შსს-მ პარლამენტთან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო

შსს-ს განცხადებით, პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის ჩამოხსნის გამო ადმინისტრაციული წარმოება [კოდექსის 174-ე (მე-18 პრიმა) მუხლი] უკვე დაიწყო. უწყების ცნობით, პოლიცია სამართალდამრღვევი პირების იდენტიფიცირებას მოახდენს და მათ დააჯარიმებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე (მე-18 პრიმა) მუხლის საფუძველზე, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, რაც საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვას გულისხმობს.
სამართალდამცველების მიერ მოხდება სამართალდამრღვევი პირების იდენტიფიცირება და დაჯარიმება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგის ნორმები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს.
სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი და მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგის ნორმები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს. პარლამენტის წინ აქცია გამართეს ჰომოფობიური და პრორუსული პოლიტიკური პარტია “კონსერვატიული მოძრობის” ლიდერებმა და მხარდამჭერებმა. მათ ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და სანაცვლოდ საქართველოს დროშა დაკიდეს, რასაც თავდაპირველად ხელს უშლიდა პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი. მათ მედიაორგანიზაცია “ალტ-ინფოს” ერთ-ერთი ხელმძღვანელი ზურაბ მახარაძე ტერიტორიას დროებით განარიდეს.
ამის შემდეგ პარლამენტის წინ შეკრებილებმა ევროკავშირის დროშა დაწვეს.
ევროკავშირის, ნატოს და საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის მქონე ქვეყნის სიმბოლოების შებღალვა დასჯადი 2022 წლის იანვრიდან გახდა – ამისთვის 1000-ლარიანი, განმეორებით კი 2000-ლარიანი ჯარიმა ან 15-დღიანი პატიმრობაა გათვალისწინებული.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, მუხლ 17418-ში ჩაიწერა, რომ ადმინისტრაციული წესით ისჯება საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი ევროკავშირის, NATO-ს ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის, ასევე საქართველოსთან დიპლომატიურ ურთიერთობაში მყოფი ქვეყნის დროშის ან გერბის შებღალვა.
პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირის დროშის დაწვა დააორგანიზა, რითაც ევროკავშირის დელეგაციას შეტყობინება გაუგზავნა.
როგორც გახარია სოციალურ ქსელში წერს, ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეების ხმა უნდა მოისმინოს.
„პრო-დასავლური პროტესტის კვალდაკვალ „ოცნებამ“ ევროკავშირის დროშის დაწვა დააორგანიზა, რითაც გაუგზავნა „მესიჯი“ საქართველოში მყოფ ევროკავშირის დელეგაციას. ახალგაზრდებმა უპასუხეს! ვერავინ წაართმევს საქართველოს ევროპულ მომავალს! ევროკავშირმა უნდა მოისმინოს საქართველოს მოქალაქეების ხმა!“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.
რამდენჯერაც ჩამოხევენ პაპუაშვილი და სხვები რუსეთის დავალებით ევროკავშირის დროშას, იმდენჯერ ქართველი ხალხი დადგება ევროპული მომავლის დასაცავად – მათ დაკარგული აქვთ ყველანაირი მხარდაჭერა და ქვეყნის შიგნით არიან მარგინალური ჯგუფების საცირკო სანახაობების იმედად, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ლელოს” დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარლამენტის წინ “ალტ-ინფოს” წევრების მიერ ევროკავშირის დროშის ჩამოხსნისა და დაწვის ფაქტს.
სამადაშვილი მომხდარზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.
პროდასავლური კურსის გამოსახატავად აღმართული ევროკავშირის დროშის ჩამოგდება და დაწვა შეურაცხყოფს ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში წერს, რითაც „ალტ-ინფოს“ მხარდამჭერების მიერ პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშის ჩამოხსნასა და დაწვას ეხმაურება.
ასევე, ლევან იოსელიანის თქმით, ყველა კონსტიტუციურმა ორგანომ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღოს ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.
არგი სანახავი არ არის, მაგრამ განცალკევებული ინციდენტია. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მმართველმა დირექტორმა, მიხაელ ზიბერტმა “ალტ-ინფოს” წარმომადგენლების მიერ პარლამენტთან ევროკავშირის დროშის დაწვასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო დღეებში ნახა ბევრი ვიდეო, სადაც ევროკავშირის დროშებს ისეთ მომენტში აფრიანებდნენ, რაც დიდ გამბედაობას მოითხოვდა – ქალი, რომელიც წყლის ჭავლის წინააღმდეგ იქნევდა დროშას და სწორედ ეს არის სურათი, რაც „მის თავში რჩება“.
“კარგი სანახავი არ არის, მაგრამ, ჩვენი აზრით, განცალკევებული ინციდენტია. ბოლო ერთი კვირის, ათი დღის განმავლობაში პირადად მე ბევრი ვიდეო ვნახე, სადაც ევროპულ დროშებს ისეთ მომენტებში იქნევდნენ, რომლებიც დიდი გამბედაობას მოითხოვდა. ვნახე ქალი, რომელიც წყლის ჭავლის წინააღმდეგ იქნევდა დროშას, ამიტომ ესაა სურათი, რომელიც ჩემს თავში რჩება”, – თქვა ზიბერტმა.
ეს არის რადიკალიზმის კიდევ ერთი ბინძური და მახინჯი გამოვლინება, ასეთი ქმედებისთვის საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს შესაბამის პასუხისმგებლობას – ასე აფასებს უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი პარლამენტთან ევროკავშირის დროშის ჩამოხსნას და დაწვას.
მისი თქმით, ასეთი ქმედება ყოვლად დაუშვებელი და დასაგმობია.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე “კონსერვატიული მოძრაობის” წევრების მიერ პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის ჩამოხსნას და დაწვის ფაქტს გამოეხმაურა.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დროშა სათანადო პატივით დაბრუნდება თავის ადგილას და მისი შებღალვის უფლება არავის აქვს.
“ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე გმობს საქართველოს პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის განადგურებას.
როგორც ის აღნიშნავს, მსგავსი ქმედება ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებში არ შედის.