ბრაზილიის ციხიდან 60 პატიმარი გაიქცა
ბრაზილიის ქალაქ ლონდრინას ციხიდან 60-ზე მეტი პატიმარი გაიქცა.
შტატ პარანას სამოქალაქო პოლიციის ინფორმაციით, ტუსაღებმა საკნის კედელში ხვრელი გათხარეს, სამორიგეოში შეაღწიეს და დაცვის თანამშრომელი მძევლად აიყვანეს. ამის შემდეგ, მათ სპეციალურ ოთახში განთვსებული ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ტყვიაგაუმტარი ჟილეტები ხელში ჩაიგდეს.
ციხიდან გასვლის შემდეგ, პატიმრები ქუჩაში მძღოლებს დაესხნენ და ავტომობილები წაართვეს.
პოლიციამ 23 გაქცეული პატიმარი უკვე დააკავა. როგორც ბრაზილიური ტელეარხი Globo გადმოსცემს, ციხე გადავსებული იყო, მასში სასჯელს 120 ადამიანი იხდიდა, მაშინ, როცა პროექტის მიხედვით, სატუსაღოში მხოლოდ 24 პატიმრის გაჩერება შეიძლებოდა.