მნიშვნელოვანისიახლეები

30 წლის წინ 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა

"ჩვენ გვახსოვს 1993 წლის 27 სექტემბერი, სოხუმის დაცემის დღე", - აშშ-ის საელჩო სოხუმის დაცემის 30 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს

აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად საქართველოს დროშები დაუშვეს სახელმწიფო დაწესებულებების შენობებზე. 30 წლის წინ, 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმი დაეცა.
ომი, რომელიც 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა, 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა. სხვადასხვა მონაცემით, შეიარაღებულ დაპირისპირებას ემსხვერპლა 10 000-დან 30 000-მდე ადამიანის სიცოცხლე, 300 ათასზე მეტი კი, დევნილად იქცა.

აფხაზეთის რეგიონში საქართველოს სამთავრობო ძალების შესვლას წინ უძღოდა ადგილობრივი სეპარატისტების მიერ ე.წ. დამოუკიდებლობის გამოცხადება. აფხაზური ფორმირებების მხარდასაჭერად საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო რუსეთის სამხედრო ძალები.
შეიარაღებული კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს სახელმწიფო საბჭომ გახშირებული ყაჩაღობისგან რკინიგზის სოჭი-ინგირის მონაკვეთის დასაცავად, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, ვლადისლავ არძინბასთან შეთანხმებით შინაგანი ჯარის დამატებითი ძალები გაგზავნა.

შეთანხმების მიუხედავად, სეპარატისტებმა შინაგანი ჯარის დანაყოფს ოჩამჩირესა და გულრიფშში ცეცხლი გაუხსნეს.

საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აფხაზეთში ეთნიკური წმენდის ფაქტია აღიარებული. მრავალწლიანი მოლაპარაკებებისა და გაერო-ს მიერ მიღებული რეზოლუციების მიუხედავად, კონფლიქტი ისევ მოუგვარებელია.

ქალაქის აღების შემდეგ შემოსულმა სეპარატისტებმა ადგილობრივი მთავრობის წევრები: ჟიული შარტავა, გურამ გაბისკირია და რაულ ეშბა, რომლებმაც გაქცევაზე უარი თქვეს, მთავრობის სახლის წინ დახვრიტეს, ჟურნალისტი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს პრესსამსახურის უფროსი ალექსანდრე ბერულავა კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

1993 წლის 27 სექტემბერს, საქართველოს სამთავრობო ძალების სამხედროებმა, შტაბის სარდლობამ და სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე ედუარდ შევარდნაძემ სოხუმი დატოვეს. სოხუმის დაცემამდე შეიარაღებული კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა მიაღწიეს სამშვიდობო შეთანხმებას, რომლის დარღვევაშიც საქართველომ რუსეთი დაადანაშაულა.

სოხუმის დაცემიდან 15 წლის შემდეგ, 2008 წლის 26 აგვისტოს, რუსეთმა აფხაზეთი „დამოუკიდებელ რესპუბლიკად“ აღიარა. ამას წინ უძღოდა ცხინვალის რეგიონიდან(სამხრეთი ოსეთი) დაწყებული რუსეთ-საქართველოს ომი. მოსკოვმა ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკად ცნო „სამხრეთი ოსეთიც”.

“ჩვენ გვახსოვს 1993 წლის 27 სექტემბერი, სოხუმის დაცემის დღე”, – აშშ-ის საელჩო სოხუმის დაცემის 30 წლისთავთან დაკავშირებით Facebook-ზე განცხადებას აქვეყნებს.

საელჩო აღნიშნავს, რომ დღეს დაღუპული ადამიანების ხსოვნას აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა და აშშ-ის სამხედრო მომსახურეებმა პატივი მიაგეს.

“რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ძალების წინააღმდეგ სოხუმის დაცემის 30 წლისთავზე აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ალან პარსელმა და აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეებმა პატივი მიაგეს ათობით ათასი დაღუპული ადამიანის ხსოვნას.

უამრავ დაკარგულ სიცოცხლესთან ერთად ამ ტრაგედიას ასობით ათასი ადამიანის მიერ სახლის დაკარგვა მოჰყვა.

ჩვენ გვახსოვს 1993 წლის 27 სექტემბერი, სოხუმის დაცემის დღე”, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button