მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის 85-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის 85-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს.

“ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკასა და მარინკას მიმართულებებზე გასული დღის განმავლობაში, ჩვენმა დამცველებმა 85-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს”, – აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა 4 სარაკეტო და 34 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. ამასთან, გენშტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინის მასშტაბით მტრის საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე რჩება.

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსეთის შეტევა უკრაინაში კულმინაციას აღწევს.

ამერიკელი ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ 25 მარტს, უკრაინელმა და დასავლელმა ოფიციალურმა პირებმა ბახმუტში რუსეთის შეტევასთან დაკავშირებით განსხვავებული შეხედულებები გამოთქვეს, მაგრამ მათი თქმით, ყველა ეთანხმება შეფასებას, რომ რუსეთის ძალისხმევა ამ მიმართულებით, სავარაუდოდ, კულმინაციას მიაღწევს.

“რუსეთის ჯარებს შეუძლიათ გააგრძელონ ხშირი და აგრესიული თავდასხმები ბახმუტზე, მაშინაც კი, თუ შეტევა თითქმის წარუმატებლად დასრულდა, რადგან კულმინაცია არ ნიშნავს ბრძოლის არარსებობას. რუსული თავდასხმები ბახუტში და მის გარშემო, შესაძლოა, განახლდეს მაღალ დონეზე, მნიშვნელოვანი ახალი მიღწევების გარეშე, თუ რეგულარული რუსული არმია ამოქმედდება”, – აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ რუსული არმიის ჩართვას შეტევის კულმინაციის თავიდან აცილებაც კი შეუძლია და ამასთან, აგრესორისთვის მნიშვნელოვანი ოპერატიული პროგრესის შექმნა, მაგრამ ექსპერტების თქმით, ასეთი შესაძლებლობები მაინც ნაკლებად სავარაუდოა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 170 550 ჯარისკაცი დაკარგა.მონაცემები მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან ამ წლის 26 მარტამდე პერიოდს.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

ტანკი – 3595
ჯავშანტექნიკა – 6947
საარტილერიო სისტემა – 2631
ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 522
საჰაერო თავდაცვის სისტემა – 277
თვითმფრინავი – 305
ვერტმფრენი – 291
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2216
ფრთოსანი რაკეტა – 911
გემი/ნავი – 18
სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 5486
სპეცტექნიკა – 282
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 2023 წლის 25 მარტის მონაცემებით, სულ განადგურებულია უკრაინის:

404 უკრაინული სამხედრო თვითმფრინავი
224 ვერტმფრენი
3 573 უპილოტო საფრენი აპარატი
414 საზენიტო სარაკეტო სისტემა
8 399 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 072 რავალჯერადი სარაკეტო გამშვები
4 428 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
9 114 ერთეული სპეციალური სამხედრო მანქანა.
ცნობისთვის, რუსეთი უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button