მღვდელს რომელმაც ალექსეი ნავალნის წესი აუგო მღვდელმსახურება შეუჩერეს-დასჯის მიზეზები ახსნილი არ არის
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და ბლოგერი ალექსეი ნავალნი რუსეთის ციხეში 16 თებერვალს გარდაიცვალა

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა სამი წლით მსახურება აუკრძალა მღვდელ დიმიტრი საფრონოვს. ამის შესახებ რუსული ტელეგრამ არხი „სირენა“ იუწყება, რომელიც პატრიარქ კირილის მიერ ხელმოწერილ შესაბამის განკარგულებას ავრცელებს. გადაწყვეტილების მიზეზები დოკუმენტში დასახელებული არ არის, თუმცა ცნობილია რომ დმიტრი საფრონოვმა ნავალნის საფლავზე გარდაცვალებიდან მეორმოცე დღეს პანაშვიდიც გადაიხადა. საფრონოვის ხელმოწერა ფიგურირებდა მღვდელმსახურთა განცხადებაშიც, რომლითაც ნავალნის ცხედრის ოჯახისთვის გადაცემას მოითხოვდნენ.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის გადაწყვეტილება მოსკოვის საქალაქო ეპარქიის ვებსაიტზე გამოქვეყნდა 23 აპრილს. დოკუმენტში მითითებულია, რომ საფრონოვს ეკრძალება ანაფორისა და მღვდლის სამკერდე ჯვრის ტარება. გარდა ამისა, მღვდელი დააქვეითეს მეფსალმუნის დონეზე და გაგზავნეს მოსკოვის ნოვიე ვოროტნიკის წმინდა პიმენ დიდის ეკლესიაში მორჩილებისთვის სამი წლით. სინანულის სამწლიანი პერიოდის ბოლოს, “მორჩილების ადგილიდან უკუკავშირის” მიხედვით, უნდა იქნას მიღებული “გადაწყვეტილება მისი შემდგომი სამღვდელო მსახურების შესაძლებლობის შესახებ”.
დასჯის მიზეზები ახსნილი არ არის.
რუსი ოპოზიციონერი, რომელიც მანამდე ერთხელ მოწამლეს, არქტიკაში მდებარე ციხეში მძიმე პირობებში ჰყავდათ და იდუმალ ვითარებაში გარდაიცვალა 16 თებერვალს.
1 მარტს ნათესავებს და ახლობლებს საშუალება ჰქონდათ, ღვთისმშობლის ხატის ეკლესიაში მისულიყვნენ ხანმოკლე პანაშვიდზე, სანამ ნავალნის ცხედარს სასაფლაოზე გადაასვენებდნენ. ხალხი მასთან გამომშვიდობების შესაძლებლობას ითხოვდა, თუმცა ეკლესიაში მხოლოდ რამდენიმე ასეულმა ადამიანმა მოახერხა შესვლა.