უკრაინასა და რუსეთს შორის დიალოგის შესაძლებლობა არ არსებობს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, უკრაინის ფრონტზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ უკრაინასა და რუსეთს შორის დიალოგის შესაძლებლობა ამ ეტაპზე არ არსებობს.
„ზოგისთვის ცეცხლის შეწყვეტის იდეა შეიძლება მაცდური იყოს – და მე მესმის. მაგრამ თუ ეს რუსეთის მიერ უკრაინის მნიშვნელოვანი ტერიტორიების მიტაცების რატიფიცირების ტოლფასი იქნება, მაშინ ეს არ იქნება სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა“, – განაცხადა ბლინკენმა.
მისი თქმით, საჭიროა, რუსეთი მზად იყოს კონსტრუქციულ მოლაპარაკებებში ჩასართავად, რადგან დიალოგის მიზანი უკრაინაში სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობა უნდა იყოს.
ბლინკენის თქმით, რუსეთის ფედერაციას შეუძლია გამოიყენოს ცეცხლის შეწყვეტა თავისი ჯარების გადაჯგუფებისთვის, რათა გარკვეული პერიოდის შემდეგ კვლავ განახორციელოს შეტევა.
“რუსეთი უნდა მივიდეს იქადე, რომ მზად იყოს კონსტრუქციული მოლაპარაკებებისთვის. მიზანი უნდა იყოს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა”, – განაცხადა ბლინკენმა.
ცნობისთვის, თურქეთში ვიზიტისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თქვა, რომ მოსკოვს სურს, უკრაინაში მშვიდობის დამყარებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მოლაპარაკება მსოფლიოში ახალი წესრიგის დამყარებისკენ იყოს მომართული. ლავროვის თქმით, მოსკოვი მოლაპარაკებებზე სერიოზულ შეთავაზებას არასდროს უარყოფს, თუმცა “მოლაპარაკებები რუსეთის ინტერესების საფუძველზე უნდა წარიმართებოდეს”.
ISW-ის შეფასებით, ლავროვის განცხადებები მიუთითებს, რომ კრემლი ლეგიტიმური მოლაპარაკებებით დაინტერესებული არ არის.