საქართველოსიახლეები

“კრიტიკულად ვაფასებთ ხელისუფლების ლოიალობას ეკლესიისადმი”

„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მიმდინარეობის თაობაზე ანგარიში მოამზადა.

ანგარიშში “ადამიანის უფლებათა ცენტრი” კრიტიკულად აფასებს ხელისუფლების მიერ, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის არსებული განსაკუთრებული საფრთხის მიუხედავად, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ პრინციპული გადაწყვეტილებების მიღებისგან თავშეკავებას.

როგორც გამოქვეყნებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლების შესახებ საერთაშორისო აქტების მსგავსად, რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის შესაძლებლობას იძლევა, რისი ერთ-ერთი წინაპირობა შეიძლება იყოს მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვა. ამავე დროს, არც კონსტიტუციური და არც საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტი მსგავსი შეზღუდვის დაწესების შესაძლებლობას საგანგებო მდგომარეობას საერთოდ არ უკავშირებს, მეტიც – საგანგებო მდგომარეობის მიზეზით, რწმენის თავისუფლების შეზღუდვას დაუშვებლად მიიჩნევს.

„შესაბამისად, ცხადია, საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით შეზღუდულ უფლებებში ვერ მოხვდა კონსტიტუციის მე-18 მუხლი, რომელიც ეპიდემიის გავრცელებისას, ეკლესიებსა თუ სხვა საკულტო ნაგებობებში მოსახლეობის შეკრებისა თუ სხვა წესებზე რაიმე გავლენას მოახდენდა. იმ ფონზე, როცა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ძირითადი მიზანი, მოსახლეობაში ფიზიკური დისტანცის დაცვით, პანდემიის გავრცელების თავიდან აცილება იყო, ხელისუფლების მიერ რწმენის თავისუფლების პროპორციული შეზღუდვის გარეშე, ამ მიზნის მიღწევა ფაქტობრივად შეუძლებელი ხდებოდა“. – ნათქვამია ანგარიშში.

გარდა ამისა, ანგარიშში მთავრობის მიერ წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმის შეფასებაცაა და ნათქვამია, რომ დასაქმებულთა უფლებების გაუმართლებელი სისუსტე საქართველოში არაკრიზისულ პერიოდშიც კრიტიკულად მწვავეა, რაც კრიზისის ფონზე განსაკუთრებულად მოწყვლადს ხდის უამრავ დასაქმებულს. აუცილებელია შრომის კანონმდებლობის დახვეწისთვის უკვე დაწყებული რეფორმის ბოლომდე მიყვანა და პოსტკრიზისული ეკონომიკის ადამიანის უფლებებზე დაფუძნება.

კორონავირუსის გამო, საგანგებო მდგომარეობა, რომელიც ქვეყანაში 21 მარტიდან მოქმედებდა, რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი თვით, 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივდა. გარდა ამისა, 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button