კორონავირუსით გარდაცვალების 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 73 250 კვლევა ტესტით, მათ შორის 44 185 კვლევა ანტიგენის ტესტით და 29 065 PCR ტესტით.
სამთავრობო საიტზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში ჩატარებული 73 250 ტესტირებიდან დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 17 484 შემთხვევა. 2 699-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 840 პირი ემსხვერპლა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 110 168.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 699 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 981 531.
სულ აცრილია – 2 686 220, დღიურად აცრილია -8 630.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 17 484 ახალი შემთხვევიდან:
📌თბილისში გამოვლენილია 8 989 შემთხვევა
📌აჭარა – 2 255
📌იმერეთი – 2 222,
📌ქვემო ქართლი – 812
📌შიდა ქართლი – 805
📌გურია – 314
📌სამეგრელო – ზემო სვანეთი – 766
📌კახეთი -656
📌მცხეთა-მთიანეთი – 320
📌სამცხე-ჯავახეთი – 298
📌რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 47.
დღეიდან, 27 იანვრიდან 4 თებერვლის ჩათვლით, სოხუმში ყველა სკოლა დაიხურა. ქალაქის დე ფაქტო ადმინისტრაციამ მიზეზად დაასახელა ეპიდსიტუაციის გაუარესება და კორონავირუსით ინფიცირებულ პედაგოგთა რაოდენობის გაზრდა. მანამდე, ერთი კვირით დაიხურა ქალაქ გაგრის სკოლები.
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. განათლების მინისტრმა ინალ გაბლიამ ადგილობრივ სააგენტო „აფსნიპრესს“ განუცხადა, რომ ამჟამად კორონავირუსით ინფიცირებულია 83 პედაგოგი და 150-ზე მეტი ბავშვი. გაბლიას თქმით, თუ პედაგოგებს მუშაობა სურთ, უნდა აიცრან და მათ ვაქცინაციისთვის ორ კვირას მისცემენ. ოკუპირებულ აფხაზეთში მსურველებს ცრიან რუსული ვაქცინით „სპუტნიკი.“ დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, 26 იანვრის მდგომარეობით აცრილია 16 622 ადამიანი.
პანდემიის განმავლობაში აფხაზეთში აღრიცხული აქვთ კორონავირუსით ინფიცირების 40 800-ზე მეტი შემთხვევა. 26 იანვრის მდგომარეობით, COVID-19-ით გარდაცვლილია 588. დაუზუსტებელი მონაცემებით, საქართველოს ამ ოკუპირებულ რეგიონში ცხოვრობს დაახლოებით 240 ათასი ადამიანი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.