მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ომის 426-ე დღე უკრაინაში ოკუპანტები უკრაინის ოლქებს უტევს

რუსმა სამხედროებმა ხარკოვის რეგიონში, ქალაქ კუპიანსკში მუზეუმის შენობა დაბომბეს. დაშავებულია სულ მცირე 10 ადამიანი.

ხარკოვის რეგიონული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ნანგრევებში სულ მცირე 2 ადამიანია მოყოლილი.

3 დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, 7 მათგანს კი მინიმალური დაზიანებები აღენიშნებოდათ, მათ პირველადი სასწრაფო დახმარება ადგილზე გაეწიათ.
ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეგ სინეგუბოვის თქმით С-300 ტიპის ორი რაკეტა კუპიანსკის ცენტრში აფეთქდა. დანგრეულია მხარეთმცოდნეობის მუზეუმის შენობა.

მუზეუმის თანამშრომელი იყო დაღუპული ქალი, რომლის გვამი მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიტანეს. ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

უწყების ცნობით, ხარკოვის რეგიონში განმეორებითი სარაკეტო თავდასხმის ალბათობა კვლავ მაღალია. ადგილობრივი ადმინისტრაცია მოსახლეობას მოუწოდებს, რომ არ უგულებელყონ საჰაერო განგაშის სიგნალები და დარჩნენ თავშესაფარში.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკზე რუსების მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას ეხმაურება,

“ტერორისტული ქვეყანა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მთლიანად გაგვანადგუროს. ჩვენი ისტორია, ჩვენი კულტურა, ჩვენი ხალხი. უკრაინელების მკვლელობა აბსოლუტურად ბარბაროსული მეთოდებით. ჩვენ არ გვაქვს უფლება ერთი წამით დავივიწყოთ ეს. ჩვენ უნდა ვუპასუხოთ და ვუპასუხებთ! – წერს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტმა მიუსამძიმრა დაღუპულის ოჯახს და თქვა, რომ ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, გუშინ, რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს, რასაც მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე ემსხვერპლა.

“24 აპრილს, რუსებმა დონეცკის ოლქში, შახტერსკში 2 მცხოვრები მოკლეს. კიდევ 13 ადამიანი დაშავდა რეგიონში. გორლოვსკის მიმართულებით, ჩასოვ იარის თემში, დაბომბვის შედეგად სკოლა დაზიანდა. ილინოვსკაიას შემოგარენი დაბომბვის ქვეშ მოექცა”, – თქვა დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
კირილენკოს თქმით, დონეცკის მიმართულებით, კურახოვოს თემში, დაზიანდა სკოლა, 2 სართულიანი შენობა და 15 კერძო სახლი. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ რუსულმა არმიამ გუშინ ღამით ავდეევკაც დაბომბა.

ომის 426-ე დღე უკრაინაში – რუსულმა ძალებმა სუმის ოლქის 7 დასახლება დაბომბეს. დაიბომბა დონეცკის ოლქის ერთ-ერთი სოფელიც – დაიღუპა 2 და დაშავდა 1 ადამიანი. ოკუპანტებმა ცეცხლი მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებით გაუხსნეს ზაპოროჟიეს ოლქს – დაშავდა 1 მშვიდობიანი მოქალაქე.
რუსულმა ჯარმა მძიმე არტილერიითა და დრონებით შეუტია დნეპროპეტროვსკის ოლქში ნიკოპოლის რაიონს. დაზიანდა ინფრასტრუქტურა.
მელიტოპოლის მერის ინფორმაციით, ოკუპანტები მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე, 14 წელს ზემოთ ბიჭების მონაცემებს, სამხედრო აღრიცხვის მოტივით, ჯარში მობილიზებისთვის ამოწმებენ.
პარტიზანული მოძრაობის წევრებმა თვითნაკეთი ასაფეთქებელი ნივთიერებებით ოკუპირებულ ხერსონში რუსული საგუშაგო გაანადგურეს; უკრაინის საჰაერო ძალებმა კი აღმოსავლეთ და სამხრეთ ზონებში, ჯამში, 9 რუსული დრონი ჩამოაგდეს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button