ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის 60-მდე შეტევა მოიგერიეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 1 სარაკეტო და 46 საავიაციო დარტყმა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით, დაახლოებით 60-ჯერ დაცხრილეს თავდაცვის ძალების პოზიციები და დასახლებული პუნქტები.
გენშტაბის ცნობით, მოწინააღმდეგემ საავიაციო ბომბები გამოიყენა ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქებში, სადაც მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში და დანგრეული და დაზიანებულია სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები.
უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, რუსეთს ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული აქვს შეტევებზე აღმოსავლეთში – ბახმუტის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებით, სადაც გასულ 24 საათში მოგერიებულია 60-მდე შეტევა. უკრაინის გენშტაბის თანახმად, ყველაზე მძიმე ბრძოლა მიმდინარეობს ბახმუტისა და მარინკისთვის.
23 აპრილს, ტელეკომპანია Al Arsbiya-სთან ინტერვიუში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ბახმუტზე უარს ვერ იტყვის, რადგან ეს საბრძოლო მოქმედებების ფრონტს გაზრდის და რუსეთს მისცემს მეტი უკრაინული მიწის მიტაცების შანსს. ზელენსკის თქმით, თუ რუსეთი ბახმუტს დაიპყრობს, ეს შესაძლოა, გამოიყენოს პლაცდარმად დონეცკის ოლქის კიდევ ორ ქალაქზე, კრამატორსკსა და სლავიანსკზე შეტევისთვის.
გენერალური შტაბის მონაცემებით, ბოლო 24 საათში უკრაინის ავიაციამ 14 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის თავმოყრის რაიონებზე. გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს სხვადასხვა სახეობის 11 უპილოტო საფრენი აპარატი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 187 080 ჯარისკაცი დაკარგა მონაცემები მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან ამ წლის 24 აპრილამდე პერიოდს.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
ტანკი – 3683
ჯავშანტექნიკა – 7139
საარტილერიო სისტემა – 2849
ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 539
საჰაერო თავდაცვის სისტემა – 289
თვითმფრინავი – 308
ვერტმფრენი – 294
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2413
ფრთოსანი რაკეტა – 911
გემი/ნავი – 18
სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 5753
სპეცტექნიკა – 339
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.