ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 7 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, უკრაინას ცის დასაცავად იარაღი გაუგზავნეს
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 7 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს.
“ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს ლუჰანსკის ოლქის ბილოჰორივკას და დონეცკის ოლქის სპირნეს, იაკოვლივკას, ბახმუცკეს, ბახმუტის, ოპიტნესა და კლიშივკას დასახლებულ პუნქტებში”, – ნათქვამია განცხადებაში.
გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა 1 საჰაერო და 4 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს.
ამასთან საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის სებასტიან ლეკორნიუს თქმით, უკრაინას სამხედრო დახმარების ფარგლებში საჰაერო თავდაცვისთვის Crotale საზენიტო-სარაკეტო სისტემები გადასცეს.
ამის შესახებ ლეკორნიუმ ფრანგულ გამოცემა Le Journal du Dimanche-თან ინტერვიუში ისაუბრა.
უკრაინისთვის მიწოდებულ უახლეს სამხედრო დახმარებაზე თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ პაკეტი მოიცავს Crotale-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების 2 ბატარეას და 2 ერთეული რამდენიმე რაკეტის გამშვები სისტემა.
Crotale არის ფრანგული მოკლე მანძილზე მოქმედი სარაკეტო სისტემაა, რომელსაც საჰაერო სადესანტო იარაღისა და თვითმფრინავების, საკრუიზო ან ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების, ვერტმფრენების, უპილოტო საფრენი აპარატების ან გამანადგურებელი თვითმფრინავების გასანეიტრალებლად გამოიყენება.
გარდა ამისა ლეკორნიუს ცნობით, უკრაინამ საფრანგეთს სარადარო სადგურებიც სთხოვა და ქვეყანა ახლა ამ კუთხით მუშაობს.
ლეკორნუს თქმით, საფრანგეთის პარლამენტის მიერ მიღებული უკრაინის მხარდაჭერის 200 მილიონი ევროს ღირებულების პაკეტი უკრაინას საშუალებას აძლევს საფრანგეთის თავდაცვითი ინდუსტრიიდან მისთვის საჭირო მასალები შეუკვეთოს.საფრანგეთი ასევე უზრუნველყოფს მიწოდებული აღჭურვილობის შენახვას.
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, საფრანგეთის მიერ გაგზავნილი აღჭურვილობის მოხმარებისთვის საჭირო წვრთნები უკვე გაიარა 400-მა უკრაინელმა სამხედრომ.
„ჩვენი თავდაპირველი მიზანია გავწვრთნათ 2 000 ადამიანი, ჯამში 15 000-დან, როგორც ეს ევროკავშირის დონეზეა შემოთავაზებული. 400 უკრაინელი სამხედრომ უკვე გაიარა წვრთნები, მათ შორის იმ სისტემებზე რომლებსაც ჩვენ ვაწვდით“ – განაცხადა ლეკორნიუმ.
მისი ცნობით, უკრაინისადმი საფრანგეთის სამხედრო დახმარება ჯამში 550 მილიონ ევროს შეადგენს და საფრანგეთი დახმარების კუთხით საუკეთესო 5 ქვეყანაში შედის.
საფრანგეთმა უკრაინას 18 ერთეული Caesar-ის თვითმავალი საარტილერიო ჰაუბიცა, Milan და Mistral რაკეტები, 60-მდე VAB ჯავშანტრანსპორტიორი, HDP-2A2 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი და ბირთვული, ბიოლოგიური და ქიმიური საფრთხეებისგან თავდაცვის შეიარაღება გაუგზავნა.