მნიშვნელოვანისიახლეები

ბლოგერ უჩა აბაშიძესა და მის მეუღლეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ-მათ 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ

ბლოგერ უჩა აბაშიძესა და მის ცოლს, მარიამ იაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ალექსანდრე იაშვილის გადაწყვეტილებით, წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. სასამართლო ამ საქმის განხილვას 2 ივლისს დაიწყებს.

საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომა გახსნიდან მალევე დაიხურა მხარეთა შუამდგომლობით, მიზეზი საქმის მასალებში არსებული პერსონალური მონაცემები გახდა. სხდომას ესწრებოდა ორივე ბრალდებული. პროცესზე დაკავებულებმა მათ მიმართ განხორციელებულ სავარაუდო დამამცირებელ მოპყრობაზე ისაუბრეს. უჩა აბაშიძის განცხადებით, ჩხრეკის დროს მის მიმართ დამამცირებელი მოპყრობა განხორციელდა. ასევე, სავარაუდო დამამცირებელ მოპყრობაზე ისაუბრა მისმა მეუღლე, მარიამ იაშვილმაც.

ამასთან, დღევანდელ პროცესზე მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა გაიზიარა როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარის შუამდგომლობა და პროცესი დახურა.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულებს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
“საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების და შენახვის ფაქტებზე 2 პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ უ.ა.-მ და მ.ი.-მ, სხვადასხვა პირთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს, კერძოდ სქესობრივი კავშირის ამსახველი ვიდეო-აუდიო ჩანაწერების უკანონოდ მოპოვების მიზნით, მ.ი.-ს კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში ფარულად დაამონტაჟეს ვიდეო-აუდიო ჩამწერი მოწყობილობები, რომელთა საშუალებით მუდმივ რეჟიმში, ფარულად ხდებოდა მ.ი.-ს სხვადასხვა პირებთან ინტიმური კავშირის უკანონო ჩაწერა.

ათეულობით ჩამწერი მოწყობილობა დამონტაჟებული იყო საცხოვრებელი ბინის ოთახებში, მათ შორის, საძინებელში და ფარულად იყო განთავსებული სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ტექნიკასა და ნივთებში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მ.ი.-ს საკონტაქტო მონაცემები სექსუალური მომსახურების სხვადასხვა ინტერნეტ საიტებზე იყო გამოქვეყნებული, სადაც მისი მხრიდან სექსუალური მომსახურების შეთავაზება ხდებოდა. მას შემდეგ, რაც კონკრეტულ პირთან მოხდებოდა შეთანხმება და იგი მივიდოდა ზემოხსენებულ ბინაში, ბრალდებულები, აღნიშნული პირისგან მალულად, სპეციალურად დამონტაჟებული მოწყობილობების საშუალებით, სისტემატურად, უკანონოდ იღებდნენ და ინახავდნენ ინტიმური კავშირის ამსახველ აუდიო-ვიდეო ჩანაწერებს.

აღნიშნული გზით, 2019 წლიდან 2024 წლამდე პერიოდში, განხორციელდა ასობით სხვადასხვა პირის სქესობრივი კავშირის ამსახველი ათასობით ვიდეო-აუდიო მასალის ჩაწერა. გამოძიების მიერ უკვე იდენტიფიცირებულია რამდენიმე პირი, რომელთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ჩანაწერებიც უკანონოდ ინახებოდა ბრალდებულთა კომპიუტერულ ტექნიკასა და ელექტრონული ინფორმაციის შემნახველ მოწყობილობებში. აღნიშნულ პირებს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭათ.

ამასთან, ერთ-ერთი ბრალდებული საცხოვრებელ სახლში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა საბრძოლო მასალას – სამხედრო სპეციალური დანიშნულების 30 ცალ ვაზნას.

ორივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157¹-ე მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა) წარედგინა, ერთ-ერთ მათგანს კი ასევე 236-ე მუხლის მესამე ნაწილით (საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა). დანაშაული სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ სასამართლოს ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე შუამდგომლობით უკვე მიმართა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება,” – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბლოგერი უჩა აბაშიძე 9 მაისს დააკავა. უწყების ინფორმაციით, ის იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით არის დაკავებული. ასევე, შსს-მ დააკავა უჩა აბაშიძის მეუღლე, მარიამ იაშვილი. როგორც შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, უჩა აბაშიძემ, მეუღლესთან ერთად, განიზრახა სხვადასხვა პირთა ინტიმური კავშირის ამსახველი მასალების უკანონოდ მოპოვება და შენახვა.

დაკავებამდე რამდენიმე თვით ადრე უჩა აბაშიძემ ვიდეოც გაავრცელა, სადაც არ გამორიცხავდა მის შესაძლო დაკავებას და წინასწარ საუბრობდა იმაზე, რომ მის სახლში არარეგისტრირებული იარაღი არ ინახება.

მსგავსი პოსტები

Back to top button