“აფგან მუხთარლი აზერბაიჯანისა და საქართველოს წინააღმდეგ”

“აფგან მუხთარლი აზერბაიჯანისა და საქართველოს წინააღმდეგ” – სტრასბურგის სასამართლოში ამ სახელწოდების სარჩელის შეტანისთვის ემზადებიან დაკავებული აზერბაიჯენელი ჟურნალისტის ადვოკატები.
დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ რა ფორმითაც მოხდა მუხთარლის დაკავება, ადამიანის უფლებების საერთშორისო კონვენციის დარღვევაა. პარალელურად, ჟურნალისტის ქართველი ადვოკატისთვის გაუგებარია ე.წ. მწვანე საზღვრის განმარტება.
აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი „მწვანე საზღვარზე“ დააკავეს და არა გამშვებ პუნქტზე.
მუხთარლის დაკავების ფაქტს საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზციები Human Right Watch-ი და Amnesty International-ი გამოეხმაურნენ.
არსებული ინფორმაციით, აფგან მუხთარლის გატაცებისა და აზერბაიჯანში მისი დევნის მიზეზი, ჟურნალისტური გამოძიებაა. ახლობლების თქმით, ჟურნალისტი საქართველოში ილჰამ ალიევის ოჯახის ბიზნესინტერესებზე მასალას ამზადებდა.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, მათ შორის „რადიო თავისუფლების“ ყოფილი ჟურნალისტი დაახლოებით 2 წელია ოჯახთან ერთად საქართველოში ცხოვრობს. საქმიანობიდან გამომდინარე, ამბობდა რომ მისი აზერბაიჯანში დარჩენა საფრთხეს წარმოადგენდა.