მნიშვნელოვანისაქართველო

შსს: ჩუმლაყში გასროლას კავშირი არ აქვს არჩევნებთან

შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მომხდარზე გამოძება სსკ-ის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას.

“ამ ეტაპზე როგორც მოწმეებთან გასაუბრებით ირკვევა, აღნიშნულს კავშირი არ აქვს არჩევნებთან და სახეზე არ არის პოლიტიკური მოტივი. გასროლა განხორციელდა ჩუმლაყის N19-ე საარჩევნო უბნიდან მოშორებით მდებარე დასახლებულ უბანში, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქის მიერ, სავარაუდოდ ე.წ. სასიგნალო იარაღიდან. გარდა აღნიშნულისა, პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქე, რომელიც სოფელ ქესალოში საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე უმისამართოდ იგინებოდა. აღნიშნული პიროვნება არ დაემორჩილა პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას, რის გამოც ადგილზე იქნა დაკავებული წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის ბრალდებით. ზემოაღნიშნულ ფაქტებზე გამოძიების მიმდინარეობის და შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია”, – განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

გურჯაანში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა რამაზ ქერეჭაშვილმა განაცხადა, რომ სოფელ ჩუმლაყის 19-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე სროლა მოხდა იმ დროს როდესაც, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, უბანზე გადაადგილდებოდნენ. მათ შორის იყო ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ძმა დავით სააკაშვილიც.

ქერეჭაშვილის თქმით, საბჭოთა წარმოების “06”- ის მარკის ავტომობილიდან მათთვის უცნობმა პირმა ცეცხლასასროლი იარაღიდან ჰაერში გაისროლა, მომხდარი ფაქტი კი ოპოზიციის ავტომანქანის ვიდეორეგისტრატორმა დააფიქსირა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. “ნაციონალურ მოძრაობაში” მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება ოპოზიციის დაშინებას ცდილობს და მათი სიცოცხლე უსაფრთხო არ არის.

მსგავსი პოსტები

Back to top button