მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ნობელის კომიტეტმა წლევანდელ ცერემონიალზე რუსეთისა და ბელარუსის ელჩები მიიწვია-რასაც კრიტიკა მოჰყვა

ნობელის კომიტეტმა პრემიის გადაცემის წლევანდელ ცერემონიალზე, რუსეთისა და ბელარუსის ელჩები მიიწვია.

როგორც ფონდში განმარტეს, წელს აპირებენ ცერემონიალზე მიიწვიონ ყველა იმ ქვეყნის ელჩი, რომლებსაც დიპლომატიური წარმომადგენლობა შვედეთსა და ნორვეგიაში ჰყავთ.

აღსანიშნავია, რომ შარშან ნობელის პრემიის დაჯილდოებაზე რუსეთის, ბელარუსის და ირანის ელჩები არ მიიწვიეს. ნობელის კომიტეტის გადაწყვეტილებას, შვედეთის პრემიერ-მინისტრის კრიტიკა მოჰყვა. ულფ კრისტერსონი გადაწყვეტილებით გაკვირვებულია.

ნობელის კომიტეტის მისამართით მწვავე კრიტიკა გაისმის სტოკჰოლმში ნობელის პრემიების გადაცემის საზეიმო ბანკეტზე რუსეთის ელჩის მიწვევის გამო. შვედეთის ოპოზიციური პარტიების ზოგიერთმა ლიდერმა გააუქმა მიწვევა, მთავრობის წარმომადგენლები კი განიხილავენ ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარის თქმას.

ლიბერალური პარტიის თავმჯდომარემ, იოჰან გეორგ პერსონმა განაცხადა, რომ „არ აპირებს [ბანკეტზე] ჯდომას და რუსეთის ელჩის სადღეგრძელოს დალევას, სანამ უკრაინაში გრძელდება პუტინის სისხლიანი აგრესიული ომი“.

ცენტრის პარტიის ლიდერმა მუჰარემ დემიროკმა თქვა, რომ არ დაესწრება ნობელის ცერემონიას, თუკი იქ იქნება რუსეთის ელჩი.

„მოუთმენლად ველოდი შესაძლებლობას, დავსწრებოდი ცერემონიას ნობელის წვეულებაზე. მაგრამ სანამ რუსეთი ომის მდგომარეობაშია უკრაინასთან, არ შემიძლია მის ელჩთან ერთად დავესწრო წვეულებას. მოხარული ვარ, ვიზეიმო კვლევები და პროგრესი, მაგრამ არა ნებისმიერ გარემოებებში,“ დაწერა მან ტვიტერში.

შვედეთის მემარცხენე პარტიის ლიდერმა ნუში დადგოსტარმა განაცხადა, რომ არ მიიღებს მონაწილეობას ნობელის პრემიასთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაში, „სანამ უკრაინას ბომბები ეცემა“.

შვედეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და სოციალ-დემოკრატების ლიდერმა მაგდალენა ანდერსონმა განაცხადა, რომ არ მიუღია ცერემონიაზე მიწვევა, მაგრამ, მისი თქმით, ნობელის ფონდმა უნდა „სერიოზულად იფიქროს იმაზე, რას ნიშნავს დაჯილდოების ცერემონიაზე მიიწვიო იმ რეჟიმის წარმომადგენელი, რომელიც საზიზღარ და უკანონო ომს აწარმოებს უკრაინაში და ასევე ემუქრება შვედეთს“.

პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონის თქმით, ნობელის პრემიებით დაჯილდოების ცერემონიაზე რუსეთის მიწვევამ გული დასწყვიტა ბევრ ადამიანს როგორც შვედეთში, ისე უკრაინაში.

„ინფორმაცია გუშინ საღამოს მივიღე და საკმაოდ მწვავე რეაქცია მქონდა… ნობელის ფონდი დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს. მაგრამ მე რუსეთს არ დავპატიჟებდი, ახლა რომ პრემიების გადაცემის ცერემონიისთვის ვიყო პასუხისმგებელი,“ თქვა მან სააგენტო TT-სთან ინტერვიუში.

შვედეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენლები იტყობინებიან, რომ ნობელის ფონდის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია მიიღეს, მაგრამ ჯერჯერობით არავითარ კომენტარს არ აკეთებენ ამ საკითხზე.

საგარეო საქმეთა მინისტრ ტობიას ბილსტრიომს მიაჩნია, რომ ნობელის ფონდის გადაწყვეტილება „სხვებისგან განსხვავდება“. „სწორედ ნობელის ფონდი იწვევს და წყვეტს, ვინ შეიძლება დაესწროს წვეულებას. მე მიწვევა ჯერ არ მიმიღია,“ უთხრა მან ჟურნალისტებს.

გუშინ ნობელის ფონდმა გამოაცხადა, რომ აპირებს დაჯილდოების საზეიმო ბანკეტზე მიიწვიოს ყველა იმ სახელმწიფოს დიპლომატები, რომლებიც აკრედიტებული არიან შვედეთში, ანუ რუსეთისა და ბელარუსის დიპლომატებიც.

შეგახსენებთ შარშან ნობელის კომიტეტმა რუსეთისა და ბელარუსის საელჩოთა წარმომადგენლები არ მიიწვია საზეიმო ღონისძიებაზე.

უკრაინა კრიტიკულად გამოეხმაურა ნობელის კომიტეტის წლევანდელ გადაწყვეტილებას. საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ასეთი გადაწყვეტილება კრემლს გაუძლიერებს დაუსჯელობის გრძნობას და ახალი ბოროტმოქმედებებისკენ უბიძგებს მას.

მსგავსი პოსტები

Back to top button