ბორელის თქმით მომავალი საპარლამენტო არჩევნები საქართველოსთვის გადამწყვეტი ტესტი იქნება
ევროპული საბჭოს სამიტი 17-18 ოქტომბერს გაიმართება
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ჟოზეპ ბორელი “ავტორიტარიზმისკენ გადასვლას” უწოდებს მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” ქმედებებს. ამის შესახებ მან ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ბორელის თქმით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები საქართველოს დემოკრატიის ტესტი იქნება.
“საქართველოში კიდევ უფრო “ბნელი სურათია”, – თქვა მან მოლდოვაზე საუბრის დასრულების შემდეგ და გააგრძელა: “მმართველი პარტიის [“ქართული ოცნების”] ბოლოდროინდელი ქმედებები, განცხადებები და საარჩევნო დაპირებები ქვეყანას ევროპული გზიდან აშორებს, რაც ავტორიტარიზმისკენ გადასვლაა. ამიტომაც ევროინტეგრაციის პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია. თქვენ იცით, რომ ეს გადაწყვეტილება საბჭომ მიიღო, ევროპულ დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობიდან გამომდინარე. მოდი, დაველოდოთ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც იქნება საქართველოს დემოკრატიისა და მისი ევროპული გზის უმნიშვნელოვანესი ტესტი”, – თქვა ჟოზეპ ბორელმა.
ლუქსემბურგში რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, 14 ოქტომბერს საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით გამართულ ყოველთვიურ საგარეო ურთიერთობათა საბჭოზე ერთ-ერთმა მინისტრმა თქვა: “თუ ახლა საქართველოს დავკარგავთ, ძალიან მალე დავკარგათ სომხეთსაც”.
ამასთან, წყაროს ცნობით, სხდომაზე საქართველოზე განსხვავებული მოსაზრებები გაჟღერდა: ნაწილს არ სურს „ძლიერი გზავნილის“ გაგზავნა წინასაარჩევნოდ, ნაწილს კი სურს, ევროკავშირმა ცხადად განაცხადოს, რომ თუკი არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ იქნება, ევროკავშირს ექნება შესაბამისი პასუხი.
სააგენტო Reuters 17-18 ოქტომბერს დაგეგმილი ევროპული საბჭოს სამიტის დასკვნის პროექტის ტექსტზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკავშირის ლიდერები გეგმავენ, გააფრთხილონ საქართველო, რომ მისი მთავრობა საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ გზას.
სააგენტო, ასევე იუწყება, რომ “ევროკავშირი ადასტურებს მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს, მათ ევროპულ გზაზე, მაგრამ ასევე ადასტურებს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი ქმედებების გამო”. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.
საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიების ბლოკებად გაერთიანება აკრძალულია, ერთადერთი გზა არჩევნებში მათი ერთად მონაწილეობისთვის არის საერთო საარჩევნო სიის შექმნა. საარჩევნო სიაში შეიძლება აღმოჩნდეს მხოლოდ არჩევნებში მონაწილე პარტიის წევრი ანდა უპარტიო პოლიტიკოსი.