის” გიორგი ბარვენაშვილის ბიზნეს წილების მმართველი, იმავდროულად ბიზნესომბუდსმენის აპარატის თანამშრომელი.
– მესაკუთრე შპს ,,ნ.გ.ბ.” – მესაკუთრე თორნიკე კოპალიანი, ,,არქის” ფინანსური მენეჯერი.

რიყის დოქები სახელმწიფომ 2022 წლის 24 მარტს რუს ოლიგარქს, ბიძინა ივანიშვილის პარტნიორს, დავით ხიდაშელს მიყიდა 10,020,000 ლარად (საწყისი ფასი 96 მილიონი ლარი იყო !!!). დავით ხიდაშელის კომპანიას 2025 წლის 24 მარტამდე 20 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა და აქ ღვინის, ციფრული ხელოვნებისა და ტექნოლოგიების მუზეუმი უნდა გაეხსნა.

ვნახოთ, რეალურად ვინ იყიდა ქალაქის ცენტრში მდებარე შენობა, შეუცვლის თუ არა საპრივატიზებო პირობებს სახელმწიფო ახალ შემძენს, რა ფუნქციას შეიძენს ის და გამოიკვეთება თუ არა მორიგი კორუფციული გარიგება რიყის დოქებზე” – წერს ირაკლი აბესაძე.

დეველოპერული კომპანია არქი დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, რიყის დოქების მესაკუთრე მათი ფინანსური მენეჯერი თორნიკე კოპალიანია, განცხადებით ეხმაურება.

კომპანია აცხადებს, რომ არც მას და არც მის რომელიმე თანამშრომელს არავითარი კავშირი არ აქვს რიყის დოქების შეძენასთან.

“კომპანია არქიში მართლაც არის თანამშრომელი – ფინანსური დეპარტამენტის დირექტორი, სახელად თორნიკე კოპალიანი, თუმცა ის არ არის პირი, ვისაც რიყის დოქების შეძენა უკავშირდება.

არქი არ მონაწილეობდა და არ მონაწილეობს რიყის დოქების გაყიდვა/შეძენის პროცესში. გთხოვთ, მედიამ და საზოგადოებამ თავი შეიკავოს ყოველგვარი მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფოს მიერ აუქციონზე არაერთხელ გამოტანილი „რიყის დოქები, 2022 წლის მარტში ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან დაკავშირებულმა კომპანია GLOBAL VICTORY TRUST-მა 10 020 000 ლარად იყიდა. ბიზნესმენის კომპანიას 2025 წლის 24 მარტამდე 20 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა და აქ ღვინის, ციფრული ხელოვნებისა და ტექნოლოგიების მუზეუმი უნდა გაეხსნა.

თუმცა უკვე 2022 წლის დეკემბერშივე თავად ბიზნესმენმა განაცხადა, რომ ობიექტის 50%-ს ყიდდა, თუმცა ამ დრომდე „რიყის დოქები“ სრულად კვლავ მის მფლობელობაში იყო.

„რიყის დოქენი“ სახელმწიფოს საკუთრებაში 2022 წლის მარტის შემდეგ აღარ არის. ის მეექვსე მცდელობაზე, თავდაპირველ ფასზე 10-ჯერ უფრო იაფად, 10 020 000 ლარად გაიყიდა. მყიდველი „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანია იყო.

კომპანიამ ვალდებულებად აიღო, რომ 36 თვის განმავლობაში 14 591 კვ.მ მიწის ნაკვეთი გამოეყენებინა ღვინის, ციფრული ხელოვნების და ტექნოლოგიების მუზეუმი, ასევე საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები მოსაწყობად.
„რიყის დოქების“ მშენებლობა 2012 წელს დასრულდა. შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანზე ირიცხებოდა. თავდაპირველად იქ ხელოვნების ცენტრი და მუსიკისა და დრამის თეატრი უნდა განთავსებულიყო, მოგვიანებით კი ხელმოწერები გროვდებოდა შენობაში ღვინის მუზეუმის გახსნის მოთხოვნით.

წლების შემდეგ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მისი გაყიდვა გადაწყვიტა.

მსგავსი პოსტები

Back to top button