მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ევროკავშირი ღაზის ჰუმანიტარული დახმარებისთვის დამატებით 25 მილიონ ევროს გამოყოფს

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას კიდევ 25 მილიონი ევროთი გაზრდის, რაც იმას ნიშნავს, რომ დახმარების საერთო რაოდენობა 100 მილიონ ევროს მიაღწევს.

„ჩვენ ვმუშაობთ ისრაელთან, ეგვიპტესთან და გაეროსთან, რათა მეტი კოლონა შევუშვათ ღაზაში, მათ შორის დერეფნების გავლით და ჰუმანიტარული პაუზების საშუალებით. დახმარება ახლა რაფაჰის სასაზღვრო პუნქტით შედის, მაგრამ მისი მოცულობა ძალიან მცირეა ღაზაში ჰუმანიტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ჩვენი პრიორიტეტია პარტნიორებთან მუშაობა რაფაჰის ლოგისტიკური შესაძლებლობების გასაძლიერებლად და ამავდროულად, ვმუშაობთ დამატებით მარშრუტებზე – მაგალითად, საზღვაო დერეფანზე კვიპროსიდან – რაც უზრუნველყოფს დახმარების მდგრად, რეგულირებულ და ძლიერ ნაკადს“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

მან, ასევე, ისაუბრა ღაზაში მყოფი მძევლების საკითხზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ თითოეული მძევალი მნიშვნელოვანია.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ევროპამ ყველაფერი უნდა გააკეთოს რეგიონული კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად.

ღაზის სექტორის მომავალზე საუბრისას, ფონ დერ ლაიენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ღაზა არ შეიძლება იყოს უსაფრთხო თავშესაფარი ტერორისტებისთვის და განიხილება სხვადასხვა იდეა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ამის უზრუნველყოფა, მათ შორის გაერო-ს მანდატით მოქმედი საერთაშორისო სამშვიდობო ძალების შექმნა.

„ეს ნიშნავს, რომ ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასი“ ვერ გააკონტროლებს ან მართავს ღაზას. უნდა იყოს მხოლოდ ერთი პალესტინის ხელისუფლება და ერთი პალესტინის სახელმწიფო“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ახლო აღმოსავლეთში შექმნილი სიტუაცია კოლექტიური პოლიტიკური და მორალური ჩავარდნის შედეგია, – ეს განცხადება საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის დიპლომატების შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

„ისრაელისა და პალესტინის ხალხი დღეს დიდ საფასურს იხდის ამ ჩავარდნისთვის, და ეს საფასური გაიზრდება. ეს მორალური და პოლიტიკური ჩავარდნა გახლავთ ისრაელისა და პალესტინის პრობლემის გადაჭრის სურვილის რეალური ნაკლებობის შედეგი“, – განაცხადა ბორელმა.

ბორელმა ასევე განაცხადა, რომ ევროპელებს აქვთ როგორც მორალური, ისე პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ჩართულები იყვნენ ამ პრობლემის გადაჭრაში.

„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მტკიცე და დაბალანსებული პოზიციის დაცვა და ყველა საშუალებით ავიცილოთ ამ კონფლიქტის ევროპაში შემოტანა“, – განაცხადა ბორელმა და მიუთითა, რომ ბოლო დღეებში ევროპაში ანტისემიტიზმმა იმატა, რაც მიუღებელია.

ჯოზეფ ბორელმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს ჰუმანიტარულ პაუზას და ღაზის სექტორიდან მესამე ქვეყნების მოქალაქეთა გამოყვანას.

„ყველაზე მნიშვნელოვანი არის ყოვლისმომცველ და საბოლოო გამოსავალზე ფიქრი, რაც დღეს აშკარად არ არის მიღწევადი“, – განაცხადა ბორელმა.

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია “ალ-აკსას წარღვნა” უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს – მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და “საომარი მდგომარეობის” შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა – მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.

მსგავსი პოსტები

Back to top button