ბოდიში მომხმარებლებს და დაანონსებული ცოცხალი რიგები
კომპანია ბილეთები-ჯი-მ უეფას სუპერთასის ბილეთების გაყიდვა გუშინ, 21:30 საათზე შეწყვიტა. ადმინისტრაცია მომხმარებლებს ბოდიშს უხდის.
“დღის განმავლობაში არსებული ტექნიკური ხარვეზების გამო, კერძოდ რიგის მართვის არასწორი მუშაობით, მივიღეთ გადაწყვეტილება შეწყდეს ინტერნეტ გაყიდვები. ველოდებით უეფას პასუხს. გიხდით ბოდიშს”, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც ბილეთები-ჯი-ს “ფეისბუქის” გვერდზე გავრცელდა.
ბოლო მონაცემებით, გაყიდულია დაახლოებით 1500 ბილეთი.
ქართველი გულშემატკივრისთვის უეფას სუპერთასის მატჩის ბილეთები სალაროებში ცოცხალი რიგით გაიყიდება, – ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება უეფასთან კონსულტაციის შედეგად მიიღეს. როგორც სიჭინავამ განმარტა, ბილეტები.გე ბილეთებს აღარ გაყიდის. ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით, დღეს გაიმართება კონსულტაცია უეფასთან და დაიგეგმება თუ როგორ უნდა იყოს დაცული უსაფრთხოება. მისივე თქმით, ბილეთების დაბეჭდვა დღესვე დაიწყება.
უეფა-ს სუპერთასის ფინალური შეხვედრა თბილისში 11 აგვისტოს “დინამო არენაზე” გაიმართება. “ბარსელონასა” და “სევილიას” დაპირისპირება 22:45 საათზე დაიწყება.