ბრძოლა ბახმუტისთვის-ეს არის ცალკე ომი ამ ომში

რუსები ნელ-ნელა ბახმუტს იკავებენ – სტატიას ამის შესახებ დასავლური გამოცემა BBC ავრცელებს. როგორც გამოცემა იუწყება, რუსულმა ძალებმა ბახმუტზე თავდასხმა გააძლიერეს, რადგან სურთ, ომის ერთი წლის თავზე მაინც დაამყარონ კონტროლი ამ ქალაქზე.
ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის კორესპონდენტის განცხადებით ბრძოლა ბახმუტისთვის, ეს არის ცალკე ომი ამ ომში.
როგორც BBC წერს, თუკი ბახმუტის დამცველები უკან დაიხევენ, ეს რუსეთს მისცემს შესაძლებლობას, დაიწყოს შეტევა დონეცკის ოლქის უფრო დიდ ქალაქებზე, როგორიცაა კრამატორსკი და სლავიანსკი.
უკრაინის 93-ე ბრიგადის კაპიტნის განცხადებით, მათ აქვთ ყველანაირი იარაღის დანაკლისი, განსაკუთრებით, კი საარტილერიო ჭურვების. თუმცა მიუხედავად რუსული აგრესიის გაძლიერებისა და საბრძოლო მასალის ნაკლებობისა, უკრაინული არმია მტკიცედ ინარჩუნებს პოზიციას ბახმუტში.
ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის განცხადებით, ლუჰანსკის ოლქში, უახლოეს დღეებში რუსების მასიური თავდასხმებია მოსალოდნელი.
“ლუჰანსკის რეგიონში, უახლოეს დღეებში რუსების მასიური თავდასხმებია მოსალოდნელი, რადგან ოკუპანტებს სურთ, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბრძანება შეასრულონ.
ოკუპანტებმა უკვე შეკრიბეს დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალა და აღჭურვილობა. უკრაინელი დამცველები მზად არიან მტრის მოსაგერიებლად”, – თქვა ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
6 თებერვალს, ჰაიდაიმ განაცხადა, რომ რუსეთის შეტევები, 15 თებერვლის შემდეგ, შესაძლოა, ნებისმიერ დროს იყოს მოსალოდნელი. მისი თქმით, ხელისუფლება ხედავს, რომ ოკუპანტები ამ მიმართულებით სულ უფრო მეტ რეზერვს აგროვებენ. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ, ლუჰანსკისა და დონეცკის რეგიონებში სულ უფრო მეტი აღჭურვილობა ფიქსირდება, რომელსაც რუსები მალავენ.
ოკუპანტების ბუნტის ჩასახშობად, ხერსონის ოლქის ოკუპირებული ნაწილის სამხრეთით, 200 რუსი გვარდიელი ჩაიყვანეს – ამის შესახებ სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალების გაერთიანებული საკოორდინაციო პრესცენტრის ხელმძღვანელმა, ნატალია გუმენიუკმა საინფორმაციო ტელემარათონის ეთერში განაცხადა.
„წინასწარ, იქ გაგზავნეს რუსეთის გვარდიის 200-მდე ჯარისკაცი, რათა გაეძლიერებინათ ზეწოლა ადგილობრივ მოსახლეობაზე და წესრიგში მოეყვანათ ქვედანაყოფები, სადაც ამბოხის სურვილი იღვიძებს. “- განაცხადა მან.
გუმენიუკის თქმით, საოკუპაციო შენაერთების მორალური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა არც თუ ისე მაღალია – დაბნეულები არიან, არ ემორჩილებიან ბრძანებებს – ამბობს ის.