ლავროვი ახლო მომავალში “3+3” ფორმატში საქართველოს მონაწილეობას ვარაუდობს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვის მიიჩნევს, რომ ახლო მომავალში “3+3” ფორმატში შესაძლოა საქართველოც ჩაერთოს და “სრულყოფილი ფორმით ამოქმედდეს”. ამის შესახებ მან 23 ოქტომბერს ფორმატის ფარგლებში მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
“თბილისის ამჟამინდელი ხელისუფლება, როგორც მათ არაერთხელ დაუდასტურებიათ, ყველა საკუთარ ქმედებაში, პირველ რიგში, გამომდინარეობს ძირეული ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს. ეს იძლევა საფუძველს ივარაუდო, რომ “3+3-ის” სრულყოფილი ფორმატი შესაძლოა უახლოეს მომავალში ამოქმედდეს”, – განაცხადა ლავროვმა.
ლავროვის თქმით, შეხვედრის დროს ყველა მონაწილე შეთანხმდა, რომ “3+3” ფორმატში საქართველოსთვის კარი ღია რჩება.
„ყველანი თანხმდებიან, რომ საქართველოსთვის ჩვენი პლატფორმის კარი ღიად რჩება. გვესმის მიზეზები, რომელთა გამოც საქართველოს ხელისუფლება ჯერჯერობით თავს იკავეს „ექვსეულთან“ შეერთებისგან. ჩვენ ვაფასებთ, რომ თბილისი განიხილავს ამის შესაძლებლობას მომავალში (როგორც გვესმის). ყველა ვითარებაში, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ყველა თავის მოქმედებაში ძირეული ეროვნული ინტერესებიდან მომდინარეობს, როგორც არაერთხელ დაამტკიცეს. ეს იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ „3+3“ ფორმატი სრულფასოვნად ამოქმედდეს უახლოეს მომავალში“, – დასძინა მან.
მანამდე „3+3“ ფორმატის შეხვედრის მონაწილეებმა დაადასტურეს, რომ „პლატფორმა ღიაა საქართველოს სრულფასოვანი მონაწილეობისთვის“. ამის შესახებ ნათქვამია მონაწილეთა შემაჯამებელ განცხადებაში.
სამხრეთ კავკასიის საკითხებზე თანამშრომლობის ექვსმხრივი ფორმატის ინიციატივით 2020 წელს თურქეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები გამოვიდნენ. ინიციატივას შეუერთდნენ ირანი, რუსეთი და სომხეთიც. საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ არ აპირებს “3+3-ის” ფორმატში გაწევრიანებას და ამ დრომდე უარს ამბობს ყველა შეხვედრაში მონაწილეობაზე.
ირანის დედაქალაქში გამართული შეხვედრის მონაწილეებმა ასევე ხაზი გაუსვეს დავების მშვიდობიანი დარეგულირების, სუვერენიტეტის, პოლიტიკური დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ხელშეუხებლობის, საშინაო საკითხებში ჩაურევლობის, ძალის გამოუყენებლობისა და ადამიანის უფლებების პატივისცემის მნიშვნელობას. ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მინისტრებმა განიხილეს რეგიონში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები და ხაზი გაუსვეს 3+3-ის საკონსულტაციო რეგიონული პლატფორმის მსგავსი პლატფორმების მნიშვნელობას რეგიონის ქვეყნებს შორის კონსტრუქციული დიალოგისა და ურთიერთსარგებლიანი თანამშრომლობის ხელშეწყობისთვის. მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ 3+3-ის პლატფორმის მორიგი შეხვედრა თურქეთში გაიმართება. პირველი შეხვედრა ამ ფორმატში გაიმართა გასულ წელს მოსკოვში საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების დონეზე და მაშინაც საქართველოს მონაწილეობის გარეშე ჩატარდა.
შეგახსენებთ, 22 ოქტომბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ე.წ. 3+3-ის ფორმატის შეხვედრაში საქართველო მონაწილეობას არ მიიღებდა. „საქართველო არ მონაწილეობს აღნიშნულ შეხვედრაში და არც არასდროს მიუღია მონაწილეობა“,- განაცხადეს საქართველოს საგარეო უწყებაში.
ცნობისთვის თურქეთის, რუსეთის, ირანის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს მონაწილეობით სამხრეთ კავკასიაში „მტკიცე მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად რეგიონული თანამშრომლობის ახალი პლატფორმის“ (3+3) შექმნის ინიციატივა თურქეთის პრეზიდენტმა ერდოანმა 2020 წლის დეკემბერში გამოაცხადა. აღნიშნული ფორმატის ფარგლებში პირველი შეხვედრა მოსკოვში 2021 წლის 10 დეკემბერს გაიმართა. მასში თურქეთთან ერთად მონაწილეობენ რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და ირანი. საქართველოს ოფიციალური პოზიციაა, რომ, რუსეთის ფაქტორის გამო, აღნიშნულ ფორმატში მონაწილეობას არ მიიღებს.შეხვედრაზე საქართველოს დროშაც იყო წარმოდგენილი, რაც თბილისმა გააპროტესტა.
ეს მოხდა ბაქოში, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევთან შეხვედრის შემდეგ, რასაც წინ უძღოდა რუსეთის და თურქეთის მონაწილეობით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეთანხმება მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ.
საქართველოს ოფიციალური პოზიცია თავიდანვე იყო, რომ პლატფორმაში მონაწილეობას არ აპირებდა.
საქართველომ რეგიონში მშვიდობის შესანარჩუნებლად აზერბაიჯანს და სომხეთს მოლაპარაკებების საკუთარი ფორმატი შესთავაზა.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. 3+3-ის ფორმატის შეხვედრაში, რომელიც თეირანში იმართება, საქართველო არ მონაწილეობს.