ბლოგერი უჩა აბაშიძე და მისი მეუღლე დააპატიმრეს
ბლოგერი უჩა აბაშიძე და მისი მეუღლე მარიამ იაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიას გადაწყვეტილებით, უჩა აბაშიძეს 5 წლით, ხოლო მარიამ იაშვილს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
განაჩენი დღეს გამოცხადდა, ვინაიდან საქმე დაზარალებული პირების პერსონალურ ინფორმაციას შეიცავდა, სასამართლო განხილვები დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.შესაბამისად, სხდომებზე დასწრება ჟურნალისტებს არ შეეძლოთ, დეტალებზე ვერ საუბრობს ადვოკატიც.
ცნობისთვის, უჩა აბაშიძესა და მარიამ იაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა და 236-ე მუხლებით წარუდგინეს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება – შენახვას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება 2024 წლის 4 მაისს, სულ სხვა საქმეზე დაიწყო. კერძოდ კი, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების, შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის ვებგვერდებზე განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტებზე. სწორედ აღნიშნული გამოძიების მიმდინარეობის ფარგლებში, სამართალდამცველებმა უჩა აბაშიძისა და მისი მეუღლის, მარიამ იაშვილის საცხოვრებელ ბინებში ჩხრეკა ჩაატარეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა საცხოვრებელ ბინაში სხვადასხვა ვიდეო-აუდიო მოწყობილობები ფარულად დაამონტაჟეს, რომელთა საშუალებითაც მარიამ იაშვილსა და სხვადასხვა პირებს შორის განხორციელებულ ინტიმურ კავშირს უკანონოდ იღებდნენ.
ამასთან, სახელმწიფო ბრალდების ცნობით, დაკავებულებმა უკანონოდ მოიპოვეს და მათ კუთვნილ კომპიუტერულ სისტემაში ასეულობით პირის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია შეინახეს.
გამოძიების ინფორმაციით, ჩანაწერებში საზოგადოებისათვის ცნობილი პირებიც ფიგურირებენ, რომელთა გადაღებაც უკანონოდ, მათი ნებართვის გარეშე ხორციელდებოდა და შესაბამისად, ხდებოდა მათი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა.
10 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ვიდეომასალა, რომელიც აბაშიძის სახლშია გადაღებული და მასში “დიდი რაიდენობით იარაღი ჩანს” – სინამდვილეში შსს-მ Airsoft-ის სათამაშო თოფებიც აჩვენა. ამავე დღეს, უჩა აბაშიძეს სახალხო დამცველის რწმუნებულები შეხვდნენ – მათთან საუბარში ბლოგერი ძალოვანთა მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და შეურაცხყოფაზე მიუთითებდა.
უკვე 11 მაისს, პოლიციამ ბლოგერის ცოლი, მარიამ იაშვილიც დააკავა. შსს-ს მტკიცებით, მარიამ იაშვილი და უჩა აბაშიძე “სხვადასხვა პირთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს, კერძოდ კი, ინტიმური კავშირის ამსახველი მასალების უკანონოდ მოპოვებასა და შენახვაში” არიან ბრალდებულები.
დაკავებამდე რამდენიმე თვით ადრე უჩა აბაშიძემ ვიდეოც გაავრცელა, სადაც არ გამორიცხავდა მის შესაძლო დაკავებას და წინასწარ საუბრობდა იმაზე, რომ მის სახლში არარეგისტრირებული იარაღი არ ინახება.