ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 13 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 13 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს.
თავდაცვის ძალების ნაწილებმა, გასული 24 საათის განმავლობაში, რუსი ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს ლუგანსკის ოლქის პლოსჩანკას, ნევსკოეს, ბელოგოროვკას დასახლებებზე და დონეცკის ოლქის იაკოვლევკას, ბახმუტსკოიეს, პოდგოროდნოიეს, ბახმუტსკოეს, ოპიტნოეს, კურდიუმოვკას, დრუჟბაბე, პოდუმოვკას, და ნოვომიხაილოვკას მიდამოებში.
“ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს ლუჰანსკის ოლქის პლოშანკას, ნევსკეს, ბილოჰორივკას და დონეცკის ოლქის იაკოვლივკას, ბახმუცკეს, პიდჰოროდნეს, ბახმუტის, ოპიტნეს, კურდიუმივკას, დრუჟბას, ნეველსკეს, პობიედას და ნოვიმიხაილივკას დასახლებულ პუნქტებში”, – ნათქვამია განცხადებაში.
გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა 5 სარაკეტო და 20-მდე საჰაერო დარტყმა განახორციელეს ასევე 60-ზე მეტი შეტევა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან.. ამასთან, გენშტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინის მასშტაბით ენერგოსისტემასა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სარაკეტო დარტყმების საფრთხე გრძელდება.
უწყებაში აცხადებენ, რომ უკრაინელმა სამხედროებმა რუსული ძალების 4 სამეთაურო პუნქტსა და პირადი შემადგენლობის, იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის თავმოყრის ადგილებს დაარტყეს.
გენშტაბის თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 93 760 ჯარისკაცი დაკარგა. გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის განცხადებით, უკრაინული ჯარები კრემენაიადან რამდენიმე კილომეტრში არიან.
“ჩვენი ჯარები კრემენაიადან რამდენიმე კილომეტრში არიან. იმედი მაქვს, რომ ახალ წლამდე კვლავ იქნება სიახლეები რეგიონის დასახლებების დეოკუპაციის შესახებ.
ლუჰანსკის რეგიონის დეოკუპაცია ძალიან რთული იქნება, რადგან რუსები “კარგად მოემზადნენ” თავიანთი პოზიციების დასაცავად. რუსებმა გაწვრთნილი სამხედროები სვატოვოსა და კრემენაიას მახლობლად განალაგეს”, – თქვა ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.