ბორჯომში, სოფელ ყვიბისთან, ბერის საყდრების მონასტერთან მიმდინარე არქეოლოგიური გათხრებისას, X-XI საუკუნის სარკოფაგი აღმოაჩინეს, რომელიც სავარაუდოდ, იმ პერიოდში მოღვაწე ბერებს ეკუთვნით.
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის თქმით, აღმოჩენილი სარკოფაგი მნიშვნელოვანია როგორც ტაძრის არქეოლოგიური სტრუქტურის, ასევე რეგიონის ისტორიისა და კულტურის შესწავლისთვის. არექოლოგებმა სამარხში მონეტა და კერამიკის ნივთები იპოვეს.
„სარკოფაგების შესწავლა მოგვცემს საშუალებას, გავიგოთ, როგორ იკრძალებოდნენ იმ პერიოდში ბერები. ძალიან საინტერესო იქნება მათი შესწავლა.“ – განაცხადა სააგენტოს დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ.
მისივე თქმით, კვლევითი სამუშაოები ბერის საყდრების მონასტერში წლის ბოლომდე გასტანს, რის შემდეგაც უკვე შესაძლებელი იქნება სარესტავრაციო სამუშაოების დაწყება: „დადგინდა ტაძრის სტრუქტურა, გამოვლინდა არქიტექტურული დეტალები, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ დავიწყოთ სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტზე მუშაობა“.
ბერის საყდრები X-XI საუკუნეებშია აგებული. მის მშენებლობას გრიგოლ ხანძთელის მოწაფეების, თევდორესა და ქრისტეფორეს სამცხეში მოღვაწეობას უკავშირებენ.
წყარო: “სამხრეთის კარიბჭე”