მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის 641-ე დღეს 58 საბრძოლო შეტაკება მოხდა

ოკუპანტებმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს რუსებმა კიევის მიმართულებით 75 დრონი გაუშვეს

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის 641-ე დღეს 58 საბრძოლო შეტაკება მოხდა. დღის განმავლობაში უკრაინის საჰაერო ძალებმა მტრის ჯარებზე, იარაღსა და სამხედრო აღჭურვილობაზე 11 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევით ოპერაციას მელიტოპოლის მიმართულებით. ზიანი განიცადა ხარკოვის, ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებმა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, 25 ნოემბერს რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში 2 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. ამასთან, გასული დღის განმავლობაში, ოლქში დაშავდა ერთი ადამიანი. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გუშინ ღამით უკრაინელებმა რუსეთის მიერ გაშვებული 9 დრონიდან 8 გაანადგურეს.
“26 ნოემბრის ღამეს ოკუპანტებმა სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებიდან (პრიმორსკო-ახტარსკი, რუსეთის ფედერაცია) უკრაინას Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს.
უკრაინის საჰაერო ძალებმა მტრის 8 Shahed-131/136 დრონის ჩამოგდება შეძლეს”, – ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, შაბათს საღამოს რუსმა სამხედროებმა კვლავ შეუტიეს დამრტყმელი დრონებით უკრაინის ქალაქებს.
საჰაერო ძალებმა შაბათს საღამოს განაცხადეს ზაპოროჟიეს რეგიონში უპილოტო საფრენი აპარატების დარტყმის საფრთხის შესახებ.
21: 15 საათზე უპილოტო საფრენი აპარატების გამო უკრაინის საჰაერო ძალებმა განგაში გამოაცხადეს ზაპოროჟიეს და დნეპროპეტროვსკის რეგიონების საზღვარზე.
ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 25 ნოემბერს, რუსმა ოკუპანტებმა 113-ჯერ დაარტყეს ზაპორიჟიეს ოლქის 23 ქალაქსა და სოფელს.
არსებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეები არ დაშავებულან. თუმცა, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები და ინფრასტრუქტურული ობიექტები.
“99 საარტილერიო ჭურვი გულიაიპოლის, ორიხოვის, ნოვოდანილივკას, ლევადნის, პოლტავკას, ლუგივსკის, პრეობრაჟენკას, სტეფნოჰირსკის, კამიანსკის, პიატიხატოკის, პლავნივის და ფრონტის ხაზის სხვა დასახლებების ტერიტორიაზე დაეცა”, – ნათქვამია განცხადებაში.
„უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატების ჯგუფი დნეპროპეტროვსკის რეგიონის გავლით პოლტავას რეგიონის მიმართულებით დაფიქსირდა.

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსული ძალების მიერ კიევზე დრონებით განხორციელებული თავდასხმა ომის დაწყებიდან დღემდე ყველაზე მასშტაბური იყო. რუსული ტერაქტების შედეგად დაშავდა მშვიდობიანი მოსახლეობა. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
23:40 საათზე განგაში გამოცხადდა კიევის ოლქში, „დამრტყმელი დრონები კიევისკენ მიფრინავენ“, – ნათქვამია საჰაერო ძალების მიერ გავრცელებულ ცნობაში.
უკრაინაზე შაბათ ღამით რუსეთმა დრონებით ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იერიში მიიტანა. ათობით „შაჰიდის“ დრონის მთავარი სამიზნე იყო უკრაინის დედაქალაქი კიევი.

უკრაინულმა სარდლობამ რეკორდული უწოდა იმ დრონების რაოდენობას, რომლებმაც 25 ნოემბრის ღამეს განახორციელეს საავიაციო იერიში. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობაში ლაპარაკია დაახლოებით 75 უპილოტო თვითმფრინავზე, რომელთაგან უკრინის საჰაერო თავდაცვამ 71 ჩამოაგდო. “ჩვენმა ჯარისკაცებმა ჩამოაგდეს თვითმფრინავების უმეტესობა, სამწუხაროდ, და არა ყველა”, – დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დედაქალაქის სოლომენსკის რაიონში დაზიანდა ხუთსართულიანი შენობა, საბავშვო ბაღი და არასაცხოვრებელი შენობა. ხუთი ადამიანი დაშავდა.

ამასთან უკრაინის დედაქალაქზე მიტანილი იერიშის გამო კიევში ვიზიტით მყოფ ლატვიის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩს თავშესაფარში ჩასვლა მოუწია.

მედიის ინფორმაციით, ქალაქში განგაშის სიგნალების ხმა 5 საათის განმავლობაში ისმოდა. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ამ დროისათვის ომის ყველაზე ცხელ წერტილად კვლავ ავდიივკა რჩება.

მათივე ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინელებმა 860 ოკუპანტი მოკლეს, რის შედეგადაც რუსეთის სამხედრო დანაკარგებმა 323 700-ს გადააჭარბა.

მსგავსი პოსტები

Back to top button