მნიშვნელოვანისიახლეები

თბილისში, საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეის დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა

თბილისში 8 თებერვალს დაფუძნდა საერთო საზოგადოებრივი ასამბლეა. ასამბლეა სხვადასხვა სფეროს 100-ზე მეტი წარმომადგენლისგან შემდგარმა საინიციატივო გუნდმა დააარსა. მათი თქმით, ასამბლეა საქართველოში არსებული ღრმა პოლიტიკური კრიზისის საპასუხოდ შეიკრიბა. გარდაამისა მისი დამფუძნებლები ამბობენ, რომ მათ მიზნებს შორისაა საზოგადოების გაერთიანება და დემოკრატიული მმართველობის ჩამოყალიბების ხელშეწყობა. ამასთან ასამბლეის დამფუძნებელთა თქმით, მათი მიზანია, რეჟიმის პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნა.
თეატრ-სახელოსნო 42-ში ჩატარებულ სადამფუძნებლო ყრილობაზე ასამბლეის წევრებმა განაცხადეს, რომ მათ ჩამოაყალიბეს “თვითორგანიზებული და მოხალისეობრივი გაერთიანება, რომელსაც მმართველი ორგანო არ ჰყავს”.
ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა თქვა, რომ თავისუფალ სიტყვას დაცვა და დახმარება სჭირდება.

“თავისუფალი სიტყვას ადრესატამდე მისვლის უწევს დეზინფორმაციის, მანიპულაციის პროპაგანდის ნიაღვარის გადალახვა, ამას უმატებენ შემზღუდავ კანონებსა და ისევ სასტიკ ძალადობას. ჩვენი კოლეგების ნაწილი სიკვდილს სასწაულად გადაურჩა.

ერთ წვრილ ძაფზეა ახლა მზია ამაღლობელის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. თავისუფალ სიტყვას დაცვა და დახმარება სჭირდება – დავკარგავთ სიტყვას, დავკარგავთ თავისუფლებას”, – თქვა ჟურნალისტმა.

“ასამბლეა იქმნება საზოგადოების გაერთიანების პროცესის დაჩქარების, შეთანხმებული საზოგადოებრივი დაკვეთის მკაფიოდ ფორმულირების და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებზე დადებითი გავლენის მიზნით”, – თქვა სიტყვით გამოსვლისას პაატა ციკოლიამ, ასამბლეის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა. ასამბლეის წარმომადგენლების თანახმად, ამ ეტაპზე მათ შეუერთდა 25-ზე მეტი ინტერესჯფუფი და 3000-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის არიან სტუდენტები, იურისტები, ემიგრანტები, მასწავლებლები, მცირე მეწარმეები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, სოციალური მუშაკები და არამხოლოდ.

“საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეის მიზანია: სუვერენიტეტის დაბრუნება საქართველოს მოქალაქეებისთვის და დემოკრატიული სახელმწიფო მმართველობის ჩამოყალიბების ხელშეწყობა”, – თქვა სიტყვით გამოსვლისას ქეთი არჯევანიძემ, ასამბლეის საორგანიზაციო და საინიციატივო ჯგუფის წევრმა.

მისი თქმით, ამ მიზნების მისაღწევად, ასამბლეის ამოცანებს შორის იქნება სამართლიანი არჩევნების მხარდაჭერა, აქციების დროს უსამართლოდ დაკავებულების გათავისუფლება და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ხელშეწყობა. “ასამბლეაში გაწევრიანება შეუძლია ყველა ინტერესჯგუფს, ვინც იზიარებს მის პრინციპებს”, – თქვა ქეთი არჯევანიძემ, რომლის თანახმად, ასამბლეამ თითოეულ მოქალაქეს უნდა მისცეს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვის მექანიზმი.
ისტორიკოსმა, ბეჟან ჯავახიამ განაცხადა, რომ “ხელისუფლება თავიდანვე რუსების მოყვანილია”.

„ჩვენ ვცხოვრობთ დიქტატურასა და ტირანიაში, მივდივართ რუსეთისკენ, რადგან ეს ხელისუფლება თავიდანვე რუსების მოყვანილია”, – თქვა ბეჟან ჯავახიამ.
საზოგადოებრივი ასამბლეა სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფს გააერთიანებს და მისი მიზანი მოქალაქეების მიერ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების ერთობლივად მიღება, მშვიდობიანი და სტრატეგიული გზით კრიზისის დაძლევა და იმ მექანიზმების შექმნა იქნება, რომლებიც მომავალში ქვეყანას მსგავსი კრიზისების თავიდან არიდებაში დაეხმარება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, მოქალაქეებს შესაბამის სამუშაო ჯგუფებში გაერთიანებით მნიშვნელოვანი საკითხების დამუშავება, განხილვა და თავიანთი ძალისხმევით საზოგადოებრივი ზეწოლის გაძლიერება შეეძლებათ.

ყველა დაინტერესებულ პირსა და ინტერეს ჯგუფს, ასამბლეაში შეერთება მემორანდუმზე ხელის მოწერით შეუძლია.

როგორც მემორანდუმშია აღნიშნული, არსებული პოლიტიკური სისტემა, ტრანსფორმაციის გარეშე, ვერ ახერხებს მოცემული კრიზისის გადაჭრას და პროცესების დემოკრატიულ ჩარჩოში დაბრუნებას და წარმოქმნის მხოლოდ ნეგატიური განვითარების სცენარებს.

მემორანდუმში ასევე საუბარია ქვეყნის კონსტიტუციურ-სამართლებრივ და ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნების მნიშვნელობაზე, არსებული პოლიტიკური კრიზისის მშვიდობიანად გადაჭრისა და ახალი სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე.

ასამბლეის მორიგი ყრილობა ზუსტად ერთ კვირაში, 15 თებერვალს ჩატარდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button